• Ƀ/$

ჩინეთი ავტო–იმპორტზე ტარიფებს ამცირებს

22 მაისი 16:47, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩინეთი ავტომობილების და ავტო მაკომპლექტებელი ნაწილების იმპორტზე ტარიფებს მნიშვნელოვნად შეკვეცავს, რითაც უცხოურ კომპანიებისთვის მსოფლიოს უდიდეს ბაზარს უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ჩინეთმა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობის მოსახსნელად გადადგა.


პირველი ივლისიდან ჩინეთში იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფები 25-დან 15%–მდე შემცირდება. ჩინეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს არის ჩინეთის ბაზრის უცხოური კომპანიებისთვის უფრო მეტად გახსნისკენ გადადგმული ნაბიჯი, რამაც ადგილობრივი ავტო ინდუსტრიის განვითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი. იმავდროულად, საავტომობილო ნაწილების იმპორტზე ტარიფები 10-დან 6%–მდე შემცირდება.


ტარიფების შეკვეცა ძლიერ წაახალისებს უცხოურ კომპანიებს, განსაკუთრებით კი პრემიუმ ავტომობილების მწარმოებლებს, როგორებიცაა გერმანული „დაიმლერი“, იაპონური „ინფინიტი“, ამერიკული „ტესლა“ და სხვ. მათი წარმოების ავტომობილებზე ფასები მკვეთრად შემცირდება, რაც ადგილობრივ კომპანიებთან კონკურენციის შესაძლებლობებს გაზრდის.


„ჩვენ უზარმაზარ სარგებელს მივიღებთ, განსაკუთრებით კი ჩვენი პრემიუმ ბრენდი ინფინიტი“, - სააგენტო როიტერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა იოკოჰამაში (იაპონია) ბაზირებული „ნისანის“ ერთ-ერთმა აღმასრულებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამავე კომპანიის ჩინური ერთობლივი საწარმოს ასევე ინკოგნიტო აღმასრულებელი დასძენს, რომ ტარიფების შემცირებით ყველაზე მეტად „ფოლკსვაგენი“ და მის ჯგუფში შემავალი „პორშე“ და „აუდი“ ისარგებლებენ, რომელთა ჩინურ ბიზნესშიც, იმპორტის წილი ჭარბობს.


„ტოიოტა“–ში აცხადებენ, რომ იმპორტირებულ ავტომობილებზე ფასების კორექტირებას გეგმავს, რაც ტარიფების შემცირების პროპორციულად განხორციელდება. ამით კომპანია მომხმრებლებისთვის კონკურენტული ფასების შეთავაზებას შეძლებს. იგივეს გეგმავენ „ბეემვე“ და „აუდი“, რომლებიც ჩინური ბაზრის უფრო მეტად ლიბერალიზაციის ფაქტს მიესალმებიან.


ავტომობილებზე იმპორტის მაღალი ტარიფები ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინსტრაციამ, ჩინეთს მკაცრი პირობები წაუყენა, რამაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის გაჩაღების საფრთხე წარმოქმნა. ცნობისათვის, აშშ-ში ავტომობილებზე მხოლოდ 2.5-პროცენტიანი საიმპორტო ტარიფი მოქმედებს.


ტრამპის თქმით, იმპორტზე 25%–იანი ტარიფი „სულელური ვაჭრობაა“. „ტესლას“ დამფუძნებლის ილონ მასკის თქმით კი ჩინური შეზღუდვები, უცხოური კომპანიებისთვის დამახინჯებულ სამუშაო ველს ქმნის, რაც დაუშვებელია.


აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის შესახებ იხილეთ:


ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს „უკვე წაგებული აქვს სავაჭრო ომი“


აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის მოულოდნელი შედეგები


ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩინეთი აშშ-ს ეწევა – სავაჭრო ომის მიუხედავად


აშშ და ჩინეთი სავაჭრო სალდოს დაბალანსებაზე შეთანხმდნენ - პეკინმა უკან დაიხია


სავაჭრო ომი და მისი მოსალოდნელი შედეგები


სხვა სიახლეები