• Ƀ/$

,,ჩუმი სიკვდილი“ – 17 მაისი არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა

ექსკლუზივი
17 მაისი 13:01, 2018 წელი | ინტერვიუ

17 მაისი არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად ამ დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება.

როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება არტერიული წნევის მიმართ, პრევენციის რა გზები არსებობს ან რა ტიპის ღონისძიებები ტარდება ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს - ამის შესახებ M2B-სთან ჯანდაცვის მაგისტრი მიხეილ დიაკონიძე და წინამძღვრიშვილის სახელობის ქართულ-გერმანული კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი ნინო ჩიქოვანი საუბრობენ.


- რამდენად მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები ეძღვნება ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეს?


მიხეილ დიაკონიძე: 17 მაისის, როგორც არტერიული ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და აქტუალობას ხაზს უსვამს ისეთი მასშტაბური საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა, როგორიცაა ,,ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება”, ,,ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ სპეციალურად ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის გაწერილი 3 და 4 წლიანი სამოქმედო გეგმა, ძირითადად საზოგადოების განათლების ამაღლებისთვის არის განკუთვნილი. მსოფლიო მასშტაბით ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციებისმიერ ჰიპერტენზიასთან ბრძოლის სლოგანი 2018 წლის ჩათვლით გახლავთ ,,იცოდე შენი წნევის შესახებ“. ამ მიმართულებით იქმნება სპეციალური საგანმანატლებლო პროგრამები და ხდება სკრინინგ პროგრამების დანერგვა-პოპულარიცაზია, ვინაიდან ეს დაავადება არის არა რომელიმე ქვეყნის, არამედ მსოფლიო პრობლემა გახლავთ.


- ქართული სამედიცინო დარგის სპეციალისტები რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო კონფერენციებში, რომლებიც ამ მიმართულებას ეხება?


- ქართველი სპეციალისტები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და კონგრესებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ წამყვანი სპეციალისტების დონეზე არამედ გაცვლით და საერთაშორისო კონფერენციებში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები და რეზიდენტები, რის საშუალებასაც იძლევა ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია” (EMSA) და ,,მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია’’ (IFMSA). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები და საუნივერსიტეტო კლინიკების ჩართულობით თბილისსა და რეგიონებში უფასო სამედიცინო გამოკვლევებით ხდება მოსახლეობის ინფორმირებაზე ზრუნვა.


- ჰიპერტენზია, როგორც გამოწვევა, რამდენად აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში?


- ვინაიდან არტერიული ჰიპერტენზიის პირველი ეტაპი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ბუნებრივია იგი საკმაოდ ვერაგი დაავადება და პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის. სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება სკრინინგ პროგრამების შემუშავება და თანამედროვე მსოფლიო მიმართულია არა დაავადების მკურნალობისკენ არამედ პრევენციული ღონისძიებების დანერგვისკენ. იმდენად დიდია არტერიული ჰიპერტენზიის ხელისშემწყობი ფაქტორების ( სიმსუქნე, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი ალკოჰოლი, ჰიპოდინამია და სხვა) გავრცელება მსოფლიო მოსახლეობაში, რომ არ შეიძლება ამ დაავადებასთან ბრძოლა არ იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი.


- ჰიპერტენზიით დაავადებულთა რა მაჩვენებელია მსოფლიოში და საქართველოში?


- თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტატისტიკით და მათ შორის ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, სხვადასხვა ქვეყნებში ყოველი ათი ადამიანიდან არტერიული ჰიპერტენზიის მაღალი რისკის ქვეშ (ანუ მაღალი არტერიული წნევის მატარებელი) მინიმუმ სამი მაინც იმყოფება. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების ნახევარს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რაც ცალსახად მიუთითებს დაავადების გამოვლინების მაღალ რისკზე. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არ არსებობს პრევენციისათვის სახელმწიფოს მხრიდან გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობაში რისკფაქტორების გავრცელება არა თუ ნაკლებია არამედ რიგ ევროპულ ქვეყნებზე მაღალიცაა და ამასთან ერთად ამ ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ქართველი პაციენტი, როგორც ,,თვითმკურნალობის დიდოსტატი“ არა თუ არ იკონტროლებს წნევას, არამედ მაღალი არტერიული წნევის არსებობის შემთხვევაშიც საკუთარი და ნაცნობების ,,ცოდნით’’ ცდილობს მკურნალობასა თუ პრობლემის გადაჭრას და არა ექიმ კარდიოლოგებთან ვიზიტით.


- თანამედროვე კლინიკური მიდგომები და სამედიცინო ტექნოლოგიები რამდენად აადვილებს ამ დაავადებასთან ბრძოლას?


- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ მრავლად მოიპოვება შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც არა მხოლოდ დგანან მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების გვერდით, არამედ რიგ შემთხვევებში ბევრად მეტია მათი ცოდნა და გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არტერიული ჰიპერტენზიისაგან განკურნება, ხდება მისი რემისია, ანუ არტერიული წნევის მაჩვენებლის დაყვანა სამიზნე ნორმამდე. უნდა აღინიშნოს, რომ სწორი მკურნალობისა და სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით დღეს არტერიული ჰიპერტენზიისაგან თავის დაცვა არ წარმოადგენს პრობლემას. ვაკონტროლოთ საკუთარი წნევის მაჩვენებლები, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილი და ჭარბი წონის კონტროლი - ეს არც თუ ისე რთულად გასათვალიწინებელი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ჩვენს ჯანმრთელობას.


ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესა და დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებზე  M2B-სთან წინამძღვრიშვილის სახელობის ქართულ-გერმანული კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი -კარდიოლოგი, ნინო ჩიქოვანი საუბრობს.


ნინო ჩიქოვანი: საქართველოში კარდიოლოგია, როგორც დარგი, სათავეს 1946 წლიდან იღებს. წინამძღვრიშვილის სახელობის ქართულ-გერმანული კარდიოლოგიის ცენტრი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული. კლინიკისა და დარგის ფუძედმდებელი მიხეილ წინამძღვრიშვილი გახლდათ. კაცი, რომელმაც თერაპიიდან კარდიოლოგიური სამსახური ცალკე დარგად გამოყო. ეს ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეორე კარდიოლოგიის კვლევითი ცენტრი გახლდათ. მიხეილ წინამძღვრიშვილმა ჩამოაყალიბა პირველად არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიური კვლევის პრაქტიკა. დღეს კლინიკას მისი შვილიშვილი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი ხელმძღვანელობს.


- რა ღონისძიებებს ატარებთ მედიკოსები მსოფლიო ჰიპერტენზიის დღეს?


- არტერიული ჰიპერტენზიის შესწავლა და კვლევა საქართველოში დაავადებათა კონტროლის ორგანიზებით 2010 წელს ჩატარდა. მსოფლიო კამპანიას - ,,მაისი გაზომვების თვე“ საქართველო გასულ წელს შეუერთდა. ამ აქციაში დაავადებათა კონტროლისა და ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებასთან (ხელმძღვანელი ბატონი ბეჟან წინამძღვრიშვილი) ერთად, ჩართულნი ვიყავით ჩვენი კლინიკის ექიმებიც.  გასულ წელს საქართველოს მასშტაბით სკრინინგი ჩავატარეთ. წელსაც იგივე კამპანიის ფარგლებში დაწყებულია აქცია. რამდენიმე დღის წინ აჭარის რეგიონში საბავშვო ბაღის პერსონალის კვლევა ვაწარმოვეთ.


- რა პროცესია კვლევა და როგორია შედეგები?


- აქცია 18 წელს ზემოთ ადამიანების კვლევას მოიცავს, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა. შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. ბათუმში ძირითადი აქცენტი ქალებზე გაკეთდა, რადგან 45 წლამდე ასაკის ქალბატონებში 50%, ხოლო 65 წლის ასაკის ქალებისთვის 75 % -ში არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ინფარქტისა და ინსულტის განვითარების სერიოზულ რისკ-ფაქტორს.


