• Ƀ/$

საელჩო იერუსალიმში – სისხლისღვრა და დიპლომატიური დემარში

15 მაისი 09:55 | მთავარი

ისრაელში აშშ–ის საელჩოს იერუსალიმში ოფიციალურად გახსნის დღეს ათეულობით პალესტინელი დაიღუპა, ღაზას სექტორის საზღვართან, ისრაელის სამხედროებთან შეტაკებებში.

პალესტინელი ექიმების ინფორმაციით, სულ მცირე 55 ადამიანია დაღუპული და 2700–მა დაზარალებულმა კლინიკებს მიმართა.


შეტაკებების შედეგად ისრაელის მხრიდან არავინ დაშავებულა. უბლებადამცველები ისრაელის ჯარს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.


ქვეყნის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს თავდაცვითი ღონისძიებები უწოდა ჰამასის რადიკალური დაჯგუფებისგან, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს და, მისივე თქმით, ისრაელის განადგურება სურს.


აშშ მომხდარში ჰამასს ადანაშაულებს და მათ ძალადობის პროვოცირებაში სდებს ბრალს.


ისრაელის არმიის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება ბევრი სახელმწიფოს ლიდერმა დაგმო.


ქუვეითმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც მომხდარი შეტაკებების გამოძიებას ითვალისწინებს, თუმცა ვაშინგტონმა ეს ინიციატივა დაბლოკა.


„გაეროს უშიშროების საბჭო უკიდურეს უკმაყოფილებას და მწუხარებას გამოთქვამს მშვიდობიანი პალესტინელების დაღუპვის გამო, რომელთაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება გამოიყენეს“, – თიტირებს სააგენტო ფრანს პრესი რეზოლუციის პროექტს.


ორშაბათსვე მსოფლიო ლიდერებმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა დაგმო, როგორც მან თქვა, „ადამიანების მასობრივი ხოცვა“ და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.


თურქეთმა მომხდარის გამო კონსულტაციებისთვის თავისი ელჩები გამოიწვია აშშ–დან და ისრაელიდან. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს განაცხადა.


ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ.


მომხდარის ფონზე ისრაელის არმია, პოლიცია და სპეცსამსახურები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ ებრაული სახელმწიფოს პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტვიტერზე დაწერა.


„არმია, ისრაელის საერთო უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი“, – წერს ისრაელის პრემიერ–მინისტრი.


ისრაელში აშშ–ის საელჩოს ახალი შენობა, რომელშიც დიპკორპუსი თელ–ავივიდან გადავა, იერუსალიმში ორშაბათს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საელჩოს გადანაცვლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო და ამ ღონისძიებას მისი შვილი ივანკა ტრამპი დაესწრო და სიტყვითაც მიმართა საზოგადოებას.


ამ ფაქტმა პალესტინელების შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ვაშინგტონის ამ ნაბიჯში პალესტინაზე ისრაელის სრული იურისდიქციის აღიარებას ხედავენ მაშინ, როდესაც თავად სურთ საკუთარი დედაქალაქის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსება.


მსგავს თემაზე:


იერუსალიმში აშშ–ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა – დაიღუპა 28 პალესტინელი


სხვა სიახლეები