• Ƀ/$

ისრაელმა თურქეთის აგრარული პროდუქციის იმპორტი შეწყვიტა

16 მაისი 13:36 | მთავარი

ისრაელმა თურქეთიდან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შეწყვიტა. ამის მიზეზად თურქეთიდან ისრაელის ელჩისა და გენერალური კონსულის გაძევება სახელდება, იუწყება ტელეკომპანია NTV.

თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის ახმეტ ეშრეფ ფაქიბაბა აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან თურქული აგრარული პროდუქციის იმპორტის შეჩერება თურქეთზე გავლენას ვერ მოახდენს.


ფაქიბაბამ აღნიშნა, რომ თურქეთს ბევრი ქვეყნის ბაზარზე მიუწვდება ხელი. მისივე თქმით, ისრაელი ცდება, თუ ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით თურქეთზე რამე გავლენას მოახდენს.


მანამდე, ოფიციალურმა ანკარამ ისრაელის ელჩის გაძევების კვალდაკვალ, ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა გენერალურ კონსულს, რომელიც თავის მოვალეობებს სტამბოლში ასრულებდა.


ამის შესახებ CNN Turk თურქეთის საგარეო სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ ისრაელის გენერალურ კონსულს ოთხშაბათს დილით ეცნობა.


სამშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის მიზეზი ღაზას სექტორთან ვითარების გამწვავება დასახელდა.


ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია პალესტინის საკითხზე 18 მაისს სტამბოლში საგანგებო სხდომას გამართავს.


საელჩო იერუსალიმში


ისრაელში აშშ–ის საელჩოს ახალი შენობა, რომელშიც დიპკორპუსი თელ–ავივიდან გადავა, იერუსალიმში ორშაბათს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საელჩოს გადანაცვლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო და ამ ღონისძიებას მისი შვილი ივანკა ტრამპი დაესწრო და სიტყვითაც მიმართა საზოგადოებას.


ამ ფაქტმა პალესტინელების შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ვაშინგტონის ამ ნაბიჯში პალესტინაზე ისრაელის სრული იურისდიქციის აღიარებას ხედავენ მაშინ, როდესაც თავად სურთ საკუთარი დედაქალაქის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსება.


ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედროებთან შეტაკებებში სულ მცირე 61 პალესტინელი დაიღუპა.


მსგავს თემაზე:


თურქეთი ისრაელის გენერალურ კონსულს სტამბოლიდან აძევებს


ანკარამ ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა


საელჩო იერუსალიმში – სისხლისღვრა და დიპლომატიური დემარში


სხვა სიახლეები