• Ƀ/$

ფინანსური ბაზრების კვირის მოლოდინები

28 მაისი 16:20, 2018 წელი | ანალიტიკა

ფინანსური ბაზრებისთვის ეს კვირა მნიშვნელოვანი ინფორმაციებით იქნება გაჯერებული. არადა, ის ამერიკაში უქმე დღით დაიწყო - ოკეანის გაღმა ხსოვნის დღეა და შესაბამისად, ბაზრებიც დახურულია.

თუმცა კვირის ბოლოს, შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება, რომელიც როგორც ყოველთვის, თვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.


აშშ-ის შრომის დეპარტამენტი, არასასოფლო სფეროში მაისში ახალდასაქმებულთა რიცხვს პარასკევს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების შეთანხმებული პროგნოზის შესაბამისად, ეს რიცხვი 190 000-ის ფარგლებში უნდა იყოს. აპრილის შესაბამისი მაჩვენებელი 164 000 იყო. გარდა ამისა, უმუშევრობის დონე კვლავაც 3.9 პროცენტია მოსალოდნელი. იგივე მაჩვენებელი აპრილშიც დაფიქსირდა და ის საუკეთესოა ბოლო 18 წელიწადში.


და რა თქმა უნდა, ინვესტორები საათობრივი ანაზღაურების ზრდის დინამიკას დააკვირდებიან. თუ წინა თვეში ზრდა მხოლოდ 0.1% იყო, ამჯერად 0.3 პროცენტია მოსალოდნელი. ხელფასის ზრდის საშუალოწლიური მაჩვენებელი კი 2.6-დან 2.7 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.


ანაზღაურებაზე ბევრად არის დამოკიდებული მომხმარებელთა ხარჯვის სტატისტიკა, რაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყაროა. კომერციის დეპარტამენტი ხუთშაბათს სწორედ ამ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. პროგნოზით, აპრილში პირადი მოხმარების ხარჯები 0.1 პროცენტით უნდა იყოს გაზრდილი. წინა თვეში ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პროგნოზით, საშუალოწლიური მაჩვენებელი 1.8 პროცენტი უნდა იყოს, როცა წინა თვეში 1.9 პროცენტი იყო.


ევროზონის მოლოდინები


პარალელურად, ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. მონტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ინფლაციაა. და ახალ სტატისტიკაზე ბევრად იქნება დამოკიდებული, ღირს თუ არა ევრო ზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის სექტემბერში შეწყვეტა.


პროგნოზის შესაბამისად, სამომხმარებლო ფასები 1.6 პროცენტით უნდა იყოს გაზრდილი. აპრილში ზრდამ მხოლოდ 1.2 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძირეული ინფლაციის დონე, რომელიც ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასებს არ მოიცავს. მოსალოდნელია, რომ ის 1.0 პროცენტი იქნება. შედარებისთვის, წინა თვეში მხოლოდ 0.7 პროცენტი იყო.


ევროპის ცენტრალური ბანკი, ევრო ზონის ეკონომიკის მასიური სტიმულირების პროგრამის შეწყვეტას გეგმავს. მაგრამ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებამ, ბევრი კითხვა გააჩინია. კერძოდ, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ინფლაციის მდგრად ზრდს გარეშე, სტიმულირების პროგრამის შეწყვეტა და ევროზე საპროცენტო განაკვეთის აწევის დაწყება, ნაჩქარევი ნაბიჯი იქნება.


აზიის ბაზრები


ინვესტორების და ფინანსისტების ყურადღებას ასევე მიიქცევს ინფორმაციები აზიიდან. კერძოდ, ჩინეთი მრეწველობის მონაცემებს გამოაქვეყნებს, რომლებმაც უნდა გვიჩვენოს, მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის კვლავ მდგრადია, თუ არა.


პროგნოზის შესაბამისად, ცისქვეშეთში სამრეწველო სფეროში აქტივობის ინდექსი, წინა თვის მსგავსად, 51.4 პროცენტი უნდა იყოს. ჩინეთის ლოჯისტიკის და შესყიდვების ფედერაცია შესაბამის სტატისტიკას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს. პარასკევს კი კაისინის საწარმოო ინდექსი გამოქვეყნდება. ის პატარა და საშუალო ფირმების სტატისტიკის კრებითი მაჩვენებელია და მოსალოდნლია, რომ 0.2 პროცენტით, 51.3-მდე გაიზრდება.


რა შეიცვლება კანადაში?


წამყვანი ეკონომიკების ცენტრალური ბანკებიდან, მხოლოდ კანადის ბანკი გადაწყვეტს მონეტარული პოლიტიკის საკითხებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ ბანკი კანადურ დოლარზე საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვებს.


გარდა ამისა, კვლავ გრძელდება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშრებული მოლაპარაკებები. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი შეხვედრა აქვს დანიშნული ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონ უნთან, რომელსაც ამ ქვეყნის მომავლის სასიკეთოდ შემობრუნება შეუძლია.


სხვა სიახლეები