• Ƀ/$

საქართველო და ლუზოფინური სამყარო

5 მაისი 13:00, 2018 წელი | ანალიტიკა

CPLP (Comunidade dos Países de Língua Portuguesa) არის პორტუგალიურენოვანი, იგივე ლუზოფონური სამყარო, რომელიც ოთხ კონტინენტს მოიცავს.

მათ შორის - ევროპას (პორტუგალია), ამერიკას (ბრაზილია), აფრიკას (ანგოლა, მოზამბიკი, გვინეა-ბისაუ, კაბო ვერდე, სან ტომე და პრინსიპი, ეკვატორული გვინეა) და აზიას (აღმოსავლეთ ტიმორი, ასევე 1999 წლიდან ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი მაკაუს სპეციალური ავტონომიური რეგიონი და ინდოეთის შტატი გოა, პროვინცია დამანი), შესაბამისად თანამეგობრობაც ოთხ კონტინენტზეა განფენილი.


პორტუგალიური ენა მსოფლიოში მეექვსე ყველაზე გავრცელებული ენაა, მასზე 260 მილიონზე მეტი ადამანი საუბრობს; 9 ქვეყანაში პორტუგალიური სახელმწიფო ენაა, აღსანიშნავია აგრეთვე, რომ პორტუგალიური ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური ენაა, როგორიცაა African Union, MERCOSUR, Organization of American States და სხვ.


პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობა 1996 წლის 17 ივლისს ქ. ლისაბონში დაფუძნდა. თავდაპირველად ის 7 სახელმწიფოს აერთიანებდა, თუმცა, ამჟამად ორგანიზაციის წევრების რაოდენობა შეადგენს 9 სახელმწიფოს.


CPLP სპეციფიკური დახურული გაერთიანებაა, მისი წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ პორტუგალიურენოვანი სახელმწიფო. ის შედგება თავად პორტუგალიის და პორტუგალიის ყოფილი კოლონიებისგან. ცხადია, ორგანიზაციის ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესები და დღის წესრიგი აქვს.


თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრ გლობალურ საკითხზე CPLP შეჯერებულ და შეთანხმებულ ერთიან პოზიციას აფიქსირებს.


აქვე უნდა აღინისნოს, რომ ორგანიზაციის მუშაობაში ჩართულობის სურვილი დღითი დრე იზრდება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი, რომელიც ხელს უწყობს არაწევრ სახემწიფოებს ორგანიზაციის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების ლობირება.


მიმდინარე პერიოდისთვის 17 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია სარგებლობს CPLP-ში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით.


2014 წელს CPLP-ში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს. საქართველოსთან ერთად აღნიშნული სტატუსი მიირეს იაპონიამ, ნამიბიამ და თურქეთმა.


რაც შეეხება თავად პორტუგალიას, იგი კულტურული დიპლომატიის გზით ცდილობს, გარკვეული გავლენა შეინარჩუნოს ექს-კოლონიებზე, ამავდროულად საერთაშორისო ასპარეზზე პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების ერთ მონოლითურ ჯგუფად მოქმედების შედეგად გაზარდოს საკუთარი საერთაშორისო წონა.


ლისაბონისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება, ამას გარდა, პორტუგალია, როგორც ევროკავშირის და ნატო-ს წევრი-სახელმწიფო, დამატებითი დიპლომატიური აქტივობის სივრცეს იძენს CPLP-ის სხვა სახელმწიფოებსა და, ერთი მხრივ, ევროკავშირს და, მეორე მხრივ, ნატო-ს შორის. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიას ერთხმად დაუჭირეს მხარი და სამ კონტინენტზე მისი კანდიდატურის სასარგებლოდ კამპანიას აქტიურად აწარმოებდნენ ორგანიზაციის ქვეყნები 2010 წელს, როცა პორტუგალია არჩეული იქნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად (2012-14 წწ.).


საქართველო


2014 წლის 23 ივლისს, აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქ დილიში გამართულ პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP -Comunidade dos Países de Língua Portuguesa) სამიტზე საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის ასოცირებული დამკვირვებელი გახდა.


2012 წლის დასაწყისში ყველა საკითხი საქართველოსა და CPLP-ს შორის მოგვარებული იყო და იმავე წლის ივლისის მაპუტუს სამიტზე საქართველოს დასწრება და შესაბამისად ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის მიღება შეეძლო. თუმცა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მაშინ ეს ვერ მოხერხდა და ბუნებრივად გადაიდო შემდეგი სამიტისთვის.


მაინც რატომ არის საინტერესო ლუზოფინური სამყარო საქართველოსთვის? რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსს CPLP-ში? 


პორტუგალიის, ბრაზილიის, ანგოლას და კაბო ვერდეს მაგალითების განხილვა ნაწილობრივ იძლევა პასუხს ამ კითხვებზე, თუმცა, მოქმედების სივრცე და პერსპექტივა, რასაც CPLP ხსნის, საქართველოსთვის გაცილებით ფართოა.


უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველოს არ ძალუცს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში დიპლომატიური მისიის გახსნა, ჩვენგან ძალიან შორს მდებარე ქვეყნებში საელჩოს ან საკონსულოს ფუნქციონირება ფინანსურ და სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასეთ ქვეყნებთან საქართველოს შეხვედრის ადგილი გაერო-ს შტაბ-ბინა ან სხვა მრავალმხრივი ფორმატია. CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებლობა ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებთან შეხვედრის მეორე ადგილს აჩენს. ლისაბონი, სადაც პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის შტაბ-ბინაა განთავსებული, ლუზოფონურ სამყაროსთან საქართველოს მუდმივი კონტაქტის და დიპლომატიური აქტივობის სივრცე უნდა გახდეს.


