• Ƀ/$

უმუშევრობის პარალელურად ანაზღაურებაც შემცირდა

4 მაისი 18:06, 2018 წელი | ანალიტიკა

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა ქვეყნის შრომის ბაზრის აპრილის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი, მოსალოდნელზე ნაკლებია - 164 000.

პროგნოზით 189 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო ნავარაუდები. დაზუსტების შემდეგ, წინა თვის მაჩვენებელი 135 000-მდე გაიზარდა (103 000-დან).


ახალდასაქმებულთა რიცხვის კვალობაზე, შემცირდა უმუშევრობის დონე, რომელიც 2000 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, ქვეყანაში შრომის უნარის მქონე მოსახლეობიდან, უმუშევართა წილი მხოლოდ 3.9 პროცენტია. მარტში ეს მაჩვენებელი 4.1% იყო, პროგნოზი კი 4%–ს ვარაუდობდა. სწორედ უმუშევრობის დონის შემცირებაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალდასაქმებულთა რიცხვი კლებულობს.


რაც შეეხება საათობრივი ანაზღაურების ზრდის ტემპს, ამ მხრივაც კლება დაფიქსირდა. კერძოდ, ხელფასის ზრდის ტემპი მხოლოდ 0.1%–ით არის გაზრდილი. პროგნოზიც და წინა თვის მაჩვენებელიც 0.2 პროცენტი იყო. ამასთან, მარტში ანაზღაურების ზრდის ტემპი, დაზუსტების შემდეგ, 0.3-დან 0.2 პროცენტამდე შემცირდა.


სახელფასო ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2.6 პროცენტია, რაც პროგნოზულზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. დაზუსტების შემდეგ, მარტის ანალოგიური მაჩვენებელი 2.7-დან 2.6 პროცენტამდე შემცირდა.


სწორედ ხელფასის ზრდის ტემპია ის ძირითადი მაჩვენებელი, რომელსაც ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მეტად ითვალისწინებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ხელფასის მაღალი ტემპით ზრდა მომხმარებელთა თავდაჯერებულობას აუმჯობესებს და ინფლციის ზრდას უწყობს ხელს. ეკონომისტების გათვლებით, ინფლაციის სტაბილური და კონტროლირებადი ზრდისთვის, საათობრივი ანაზღაურების 0.3 პროცენტით ზრდაა საჭირო.


სხვა სიახლეები