• Ƀ/$

ფეხსაცმლის ქართული ბრენდი მსოფლიოს იპყრობს

ექსკლუზივი
11 მაისი 12:48, 2018 წელი | ინტერვიუ

მეორე წელია ბაზარზე ფეხსაცმლის ქართული ბრენდი CROSTY გამოჩნდა და უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია გაყიდვაში.

როგორ შეიქმნა CROSTY და რა გზა გაიარა, ამის შესახებ M2B-სთან ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი გიორგი მიქაია საუბრობს.


გიორგი მიქაია: თავისუფლება - ეს ის არის, რაზეც CROSTY საუბრობს. თავისუფლება ყველასთვის მნიშვნელოვანია და ჩვენს პროდუქტშიც კარგად კონვერტირდება, რადგან კომფორტული კედიც ადამიანს ბევრი რამისგან ათავისუფლებს. ჩვენს მომხმარებელს ინსპირაციას ვაძლევთ, რომ იყვნენ თავისუფლები და იმოძრაონ მუდმივად წინ. ვცდილობთ, ყველგან თავისუფლებაზე ვისაუბროთ და მომხმარებლამდე ინფორმაცია სწორად მივიტანოთ. ბრენდის ძირითადი ღირებულება თავისუფლებაა და CROSTY-საც ამის გარშემო ვაშენებთ.


- როგორ გაჩნდა ბრენდის CROSTY შექმნის იდეა?


- ბრენდის შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა. მას შემდეგ წელიწადნახევარი დაგვჭირდა, რომ პროდუქტი იმ ხარისხობრივ მაჩვენებლამდე მიგვეყვანა, როცა ბაზარზე გამოტანას შევძლებდით. თავიდანვე გათვლილი გვქონდა, რომ გლობალურ ბრენდს შევქმნიდით და პრეტენზია დიდ მასშტაბებზე გვექნებოდა. შესაბამისად, ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ პროდუქტი უმაღლსი ხარისხის ყოფილიყო. დღეს CROSTY კატეგორიის ფეხსაცმელში ხარისხობრივი მაჩვენებელი ამაზე ზემოთ არ არსებობს.


- პირველი ნაბიჯების გადადგმაში სპონსორი დაგეხმარათ თუ დამოუკიდებლად შეძელით?


- CROSTY-ს შექმნა ჩემი და ჩემი ძმის, შოთა მიქაიას ფინანსებით, დაახლოებით 12 000 დოლარით დავიწყეთ. მარკეტინგული სტრატეგიები, გაყიდვის არეალი, მომხმარებელი და სხვა საკითხები - ყველაფერი განსაზღვრული გვქონდა და მივედით საინვესტიციო რაუნდამდე. საქართველოში ფეხსაცმლის მასალის პრობლემაა და ვერაფერს ვშოულობდით. თავიდან გადავწყვიტეთ ტყავი თურქეთიდან წამოგვეღო, თუმცა ტყავთან ერთად თასმაც უხარიცხო გამოდგა. ამიტომ, პირველი სატესტო კოლექცია არ მოგვეწონა და თურქული მასალით წარმოება შევაჩერეთ. სანამ პროდუქტს გაყიდვაში ჩავუშვებთ, მინიმუმ 2 თვე მრავალ ტესტს გადის - მათ შორის იტესტება კომფორტსა და გამძლეობაზე. თბილისში ბევრი საწარმო გამოვიცვალეთ, რადგან ფეხაცმელი ტესტს ვერ გადიოდა და ჩვენს მოთხოვნებსა თუ დავალებებს თავს ვერ ართმევდნენ. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ამ ინდუსტრიაში საუკეთესო მასალები იტალიაშია. ორი თვე გავატარეთ რეგიონში, სადაც ყველა წარმატებული ბრენდი - Givenchy, Prada, Balenciaga  თუ Chanel იწარმოება და საწარმოო პროცესი შევისწავლეთ. მწარმოებლებთან გავაფორმეთ კონტრაქტი და საქართველოში გავაგრძელეთ საქმიანობა. ქუთაისში კარგი საწარმო აღმოვაჩინეთ, რომლის პროცესების დახვეწის შემდეგ, ყველაფერი დალაგდა ისე, რომ დღეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება შეგვიძლია. იდეა 2015 წლის ნოემბერში გაჩნდა 2016 წლის ნოემბერში კი პროდუქტი გაყიდვაში ჩავუშვით.


- მალე 2 წელი გახდება, რაც CROSTY ბაზარზე გამოჩნდა. დღეს რა ეტაპზეა თქვენ მიერ შექმნილი ახალი ქართული ბრენდი?


- CROSTY-ს ბრენდს ივნისში 2 წელი შეუსრულდება, თუმცა რაც გაყიდვაშია ნოემბერში გახდება ორი წელი. ამ წელს ბაზარი გავტესტეთ. CROSTY უკვე 17 ქვეყანაში გაიყიდა და მომხმარებლის მოსაზრებებიც მოვისმინეთ. საბედნიეროდ, ძალიან დადებითი კომენტარები გვაქვს. ნიუ–იორკის წამყვანი მაღაზიების ბაიერებს CROSTY ხარისხობრივად აკმაყოფილებთ და თვლიან, რომ ის მათ მაღზიებში უნდა იყიდებოდეს. ამჟამად ჩვენი ბრენდის ფეხსაცმელი ნიუ იორკის 4 მაღაზიაში იყიდება. გეგმაში გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ამერიკის 20, საბოლოოდ კი 200 მაღაზიაში შევიდეთ. ამერიკის მიმართულებით მარკეტინგულ აქტივობას ვგეგმავთ. თანამშრომლობას ვიწყებთ იქაურ ძლიერ პიარ სააგენტოსთან და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ბრენდის ცნობადობა შეერთებულ შტატებში გავზარდოთ, რადგან ძირითადი ბაზარი ამერიკაა.


