• Ƀ/$

ბაზრები მოლოდინში – რას გადაწყვეტს ფედრეზერვი

30 აპრილი 17:37, 2018 წელი | ფინანსები

ამ კვირაში, სავალუტო ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ფედრეზერვის სხდომა იქნება, რომელზეც შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი, დოლარის საპროცენტო განკვეთზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ინვესტორები ელიან, რომ ამ სხდომაზე ფედრეზერვის განაკვეთს უცვლელად დატოვებს. სავარაუდოდ, დოლარზე საპროცენტო ინტერესი ივნისის სხდომაზე გაიზრდება. ამიტომ, ანალიტიკოსები და ინვესტორები სხდომის შემდგომ განცხადებაში ამის თაობაზე მინიშნებებს დააკვირდებიან. ასეთად გამოდგება, მაგალითად, თავდაჯერებულობა ეკონომიკის და ინფლაციის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით.


გასულ თვეში ამერიკულმა დოლარმა პოზიციები გაიმყარა. უფრო მეტიც, მისი ზრდის ტემპი, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი იყო. ეს კი, პირველ რიგში, სახელმწიფოს 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების მომგებიანობის 3%–იანი ზღვრის გადალახვას მოჰყვა. თუ ინვესტორები ირწმუნებენ, რომ ფედრეზერვი ივნისში დოლარზე განაკვეთის გაზრდას აპირებს, ეს ამერიკული ვალუტის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.


გარდა ამისა, აშშ-ის შრომის დეპარტამენტი, შრომის ბაზრის სტატისტიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, რომლებსაც ფედრეზერვი, თავისი გადაწყვეტილების მიღებისას, ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა, შრომის ბაზრის აპრილის სტატისტიკა ფედრეზერვის სხდომაზე ორი დღის დაგვინებით გამოქვეყნდება.


მარტში ახალი სამუშაო ადგილების რიცხვთან დაკავშირებით, ინვესტორთა მოლოდინი არ გამართლდა. თუმცა, ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ამერიკაში შრომის ბაზარი საუკეთესო მდგომრეობაშია, უმუშევრობა კი ძალიან დაბალ (4.1%) ნიშნულზეა. მეტიც – ანალიტიკოსების პროგნოზით, აპრილში ის 0.1 პროცენტით უნდა შემცირებულიყო.


ყველაზე მთავარი კი საათობრივი ანაზღაურების ზრდის ტემპის მაჩვენებელია. მარტში ის 0.3% იყო, ამჯერად კი ბაზარი 0.2%–ს ელოდება. ანაზღაურების ზრდა პირდაპირ უკავშირდება მომხმარებელთა თავდაჯერების და ამის კვალობაზე, ინფლაციის ზრდის ტემპის გაუმჯობესებას.


პარალელურად, უოლ სტრიტზე, S&P 500-ის კომპანიები საკუთარი მოგების მონაცემებს აქვეყნებენ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი „ეპლის“ მონაცემებია, რომელსაც „აიფონის“ გაყიდვები შეუმცირდა, რამაც მისი შედეგებიც უნდა გააუარესოს. მის გარდა, მოგების მაჩვენებლებს „მაკდონალდსი“, „ტესლა“, „მასტერქარდი“, „ალიბაბა“ და სხვა კომპანიები გამოაქვეყნებენ.


ევროპაში ყველაზე საინტერესო, ევროზონის ინფლაციის მაჩვენებლების სტატისტიკა იქნება. მათ ყურადღებით აკვირდება ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც ევროს საპროცენტო განაკვეთთან და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, სწორედ ინფლაციის გათვალისწინებით მიიღებს.


ბრიტანეთი მრეწველობის სფეროს აპრილის მონაცემებს აქვეყნებს, რასაც მშენებლობის სექტორის მაჩვენებლები მოჰყვება. ბრიტანეთის ეკონომიკა 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ტემპით იზრდება და ინვესტორებს აინტერესებთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ ქვეყანა შეძლებს განვითარების უფრო მაღალ ტემპზე გადასვლას. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისის ბანკი თავის მაისის სხდომაზე.


სხვა სიახლეები