• Ƀ/$

რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა

1 მაისი 11:32, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სამშაბათის სხდომაზე რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი 7.25%–იან ნიშნულზე დატოვა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით,  სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს შენარჩუნდება. თუმცა სების განმარტებით სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკი კვლავ არსებობს, რის გამოც კომიტეტმა  ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია. პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.


ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ჯამურად 5.2 პროცენტი იყო. არსებული პროგნოზებით, გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც მოსალოდნელია შედარებით მაღალი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებას მის პოტენციურ დონესთან.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართება. 


 


მსგავს თემაზე: 


ბაზრები მოლოდინში – რას გადაწყვეტს ფედრეზერვი


სხვა სიახლეები