- უმაღლესი ხარისხის მიუხედავად CROSTY საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი. რატომ?


- ლოკალური მარკეტინგული აქტივობები საერთოდ არ გვაქვს, თუმცა ჟურნალისტებს ინტერვიუზე უარს არასდროს ვეუბნებით. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში პიარი არ გვჭირდება, რადგან ბრენდი თავის მიმართულებით სტრატეგიულად სადაც უნდა განვითარდეს, ლოკალური ცნობადობასაც მოგვიტანს. საქართველოს ბაზარი ჩვენს მასშტაბებთან იმდენად პატარაა, რომ მარკეტინგული რესურსების დახარჯვას ჩვენთვის შედეგი არ ექნება. რაღაც ეტაპამდე მიგვიყვანს და გავჩერდებით. ჩვენ კი გლობალურად განვითარება გადავწყვიტეთ და შესაბამისად, ლოკალურ ბაზარსაც ექნება რეაგირება.


- ქართველი მყიდველი რამდენად ინტერესდება CROSTY-ს ნაწარმით და სად შეუძლიათ შეძენა?


- CROSTY-ს პროდუქტს ონლაინ ვყიდით, თუმცა ქართველი მომხმარებლისგან დიდი მოთხოვნა წამოვიდა. სურვილს გამოთქვამენ, რომ ფეხსაცმლის ზომა თუ ფერი ადგლილზე ნახონ. ამიტომ რამდენიმე დღის წინ ,,ატრიოს“ მაღაზიათა ქსელთან კონტრაქტი გავაფორმეთ. მათ მივეცით ექსკლუზივი და CROSTY საქართველოში სხვაგან არსად გაიყიდება.


- Crosty-ს ფეხსაცმელ $325 ღირს. ქართველმა მომხმარებელმა როგორ მიიღო ეს ფასი?


- ამ ფასში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფასო მიწოდების სერვისიც შედის. საქართველოში ფასი ლოკალიზირებული გვაქვს და 650 ლარს შეადგენს, რაც შეიძლება საქართველოსთვის მაღალი საფასო სეგმენტია, მაგრამ ჩვენს ხარისხობრივ კატეგორიაში საშუალოზე დაბალი ფასია. CROSTY ხარისხის პროდუქტი $850-დან იწყება.


- გაყიდვების მაჩვენებელზე რას გვეტყვით?


- გაყიდვებში გეგმის მიხედვით მივდივართ. პირველ წელს ძალიან მცირედით ჩამოვრჩით გეგმას. წელს რამდენი წყვილი გაიყიდა, ეს დახურული ინფორმაციაა, თუმცა გეტყვით, რომ კომპანიის მიზანია რეალიზება წელიწადში 150 000 წყვილზე ავიდეს, რაც რეალურად მიგვაჩნია. ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ CROSTY თავის კატეგორიაში მსოფლიო ხუთეულში შევიდეს.


- საქართველოში CROSTY-ს კონკურენტად რომელიმე ბრენდი თუ მიგაჩნიათ?


- ადგილობრივ ბაზარზე CROSTY-ზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს ვერავინ აწარმოებს. კონკურენტებად Givenchy-სა და სხვა დიდ და წარმატებულ ბრენდებს მივიჩნევთ. Fushion business-ის კურსების სერიას ვიწყებ, რადგან ქართული ინდუსტრია მაინტერესებს არა როგორც კონკურენტი, პირიქით - გვინდა ჩვენი გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ. ქართული ინდუსტრია წინ რომ წავიდეს, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან ნიუ იორკში ბაიერს ქართულ პროდუქტზე რომ ესაუბრები, გიწევს იმის მტკიცება, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვს და პროდუქტსაც ხარისხიანს აწარმოებ. გვინდა ქართული პროდუქტის სახელს დავეხმაროთ. გამოცდილებაც დიდი გვაქვს და შეგვიძლია რჩევისა თუ რეკომენდაციის სახით დამწყებ თუ შემდგარ დიზაინერსაც დავეხმაროთ.


- თქვენზეც გვიამბეთ. ვინ ხართ პროფესიით?


- პროფესიით მარკეტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტი ვარ. გრაფიკულ დიზაინში 8–წლიანი გამოცდილება მაქვს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ საკუთარი პროდუქტი უნდა მეწარმოებინა. სათამაშოებს ვშლიდი და ნაწილებიდან სხვა ნივთს ვაწყობდი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თუ მარკეტინგსა და ბრენდინგს ამ სფეროს დავახმარებდი, კარგი პროდუქტის შექმნასაც შევძლებდი. თავიდან კონცეფციების კეთება დიზაინერებთან ერთად დავიწყე, თუმცა ხარისხით კმაყოფილი არ დავრჩი და ფეხსაცმლის დიზაინის შესწავლა დავიწყე. მივედი იქამდე, რომ როგორც გრაფიკული დიზაინი და ხაზვა ახლოსაა ჩემთან, ასევეა ფეხსაცმლის დიზაინი, კონსტრუქცია და ნახაზი. CROSTY-ს დიზაინზე მე ვმუშაობ.


ავტორი: სოფიო ბოჭორიძე


ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი


სხვა სიახლეები