• Ƀ/$

ფინანსური ბაზრების კვირის მოლოდინები

14 მაისი 15:59, 2018 წელი | ანალიტიკა

ამ კვირაში ცენტრალური ბანკები მონტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ ღებულობენ.

თუმცა ყველა ინფორმაცია, განცხადება თუ მოვლენა, რაც ყველაზე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს ეხება, სწორედ შესაბამისი ბანკების გადაწყვეტილებებზე იმოქმედებს. ამიტომ, ბაზარი მათ დიდი ინტერესით დაელოდება.


გლობალური ფინანსური ბაზარი ფოკუსირებულია შეერთებული შტატების საცალო გაყიდვების სტატისტიკაზე, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე. ეს კი ის კრიტერიუმია, რომელსაც აშშ–ის ფედრეზერვი ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას, როცა დოლარის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ღებულობს.


ეკონომისტების პროგნოზით, ამერიკაში აპრილში საცალო გაყიდვები 0.4%–ით უნდა იყოს გაზრდილი, რაც მარტის მაჩვენებელზე 0.2%–ით ნაკლები იქნება. თუმცა საავტომობილო სექტორის გამოკლებით, გაყიდვები 0.5%–ით უნდა იყოს გაზრდილი. წინა თვეში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.2% იყო.


ამ კვირაში გამოსვლებს აგრძელებენ ფედრეზერვის წევრები. მათ განცხადებებში ინვესტორები დააკვირდებიან შესაძლო მინიშნებებს იმაზე, თუ როგორი იქნება ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა უახლოეს პერიოდში. ყველაზე მეტად ინტერესის საგანია ფედრეზერვის მიერ დოლარის საპროცენტო განაკვეთის გაზრდის სიხშირე.


ფედრეზერვის მიერ წინასწარ გამოცხადებული გეგმის შესაბამისად, წელს დოლარზე განაკვეთი კიდევ ორჯერ გაიზრდება. თუმცა შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის ტემპი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ეს გეგმა შეიცვლება და წლის განმავლობაში განკვეთი სამ ეტაპად აიწევს.


სამშაბათს გამოსვლა აქვს ნიუ–იორკის ფედრეზერვის ახალ პრეზიდენტ ჯონ უილიამსს, ვინც მინესოტას ეკონომიკური კლუბის წინაშე წარდგება. შემდგომში გამოსვლები აქვთ კლივლენდს ფედრეზერვის პრეზიდენტ ლორეტა მესტერს, სენტ ლუისის ფედრეზერვის პრეზიდენტ ჯეიმს ბულარდს, ატლანტას ფედრეზერვის პრეზიდენტ რაფაელ ბოსტიკს, მინეაპოლისის ფედრეზერვის პრეზიდენტ ნილ კაშკარის და დალასის ფედრეზერვის პრეზიდენტ რობ კაპლანს.


ბაზარი მოელის, რომ ფედრეზერვი წელს დოლარზე განაკვეთს მეორედ ივნისის სხდომაზე ასწევს.


უოლ სტრიტზე დასასრულს მიუახლოვდა ინდექს S&P 500-ის კომპანიების მიერ პირველი კვარტლის ფინანსური მონაცემების გამოქვეყნება. დარჩენილია მხოლოდ 10 კომპანია. თავიანთ შედეგებს გამოაქვეყნებენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა „ჰოუმ დეპო“, „ცისკო“, „მეისი“ და „უოლმარტი“.


ატლანტიკის აქეთა მხარეს, ტრეიდერების ყურადღების ცენტრშია ბრიტანეთის დასაქმების სტატისტიკა, რომლის მაჩვენებლებიც მეტნაკლებად იმოქმედებს ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზე. წინა კვირაში გამართული სხდომის შემდეგ, ინგლისის ბანკმა „მტრედული“ განწყობა გამოავლინა, რაც ამცირებს იმის შანსს, სტერლინგზე განაკვეთის აწევის პროცესი წელს დაიწყება.


პროგნოზების შესაბამისად, ბრიტანეთში უმუშევრობის დონე არ შეიცვლება და კვლავ 4.2% იქნება. ანაზღაურების ზრდა 2.7%–ის დონეზეა მოსალოდნელი. თუ პროგნოზები არ გამართლდა და რეალური შედეგები მათზე უარესი იქნება, მაშინ სტერლინგს სავალუტო ბაზარზე კვლავ კლება ელის.


აზიაში ყურადღება იაპონიისკენ გადაინაცვლებს, სადაც პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. ტრეიდერებს ეს ეკონომიკის განვითარების მდგრადობაზე უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის. ამაზე დამოკიდებულია იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით შეიძლება მიიღოს.


პირად მოხმრების და ექსპორტის შემცირების კვალობაზე, ინვესტორები მოელიან, რომ მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკა, ბოლო ორ წელიწადში პირველად შემცირდება. პროგნოზის შესაბამისად, პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წლიური გადათვლით მხოლოდ 0.2% იქნება. შედარებისთვის, გასული წლის ბოლო კვარტლის შესაბამისი მაჩვენებელი 1.6% იყო. ცნობისათვის, 2015 წლის შემდეგ, იაპონიის ეკონომიკის ზრდის კვარტალური მაჩვენებელი არ შემცირებულა. ეს კი 1980-იანი წლების შემდეგ ზრდის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.


ინვესტორები ასევე დააკვირდებიან აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს. ეს ის საკითხია, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს, ამას კი ფინანსურ ბაზარზე მოკლევადიანი რყევის გამოწვევა შეუძლია.


სხვა სიახლეები