- რას გვეტყვით არტერიულ ჰიპერტენზიის სირთულეზე?


- არტერიულიჰიპერტენზია წლებია, რაც მსოფლიოსთვის დიდი პრობლემაა. ეს ის დაავადებაა, რომელსაც ,,ჩუმ სიკვდილს“ ეძახიან, რადგან დროთა განმავლობაში არტერიული წნევა ნელ-ნელა იმატებს, ორგანიზმი ეგუება, ვერ გრძნობს დისკომფორტს და ერთ მშვენიერ დღესაც რომ გაიზომავს ადამიანი წნევას, დანახავს რომ არტერიული წნევა 160-90 -ზე აქვს, არაფრად მიაჩნია და თვლის, რომ ეს მისი ნორმალური წნევის ციფრების მაჩვენებელია. ექიმს კი იქამდე არ მიაკითხავს, სანამ დაავადება არ გართულდება. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გაუთვითცნობიერებელია - რა არის არტერიული ჰიპერტენზია. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას.


არტერიული ჰიპერტენზიის მაღალი მაჩვენებელი ორსულებშიც ხშირია. ამ დროს  აუცილებელია დაინიშნჯოს ანტიჰიპერტენზული პრეპარატი კარდიოლოგისა და გინეკოლოგის ურთიერთშეთანხმებით.


- არტერიული ჰიპერტენზიის მართვა რასთანაა დაკავშირებული?


- არტერიული ჰიპერტენზიის სამართავად საქართველოში ყველა პირობა არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი დაავადებაა, რადგან პაციენტების უმეტესობას ძვალსა და რბილში აქვს ის დამოკიდებულება გამჯდარი, რომ ერთთვიანი მკურნალობის შედეგად არტერიული წნევა თუ მწყობრი ჩადგება, ჰგონია, რომ მკურნალობა დაასრულა. როცა დიაგნოზი დასმულია და მომატებული ციფრები რამდენჯერმეა დაფიქსირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვს არტერიული ჰიპერტენზია, საჭიროა მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა და ექიმის მეთვალყურეობა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არტერიული ჰიპერტენზია არ არის განაჩენი. ეს არის დაავადება, რომლის მართვაც შესაძლებელია. თუ სწორად იმკურნალებთ და ექიმის რეკომენდაციებს მიჰყვებით, შეგიძლიათ ამ დაავადების ფონზე ჯანმრთელად და გართულებების გარეშეც იცხოვროთ. არ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტოზური მკურნალობა თვითნებურად, არ მიიღოთ ჭარბი მარილი, დაიკლოთ წონაში, იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით - ამ პირობებს თუ შეასრულებთ, მერწმუნეთ, არტერიული ჰიპერტენზია მართვადი იქნება.


1.რეგულარულად მიიღეთ წამალი, რომელიც გირჩიათ ექიმმა.


2.როდესაც წნევის დამწევ წამალს ღებულობთ - სისხლის წნევის კონტროლი აუცილებელია.


3.მედიკამენტის მიღებისას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისას - სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.


4.თვითნებურად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას წამლის შეწყვეტის ან პრეპარატის შეცვლის შესახებ.


5. ნუ მიიღებთ წამალს მეზობლის რჩევით.


- დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის რა მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიოში?


- ყოველწლიურად ამ დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა 80% რეგისტრირებულია დაბალ და საშუალოშემოსავლების ქვეყნებში. ექსპერტთა შეფასებით 2030 წლისთვის გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 23.6 მილიონს მიაღწევს. ქართული პოპულაციის ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში პრიორიტეტულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ათ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია. საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევის (STEPS 2010) შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 40%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამი ან მეტი რისკის ფაქტორი აღენიშნება. საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზიის დინამიკა ბავშვებში, რომლის გავრცელების მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში 2.5-ჯერგაიზარდა. გულის დაავადებებისა და ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის მაღალიდონე, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტნეულისა რასაკმარისი მიღება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა.