საქართველოს საელჩოები ბრაზილიასა და პორტუგალიაში 2010 წელს გაიხსნა. სხვა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებში საქართველოს წარმომადგენლობა არ აქვს.  ორგანიზაციის სხვა წევრ-სახელმწიფოებთან ურთიერთობების დღევანდელი მდგობარეობიდან გამომდინარე, CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი,  შეიძლება ითქვას, დღის წესრიგში მათი არსებობის აუცილებლობას ამ ეტაპზე არ აყენებს.


CPLP-ის ქვეყნებთან ურთიერთობაში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელება. თუ პორტუგალიის, ევროკავშირის წევრისა და ნატო-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის  და ბრაზილიის მხრიდან ეს გამორიცხულია, ასეთივე სიმშვიდით ვერ ვიქნებით სხვა ლუზოფონურ სახელმწიფოებთან მიმართებაში.


რუსეთი ფაქტიურად არასოდეს შეწყვეტს სხვადასხვა ტიპის თხოვნებსა თუ შანტაჟს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. CPLP-ის ფორმატი საშუალებას იძლევა ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოები მუდმივი კონსულტაციების და მონიტორინგის რეჟიმში იყვნენ თბილისის მხრიდან.


აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ სან ტომე და პრინსიპი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც ტაივანის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. საქართველოსთვის საყურადღებო უნდა იყოს პოლიტიკურად არასტაბილური გვინეა-ბისაუ, სადაც ხშირია სამხედრო გადატრიალებები და პოლიტიკური ქაოსი, რაც თავისი ინტერესებისთვის შეიძლება გამოიყენოს რუსეთის ფედერაციამ. პორტუგალიის შუამდგომლობა და CPLP-ის ინსტრუმენტები ამ მხრივ საუკეთესო პრევენციას წარმოადგენს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნახსენებ ბერკეტებს წინა წლებში საქართველო ეფექტურ უტილიზაციას უწევდა და რუსეთის თხოვნებზე პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების მხრიდან უარის ფაქტებიც გვახსოვს.


არაღიარების პოლიტიკის გარდა CPLP-ის სახელმწიფოებთან უფრო ინტენსიური განხილვის და შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2011 წელს მიიღო გვინეა-ბისაუს მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლებში დაიკარგა.


საქართველოსთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვა რომელიმე საკითხზე საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია, რისთვისაც CPLP-ის ფორმატი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების დადებითი პოზიციის მოპოვების მეტ შესაძლებლობას იძლევა.


CPLP და მისი წევრი-სახელმწიფოები ინდივიდუალურად შესაძლოა საქართველოსა და იმ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი ხიდი გახდეს, სადაც საქართველო ნაკლებად არის წარმოდგენილი (მაგ: აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია). ამას გარდა, CPLP-ის ქვეყნები არიან ბევრი ისეთი რეგიონალური ორგანიზაციის წევრი (მაგ:ECOWAS), სადაც საქართველოს წვდომა შეზღუდულია და CPLP-ის სახელმწიფოებთან კავშირი შეიძლება პოზიტიურად იქნეს გამოყენებული.


საქართველოსთვის მნიშვნელოვანია CPLP-ის სახელმწიფოებთან ურთიერთობების ეკონომიკური განზომილება. ინვესტიციების მოზიდვის გარდა, CPLP-ის ბაზრები იძლევა სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის პოტენციალს, რაც ასევე წარმატებით შეიძლება გამოიყენოს საქართველომ, მისმა მეწარმეებმა და მოქალაქეებმა. CPLP-ის ქვეყნებს აქვთ დეფიციტი როგორც კვალიფიციური მუშახელის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების (მაგ: ექიმების, ექთნების, ინჟინრების, პედაგოგების, IT სპეციალისტების და ა.შ.), ასევე პროდუქციის და სერვისების მიწოდების კუთხით, რაც შეიძლება საქართველომ შეავსოს. დემოკრატიული ტრანსფორმაციის და სახელმწიფო სექტორის რეფორმის ქართული გამოცდილების ექსპორტირება სახელმწიფოს ნების შემთხვევაში დღესვე დასაწყებია.


საქართველოს შეუძლია იყოს ინვესტიციების და გამოცდილების, პროდუქციის და სერვისის არამარტო მიმღები, არამედ გამცემიც.


აღსანიშნავია, რომ პორტუგალიურენოვანი აფრიკული ქვეყნების პოლიტიკური ელიტის ნაწილს განათლება მიღებული აქვს ყოფილ სსრკ-ში, მათ შორის საქართველოშიც. ბევრი მათგანისთვის თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები კეთილ მოგონებად რჩება. ეს ემოციური კავშირი შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკურ კაპიტალად იქცეს. ტერიტორიულად მცირე სახელმწიფოსთვის სამყაროს სხვადასხვა წერტილში მეგობრების ყოლა, მათ შორის პოლიტიკურ ელიტებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობას შეუძლია უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას და უმაღლეს სასწავლებლებში ქვოტები გამოუყოს  CPLP-ის ქვეყნების ახალგაზრდებს. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს გაზრდის საქართველოს მეგობრების რიცხვს.


წყარო: საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი.


ავტორი: გია ჯაფარიძე


სხვა სიახლეები