• Ƀ/$

16 წლის ქართველმა ბიჭმა Google-ის საძიებო სისტემის კონკურენტი პროგრამა შექმნა

ექსკლუზივი
23 მაისი 16:53, 2018 წელი | ინტერვიუ

16 წლის გიორგი ჩახნაშვილმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა. რა უპირატესობით სარგებლობს Google-ის საძიებო სისტემასთან Digital mind და რა გეგმები აქვს ევროპული სკოლის მოსწავლეს, ამის შესახებ M2B-ს უყვება.

- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტი შევქმენი, რომელსაც Digital mind ჰქვია. ეს არის სპეციფიკური პერსონალური ასისტენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს იყენებს, რომ დაეხმაროს ადამიანებს განავითარონ თავის უნარები განათლების სისტემაში, მარკეტინგში და ახლა უკვე ტურიზმშიც.


- Digital mind რა ფუნქციებითაა გამორჩეული?


- Digital mind-ს სხვადასხვა ფუნქცითაა გამორჩეული. დაახლოებით 4000 წიგნი აქვს ჩაწერილი, საიდანაც 5 მილიონი ობიექტი აქვს ნასწავლი. გარდა იმისა, რომ მარკეტინგსა და ტურიზმსაც ფლობს, ხელოვნური ინტელექტის უნარებს იყენებს იმისთვის, რომ ადამიანებს ინფორმაციის აკურატულად მოძიებაში დაეხმაროს.


- Google-ის საძიებო სისტემასთან რა უპირატესობით სარგებლობს Digital mind?


- Digital mind Google-ს იმით ემსგავსება, რომ ადამიანებს ცხოვრებას ისიც უმარტივებს. Google ადამიანს ბევრ რეზულტატს აძლევს, საიდანაც არჩევანის საშუალებაც აქვს. Digital mind კი თვითონ ირჩევს რეზულტატს, რაც მის ერთ-ერთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს.


- Digital mind-ის შესახებ Google-ს თუ აქვს ინფორმაცია?


- Google-ს აქვს თუ არა ინფორმაცია Digital mind-ის შესახებ, ამაში დარწმუნებული არ ვარ და არც რამე მსმენია. ჯერ-ჯერობით არავინ შემხმიანებია.


- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ინტერნეტსივრცეში თქვენი გამოგონება?


- Digital mind-ის საშუალებით ხალხს საჭირო ინფორმაციის ძებნა დიდხანს არ დასჭირდება. პროგრამას საუბარიც შეუძლია, თუმცა ეს ფუნქცია ჯერ არ მუშაობს, რადგან სპეციფიკური სერტიფიკატი არ გვაქვს, რომელსაც პროგრამის გაშვების დროს ავიღებთ. Digital mind სექტებრიდან უკვე განათლების სისტემაში უნდა იყოს გაშვებული.


- Digital mind-ის გამოგონებას რა გამოხმაურება მოჰყვა?


- სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი მწერდა. მედიაც დაინტერესდა და კომპანიებიც, რომლებმაც სამსახური შემომთავაზეს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სწავლით ვარ დაკავებული.


- 16 წლის ასაკში საკმაოდ დიდი მიღწევა გაქვთ.


- ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი პოტენციალია, რაც გამომიყენებია. Digital mind-ზე მუშაობას დაახლოებით 6 თვე დასჭირდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიხეილ ბატიაშვილთან გავიარე კონსულტაცია. გავესაუბრე, მაინტერესებდა ხელოვნური ინტელექტი როგორ მუშაობდა.


- კომპიუტერული პროგრამებით როდის დაინტერესდით?


- 7 წლის ასაკიდან კომპიუტერის მიმართ მცირე დოზით ინტერესი უკვე მქონდა. თამაშებიდან ბევრი რამ ვისწავლე. მათ შორის ჰაკერული მეთოდებიც. 14 წლიდან კი პროგრამულ საქმიანობას სერიოზულად შევუდექი. 15 წლის ასაკში გრენას აკადემიაში სწავლამ სერვერებზე მუშაობის უნარები კიდევ უფრო განმივითარა.


- რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ამ ყველაფრის მიღმა?


- ევროპული სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ვარ. ტექნიკური საგნები განსაკუთრებულად მაინტერესებს. ამის გარდა კვირაში სამჯერ სპორტ-დარბაზში ვვარჯიშობ. სხვა დანარჩენ დროს კომპიუტერს ვუთმობ.


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


- მინდა სასწავლებლად ბოსტონში წავიდე. MIT-ს აქვს კურსები, რომლის გავლაც ძალიან მჭირდება. სურვილი მაქვს შევქმნა ისეთი პროექტები, რომლებიც საზოგადოებას კიდევ უფრო გამოადგება, თუმცა ამისთვის დიდი გზა მაქვს გასავლელი.


ავტორი: სოფიო ბოჭორიძე


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია


სხვა სიახლეები