- გამომწვევ მიზეზებზე რას გვეტყვით?


- არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზები ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია. ორგანიზმში ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაც შეიძლება გამომწვევი მიზეზიც იყოს. ყველაზე უმთავრესი კი სტრესია, მაგრამ ბოლო დროს მსოფლიო არტერიულ ჰიპერტენზიასთან მიმართებაში კლიმატზეც კი ალაპარაკდა. ეს არის დაავადება, რომლის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა კონკრეტულ პაციენტთან ამის დადგენა ხშირ შემთხვევაში გართულებულია.


- ერთ-ერთი გახმაურებული და ხშირი მიზეზი, ჭარბწონიანებში ქოლესტერინის მატებაა.


- ქოლესტერინის დონის მატება არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს, რადგან ის სისხლძარღვებს აზიანებს. ბათუმში გამოკითხული ქალბატონების 80 % - მა აღნიშნა, რომ საკვებს მარილს გემოს გაუსინჯავად ამატებენ, რაც კატასტროფაა! მსგავსი პრობლემა ოჯახშიც მქონდა. ჩემი მეუღლეც ანალოგიურად იქცეოდა. ამიტომ მომზადებულ სადილს მარილს არასდროს ვაყრი. ამას ვურჩევ დიასხლისებს, რომლებსაც სახლში არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული ოჯახის წევრი ჰყავთ.


 ქოლესტერინის მატება კვებასთან ასოცირებული ნამდვილად არის, მაგრამ უპირველესი და მთავარი, გენეტიკური განწყობაა. მყავდა 51 წლის პაციენტი, მამაკაცი, რომელიც ვეგეტარიანელი გახლდათ და უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ცხოველური ცხიმი საერთოდ არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ქოლესტერინის მაჩვენებელი მაღალი იყო. გენეტიკა რომ გამოვიკითხე, მამა უეცარი სიკვდილით ჰყავდა გარდაცვლილი და ძმას 40 წლის ასაკში მწვავე ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.


- საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზა ,,წნევამ დაარტყა“ კონკრეტულად რას ნიშნავს სამედიცინო ტერმინით?


- მაღალი არტერიული წნევით ადამიანმა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვროს ისე რომ, მას დისკომფორტი არ შეუქმნას, მაგრამ ,,კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს“. საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზა - ,,წნევამ დაარტყა“ ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა მაღალი არტერიული წნევის ფონზე ინფარქტი ან ინსულტი მიიღო. არტერიული ჰიპერტენიის დროს ზიანდება სამიზნე ორგანოები: თვალი, თავის ტვინი, გული და თირკმელი. ბოლო პერიოდში, როცა პაციენტს ექიმი ეკითხება, მისი ნორმალური წნევა რა არის,  პასუხობს, რომ 160-80 - ზე წნევის შემთხვევაში თავს კარგად გრძნობს. პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობამ არ იცის არტერიული წნევის სამიზნე დონე რა არის. ამ საკითხში ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. 18 წლის იქნება ადამიანი თუ 80 - ის, არტერიული წნევის ნორმად 120/80 მმ.ვწყ.სვ-ზე ითვლება.


- არტერიული ჰიპერტენზიის მაჩვენებელი ყველაზე ზუსტი როდის არის?


- რამდენიმე სართულის ავლის შემდეგ, როცა დაღლისგან ქოშინებ, ამ დროს არტერიული წნევის გაზომვა არ შეიძლება, რადგან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სწორი მაჩვენებელი არ გვექნება. წნევა უნდა გავიზომოთ 10-15 წუთიანი დასვენების მერე, როცა ,,გული საგულეს ჩადგება“.


ავტორი: სოფიო ბოჭორიძე


ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი


სხვა სიახლეები