• Ƀ/$

სომხეთის ცენტრალური ბანკი მოსახლეობას სისტემის სტაბილურობაში არწმუნებს

2 მაისი 17:16, 2018 წელი | ფინანსები

სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს საფინანსო სისტემის მძიმე მდგომარეობის შესახებ.

მთავარი მარეგულირებელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს, არ შეუწყონ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებით.


განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ცენტრალური ბანკი აპოლიტიკური სტრუქტურაა, რომელსაც ორი მთათვარი მიზანი აქვს – ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა.


„დღეს ზოგიერთმა მედიასაუშალებამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გამოხატა შიში ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით და მეანაბრეების მიერ ბანკებიდან თავისი სახსრების ვადაზე ადრე გატანის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან დაკავშირებით ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საბანკო სისტემა სომხეთში ქმედითი და შემდგარია, სისტემაში არ არსებობს ნაღდი ფულის პრობლემა, რეზერვები ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.


„ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და ნუ შეგაშფოთებთ გავრცელებული დეზინფორმაცია“, – აცხადებს ცენტრალური ბანკი.


სომხეთში 13 აპრილს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე 23 აპრილს თანამდებობა დატოვა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა სერჟ სარგსიანმა. იმავე დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მთავრობის გადადგომის ბრძანებას მოაწერა ხელი.


სომხეთის სატრანსპორტო მაგისტრალები, როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო პარალიზებულია. საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით დღეს ახალი ტალღით გამოვიდნენ, პარლამენტის მიერ პრემიერის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის გუშინდელი ჩაგდების შემდეგ, გადაკეტილი აქვთ საქართველოსთან და ირანთან დამაკავშირებელი სასაზღვრო და საბაჟო პუნქტებიც.


მსგავს თემაზე:


საქართველო–სომხეთის საზღვარი პარალიზებულია – პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური შედეგი


სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება


წერილი კრემლში – სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფაქტობრივ ხელმძღვანელს


სხვა სიახლეები