• Ƀ/$

„მოდი აქ“ – აშშ–კანადის მარიხუანის ომი

5 მაისი 15:39, 2018 წელი | ანალიტიკა

აშშ და კანადა მარიხუანის ლეგალურ ბაზარზე პირველობისთვის იბრძვიან. დღემდე ამ ბაზარზე შტატები ლიდერობს, მაგრამ კანონმდებლობა მეწარმეებს უცხოურ ბაზრებს უზღუდავს. კანადა კი ამ ბაზრებს აქტიურად ითვისებს.

ამ გზის კანადა მსოფლიო პირველობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ამ „ომში“ გამარჯვებულს დრო გვიჩვენებს.


ბალახი სახლთან


კანაბისის ლეგალიზებამ ამ ბალახით გლობალური ვაჭრობის დაწყვება მხოლოდ დროის საკითხად აქცია. მარიხუანის გლობალური ბაზრის კაპიტალიზაციამ 2017 წლის ბოლოსთვის $7,7 მლრდ შეადგინა. ექსპერტების მტკიცებით, ეს ბაზარი ყოველწლიურად 60%–ით გაიზრდება და 2021 წლისთვის $31,4 მლრდ–ს მიაღწევს.


2017 წლის ბოლოსთვის ლეგალური კანაბისის ბაზრის 90% აშშ–ს ეკავა. ამას ამერიკის შტატებში მარიხუანას ლეგალიზების ტალღამ და გასაღების დიდმა ბაზარმა შეუწყო ხელი: დღეისათვის კანაბისი აბსოლუტურად ლეგალურია 9 შტატში და კოლუმბიის ოლქში. კიდევ 20–მდე შტატში დაშვებულია მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება.


შიდა ბაზარზე გასაღების დიდი მაჩვენებლების მიუხედავად, ამერიკელი მეწარმეები შეზღუდული არიან გლობალური ბაზრის აწყობაში – მარიხუანის ფედერალური კანონით აკრძალვის გამო.


მარიხუანის ბაზრის კვლევებით დაკავებული ორგანიზაციის  Brightfield Group მონაცემებით, საზღვარგარეთ კლიენტების დაკარგვის გამო ამერიკელი მწარმოებლები სამ წელიწადში ბაზრის წილის ერთ მესამედს დაკარგავენ და 57%–ზე ჩამოვლენ. ბაზრის წილს შტატებს უახლოესი მეზობელი კანადა ართმევს, რომელიც ამერიკული კანონმდებლობის გამო მსოფლიოში ლეგალური კანაბისის ნომერ პირველი მიმწოდებელი გახდება.


მწვანე ფრონტი


კანადაში მარიხუანა ეროვნულ დონეზე ლეგალიზებული ჯერ არ არის – ამ მოვლენას 2018 წელს ელიან, რითაც ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ჯასტინ ტრუდოს წინასაარჩევნო დაპირება ასრულდება. თუმცა, ლიცენზირებულ კანადელ მწარმოებლებს დღეს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ამ პროდუქტის უცხოეთში გატანა. ამის საფუძველს მათ 2001 წელს მიღებული კანონი აძლევთ, რომელიც სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზებას ითვალისწინებს.


ეს კი კანადელ მწარმოებლებს ამერიკელ კონკურენტებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. კანადელი მწარმოებლები თავისუფლად გადიან უცხოურ ბირჟებზეც, მათ შორის აშშ–ში. ამერიკული კანონმდებლობის გამო კი ადგილობრივ მწარმოებლებს თავისი პროდუქციის გატანა მხოლოდ კანადის ბირჟაზე შეუძლიათ.


ინვესტორების დიდმა დაინტერესებამ გამოიწვია ის გარემოება, რომ მარიხუანის კანადური მწარმოებლები მაღალი ტემპით იზრდებიან. დღეს არა მხოლოდ კანადაში, არამედ მსოფლიოში უდიდეს კომპანიად ამ სფეროში კანადური Canopy Growth Corp გვევლინება, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ აპრილში $4,5 მლრდს მიაღწია, ხოლო მისი აქციების ფასი ერთ წელიწადში 226%–ით გაიზარდა. კომპანიის მოგებამ გასულ წელს $31 მლნ შეადგინა. მისი უახლოესი კონკურენტის Aurora Cannabis კაპიტალიზაცია $3,7 მლრდ–ს შეადგენს და მისი აქციების ფასი ერთ წელიწადში 234%–ითაა გაზრდილი. კანაბისით მოვაჭრე მესამე უმსხვილესი კანადური კომპანიაა Aphria Inc. – კაპიტალიზაციით $1,7 მლრდ, ხოლო კქციების ფასის ზრდით – 111%. შედარებისთვის, კანადური ავიაგიგანტის Air Canada კაპიტალიზაცია $5,4 მლრდ–ს შეადგენს.


საპნის ბუშტი


ამ ახალ ბაზარზე კანადური კომპანიების დიდი წარმატების მიუხედავად, ეკონომისტები მის სამომავლო ლიდერობას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. მათი აზრით, კანადური ბაზარი, რომელიც კანაბისისთვის ლეგალიზების შემდეგ გაიხსნება, არც ისე დიდია. ხოლო ქვეყნის ლიდერობა ექსპორტის მიმართულებით, ეჭვებს ბადებს. ასე რომ, კანადური მწარმოებლების იმედები მომავლის დიდებაზე უფრო საპნის ბუშტს გავს, ვიდრე რეალობას.


ანალიტიკოსების განმარტებით, ინვესტორები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ კანადურ კომპანიებში დაბანდებები არ გაამართლებს. დღეს უკვე გადაჭარბებულადაა შეფასებული კომპანიები, რომლებიც კანაბისის ვაჭრობით არიან დაკავებული. მაგალითად, Canopy–ს კაპიტალიზაცია მის მოგებას 100–ჯერ აღემატება.


კანაბისის ბაზრის მკვლევარი კომპანიის 4Front ანალიტიკოსი კრის კრეინი ფიქრობს, რომ კანადელი მეწარმეები ვერ მოიყვანენ იმ რაოდენობის მარიხუანას, რომ შიდა ბაზარიც დააკმაყოფილონ და ექსპორტზეც გავიდნენ.


ანალიტიკოსების აზრით, კანაბისის აზრის მომავალი არა აშშ–სა და კანადაშია, არამედ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კოლუმბია, ვინაიდან იქ კლიმატი უკეთესია და შესაბამისად, ბალახის თვითღირებულებაც დაბალი იქნება. 2015 წელს ამ ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული კანონის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარიხუანას წარმოება. ბოგოტაში ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყანა დასავლეთ ნახევარსფეროზე მარიხუანას ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდება.


ასეთ შემთხვევაში აშშ და კანადა გასაღების ბაზრებად გადაიქცევიან.



სხვა სიახლეები