• Ƀ/$

საბურთალოს ხაზს მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება

15 მაისი 15:29, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საბაურთალოს ხაზზე 15 მაისიდან მეტროს 2 განახლებული 3 ვაგონიანი შემადგენლობა ივლის. ახალი ვაგონები თბილისის  მერმა კახა კალაძემ სარემონტო ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოდერნიზაციის პროცესს გაეცნო. 

„მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა და ხაზზე გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაბილიტაცია საქართველოში ჩატარდა. ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში, სადაც სამუშაოები ჩატარდა, 150 ადამიანია დასაქმებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.


მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა. ასევე, კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით;  შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა; ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე კამერები; მგზავრების კომფორტულად გადაადგილებისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; ძველი ტიპის მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესული სქემებით აღჭურვილი კვანძებით. 


მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამატებით კიდევ რვა ვაგონს განაახლებს.


 


მსგავს თემაზე:


რუსთაველზე და ჭავჭავაძეზე შესაძლოა ე.წ. ბასლაინები მოეწყოს


მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსების კონცეფცია წარადგინა


სხვა სიახლეები