სოფლის მეურნეობა
საძოვრები
„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1713435235

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.


სხვა სიახლეები
ღვინის ექსპორტი
გერმანიაში ღვინის ექსპორტი 31%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები.5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ,  დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია  მიმდინარე წელსაც გრძელდება.ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ  კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა.

ეკონომიკა 1713856464

ოკტოპუს
"ოკტოპუს ფიტნეს კლუბმა“ ფრანჩაიზით საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმაზე მუშაობა განაახლა

"ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი" პანდემიის დროს შეჩერებულ გეგმებს აგრძელებს. კლუბის დირექტორის გიორგი ასათიანის განცხადებით, ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ფრანჩაიზით გატანა სტრატეგიული განვითარების გეგმებში ისევ არის.როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, ბრენდის გატანა რეგიონის მასშტაბით განიხილება.“გეგმაში არის უცხოურ ბაზარზე გასვლა, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია ეს, რადგან სწორად სჭირდება შერჩევა იმ ბაზარს, რომელზეც “ოკტოპუსი” გაამართლებს. დაახლოებით, 2-3 წლიანი გეგმაშია აღნიშნულის განხორციელება. ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით რომელ ქვეყნებში ვაპირებთ”, - აცხადებს გიორგი ასათიანი.გარდა ამისა, კლუბის დირექტორის თქმით, “ოკტოპუსი” საერთაშორისო ბრენდ Lifefitness-თან თანამშრომლობს, რომელიც სპეციალურად მათთვის ტრენაჟორებს კალიფორნიაში ამზადებს."შარშან, მსოფლიო მასშტაბით,  Lifefitness-ის ტოპ 10 დიზაინ-კლუბში გავედით და მიწვეული ვიყავით ბარსელონაში, სადაც გადმოგვცეს ჯილდოები და გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება. მათი მხრიდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ", - აღნიშნა ასათიანმა.ცნობისთვის, "ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი" ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ფრანჩაიზით გატანას 2020 წელსაც განიხილავდა, თუმცა პროექტი, პანდემიის გამო, შეჩერდა.ფიტნეს კლუბი "ოკტოპუსი" 2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 5 ფილიალით არის წარმოდგენილი და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე, კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.

ბიზნესი 1713856216

მარიამ ქვრივიშვილი
"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მზარდი იყოს" - მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის.„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მზარდი იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სვანეთს ოთხივე სეზონზე კიდევ უფრო მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდეს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვატარებთ არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას, იქნება ეს სამთო - სათხილამურო, კულტურული თუ სხვა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს სვანეთში. ამისთვის, რა თქმა უნდა, შიდა ფრენების სტიმულირება - ჩვენ ვაგრძელებთ მეტი სიხშირით ფრენას და ვახდენთ შიდა ფრენების ტარიფის სუბსიდირებას იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს შიდა ფრენა სვანეთიდან და სვანეთამდე, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ახალი ტერმინალის მშენებლობას, რომელიც იქნება უფრო დიდი და შეძლებს მეტი მგზავრის გატარებას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ტერმინალი შეძლებს, არა მხოლოდ დღეს არსებული მგზავრების რაოდენობის მომსახურებას, არამედ მგზავრთნაკადის სამომავლო ზრდაზეცაა გათვლილი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მესტიის აეროპორტის გაფართოება და  ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს  საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით  გადაადგილებას, ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან  ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც.მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 18 პრეტენდენტი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესოდ კომპანია  Green Studio - ს პროექტი დასახელდა.„გამარჯვებული პროექტი მოუხდება სვანეთს და მის ბუნებას, გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, მესტიას ექნება მსოფლიოში გამორჩეულად ორიგინალური და რეგიონის ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული დიზაინის მქონე შიდა აეროპორტი,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბიზნესი 1713855843

შატო „თეთრი ბაირაღები“
შატო „თეთრი ბაირაღები“ 2.5 მლნ დოლარად იყიდება

კახეთში მდებარე შატო „თეთრი ბაირაღები“ 2.5 მლნ დოლარად იყიდება. უძრავი ქონება ორ სასტუმროს შენობას, რესტორანს, მარანს და სხვა სივრცეებს მოიცავს, რომელიც 1000 კვ.მ.-ს შეადგენს, ეზოს ფართი კი 4000 კვ.მ-ია. უძრავი ქონება გასაყიდად „მეგს ბიზნეს ჯგუფის“ ვებგვერდზეა გამოტანილი, სადაც ნათქვამია, რომ სასტუმროს აქვს 14 ნომერი, რომელიც ერთდროულ რეჟიმში იღებს 35 პერსონას, რესტორანი კი შიდა და გარე პერიმეტრზე მასპინძლობს 100 მომხმარებელს.„შენობის საერთო ფართობი: 1000მ2. რაც მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს: ორი სასტუმროს შენობა, რესტორანი, სამზარეულო, მარანი, საუნა, არყის გამოსახდელი ნახევრად ღია ტიპის შენობა, თავისი ბუხრითა და თონით, ფანჩატური, საქეიფო სივრცე, აუზი. ეზოს საერთო ფართობი: შეადგენს არასასოფლო დანიშნულების 4000მ2. მიწის ნაკვეთს, რომელიც იდეალურად არის დაგეგმარებული და გამოყოფილი ულამაზესი სივრცეებით მთელს ტერიტორიაზე, სხვადასხვა გამწვანებითა და მოპირკეთებით. გაშენებულია დეკორატიული ხე_მცენარები, ყვავილნარი, საჩვენებელი ვენახი.  გაშენებულია საჩვენებელი ვენახი, 6 წლის ვაზი, რამდენიმე სახეობა: ქისი, მწვანე, რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ხიხვი, საფერავი. იძლევა მოსავალს 2 ტონამდე“, - ნათქვამია ქონების აღწერაში.შპს „შატო თეთრი ბაირაღების“ დირექტორია გიორგი ლაფაური. კომპანიაში წილის მფლობელები არიან: გიორგი ლაფაური (50%), მიხეილ ლაფაური (35%) და დიანა კამკია (15%).

