• Ƀ/$

იტალიური ბონდების „შავი სამშაბათი“

29 მაისი 19:30, 2018 წელი | ანალიტიკა

ევრო ზონის მესამე უდიდესი ეკონომიკის მქონე იტალიის საკონსტიტუციო კრიზისის გამწვავების გამო, იტალიური ფასიანი ქაღალდები, 25 წელიწადში ყველაზე მეტად გაუფასურდა.

ეს ყველაფერი კი ევროსაც აზარალებს, რომლის კურსიც, შარშანდელი ივლისის შემდეგ, უდაბლეს ნიშნულზე (1.1509 დოლარი) ჩამოვიდა.


იტალიის მოკლევადიანი ობლიგაციების მომგებიანობა, რომელიც როგორც წესი, ამავე ობლიგაციების ფასის საპირისპიროდ მოძრაობს, 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ტემპით გაიზარდა. იმავდროულად, იტალიის და ევრო ზონის საბანკო აქციები 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.


ახალი არჩევნები და ულტრუმემარჯვენეთა შანსები


იტალიის პრეზიდენტს ქვეყანა ახალი არჩევნებისკენ მიჰყავს და პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, საერთაშორისიო სავალუტო ფონდის ყოფილი ოფიციალური პირი დანიშნა, რომლის მთავარი მიზანი, ახალი ბიუჯეტის მომზადება იქნება.


ამ ყველაფერში პრობლემა ისაა, რომ ახალი არჩევნების შემდეგ, ევროსკეპტიკური პოლიტიკოსების უფრო მყარი გამარჯვება გამორიცხული არაა.


მოძრაობა „5 ვარსკვლავი“ და უკიდურესად მემარჯვენე გაერთიანება „ლიგა“ უკვე საარჩევნო კამპანიაზე გადაერთნენ. „5 ვარსკვლავი“ პრეზიდენტ სერჯო მატარელას გადაყენების მოთხოვნით, ხალხს ქუჩის გამოსვლებისკენაც კი მოუწოდებს. მათ პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, 81 წლის პაოლო სავონა სურთ, რომელიც იტალიის ევროზონიდან გასვლას ემხრობა.


კრიზისის ფისკალური ეფექტი


ყოველივეს გამო, იტალიის ცენტრალური ბანკის შეფმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა ინვესტორების ნდობის დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე დგას. იტალიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რომელიც ევრო ზონის ეკონომიკის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.


2013 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა განსხვავება იტალიის და გერმანიის 10-წლიან სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობას შორის. ინვესტორები ამ სხვაობას, ევრო ზონაში არსებულ განწყობათა შესაფასებლად იყენებენ. სხვაობა 300 საბაზისო ერთეულამდე გაიზარდა. შედარებისთვის, აპრილში სხვაობა მხოლოდ 115 ერთეული იყო.


პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, ინვესტორები იტალიაში საქმის დასაწყებად, ჩვეულებრივზე მაღალი სარგებლის მიღებას ეცდებიან, ან საერთოდ მოერიდებიან ახალ პროექტებს. ეს კი ქვეყნის ეკონომიკას ძლიერ დააზარალებს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალი არჩევნები, რეალურად იმის რეფერენდუმიც იქნება, სურს თუ არა იტალიას ევრო ზონაში დარჩენა.


იტალიის 2-წლიანი ობლიგაციების მომგებიანობა 2.73 პროცენტამდე გაიზარდა, 10-წლიანისა კი - 3.38 პროცენტამდე. ეს ბოლო ერთ წელიწადში პირველი შემთხვევაა, როცა იტალიის ობლიგაციების მომგებიანობა ამერიკულისაზე მაღალია. შესაბამისად, ინვესტორები რისკისგან თავშესაფარს გერმანულ 10-წლიან ობლიგაციებში ეძებენ, რომელთა მომგებიანობაც მხოლოდ 0.19 პროცენტია.


შექმნილი სიტუაცია ევროსაც აზარალებს. მისი კურსი დოლართან მიმართებით, შარშანდელი ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, 1.1509 დოლარზე ჩამოვიდა, თუმცა შემდეგ კორექციულ ფაზაში გადავიდა და ამ მომენტში 1 ევრო 1.1574 დოლარი ღირს. ევრო იაპონურ იენთან წყვილშიც დასუსტდა და 2017 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ წერტილს - 125.10 იენს მიაღწია.


სხვა სიახლეები