• Ƀ/$

თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა

16 მაისი 16:47 | ეკონომიკა

თელავში ციხის რეაბილიტაცია (მუზეუმი და ტერიტორია) დასრულებულდა. განახლებული მუზეუმი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან ერთად გახსნა. 

ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, განხორციელდა.


პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი მუზეუმის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს.


მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო  აღჭურვილობის  ნიმუშები, ხელნაწერები  და  რარიტეტული  გამოცემები. ასევე, გაკეთდა დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა ქეთევან იაშვილის სამხატვრო კოლექციის გამოსაფენად, რომელშიც მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ტილოები,  XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ფერწერის ნიმუშები. მუზეუმს უმდიდრესი კოლექცია გააჩნია, რომელიც 65 000 ექსპონატს ითვლის.


მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. დამონტაჟდა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.


პროექტის ღირებულებამ 10,9 მლნ ლარი შეადგინა.


მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. თელავში ბატონის სასახლის რესტავრაცია 2016 წლის ოქტომბერში დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ერეკლე მეფის სასახლეზე ჩატარდა კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაო.


ერეკლე მეფის სასახლისა  და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება (მშენებლობა, ინვენტარით აღჭურვა) დაახლოებით 14 მილიონი ლარია.


პროექტის ავტორების განცხადებით განახლებული მუზეუმი ვიზიტორთა ნაკადს გაზრდის რაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.


 


მსგავს თემაზე:


ხერთვისის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება


საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მსოფლიო ბანკი დაფინანსებას გაზრდის


სხვა სიახლეები