სხვადასხვა 1713855751

საწვავი
10 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევაში მონაწილეთაგან 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს.რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს.კვლევის მიხედვით, ბენზინი ყველაზე ძვირი შემდეგ 10 ქვეყანაშია: 🔵 ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 3.01 დოლარი🔵 სინგაპური - 2.09 დოლარი🔵 ფინეთი - 2.08 დოლარი🔵 ნიდერლანდები - 2.06 დოლარი🔵 შვეიცარია - 2.05 დოლარი🔵 ალბანეთი - 2.05 დოლარი🔵 დანია - 2.04 დოლარი🔵 საბერძნეთი - 2.04 დოლარი🔵 ურუგვაი - 2.01 დოლარი🔵 ნორვეგია - 1.96 დოლარირაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია, ათეული ასე გამოიყურება:🔵 ლიბია - 0.03 დოლარი🔵 ეგვიპტე - 0.25 დოლარი🔵 ალჟირი - 0.33 დოლარი🔵 ქუვეითი - 0.34 დოლარი🔵 მალაიზია - 0.43 დოლარი🔵 ვენესუელა - 0.50 დოლარი🔵 ყაზახეთი - 0.52 დოლარი🔵 ბოლივია - 0.54 დოლარი🔵 კატარი - 0.57 დოლარი🔵 რუსეთი - 0.57 დოლარი.

საზოგადოება 1713855131

გაყინული ქათამი
ჩინეთიდან გაყინული ქათმის ნაწარმის იმპორტი იზრდება - რა უჯდება ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი

2024 წლის პირველ სამ თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაყინული ქათმისა და მისი ნაწარმის იმპორტი 9.4%-ით შემცირდა. კერძოდ, გასული წლის იანვარ-თებერვალ-მარტში თუ 13 665 ტონა (21,203 მლნ დოლარი) ქათმის ნაწარმი შემოვიდა ქვეყანაში, წელს მაჩვენებელი 12 997 ტონას გაუტოლდა (19,219 მლნ დოლარი).აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გაყინული ქათმისა და მისი ნაწარმის საიმპორტო ფასი 6%-ით შემცირდა. მაგალითად, გასულ წელს 1 კგ-ის იმპორტი 1,6 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 1,5 დოლარი.მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში გაყინული ქათამი და მისი ნაწარმი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან შემოვიდა: 🔵 ბრაზილია - 2,692 ტონა (3,654 მლნ დოლარი)🔵 ჩინეთი - 1,832 ტონა (3,296 მლნ დოლარი)🔵 თურქეთი - 1,722 ტონა (2,937 მლნ დოლარი)🔵 გერმანია - 1,443 ტონა (1,937 მლნ დოლარი)🔵 უკრაინა - 1,114 ტონა (1,755 მლნ დოლარი)მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის ჯამურ მაჩვენებელში ბრაზილია ლიდერობს, თვიურად ბრაზილიიდან იმპორტირებული სასურსათო ქათმისა და მისი ნაწარმის რაოდენობა მცირდება, ჩინეთიდან კი იზრდება. კერძოდ, მაჩვენებლები ასე გამოიყურება:🔵 იანვარი: ბრაზილია - 1,358 ტონა (1,98 მლნ დოლარი); ჩინეთი - 447 ტონა (807 ათასი დოლარი).🔵 თებერვალი: ბრაზილია - 716 ტონა (938 ათასი დოლარი); ჩინეთი - 557 ტონა (1 მლნ დოლარი).🔵 მარტი: ბრაზილია - 618 ტონა (736 ათასი დოლარი); ჩინეთი - 827 ტონა (1,488 მლნ დოლარი).რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 2,362 მლნ დოლარის 1,410 ტონა ქართული წარმოების გაყინული ქათამი და მისი ნაწარმი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 2,694 მლნ დოლარის 1,496 ტონა. მონაცემები აჩვენებს, რომ ადგილობრივი ექსპორტი 12%-ით არის შემცირებული.ამასთანავე, გასულ წელს საქართველოს 1 კგ გაყინული ქათმისა და მისი ნაწარმის ექსპორტი 1,8 დოლარი უჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 1,7 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ საექსპორტო ფასი 5.5%-ით არის შემცირებული.

ეკონომიკა 1713854774