• Ƀ/$

ივნისის მოვლენები, რომლებიც გლობალურ ბაზრებს საფრთხეს უქმნის

4 ივნისი 10:50, 2018 წელი | ანალიტიკა

მაისი ბაზრებისთვის მოვლენებით იყო აღსავსე, მაგრამ ანალიტიკოსები უფრო საინტერესო და დატვირთულ ივნისს წინასწარმეტყველებენ.

ჯერ ერთი, რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ისტორიული სამიტი, რისი ძირითადი თემაც, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებაა.


პოლიტიკური მოვლენებიდან აღსანიშნავია არჩევნები თურქეთში და რეფერენდუმი შვეიცარიაში, რომელიც ე.წ. სუვერენულ ფულს ეხება. ივნისში სულ ექვსი ძირითადი მოვლენაა, რომლებსაც ბაზრებზე რყევების გამოწვევა შეუძლია:


10 ივნისი - შვეიცარიული შოკის მოლოდინი


რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს ე.წ. ცოცხალი ფულის საკითხი. საქმე ისაა, რომ შვეიცარიაში მოძრავი ფულის დაახლოებით 10% (დაახლოებით 80 მილიარდი ფრანკი) არსებობს მონეტების და ბანკნოტების სახით. დანარჩენი თანხა კი ბანკებში მოთხოვნამდე დეპოზიტებზე ინახება და ფაქტობრივად, ვირტუალურად არსებობს. ამ ფულის სახით, ბანკები ფაქტობრივად ფულის ემიტენტები არიან, რადგან მათ მათ ელექტრონული ანგარიშსწორებისას, კრედიტების გაცემისას და სხვა ოპერაციებში იყენებენ.


ფაქტობრივად, ეს ვირტუალური ფულია, რომელიც გლობალური კრიზისების დროს, ადვილად ექცევა დარტყმის ქვეშ. რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს, იქნბა თუ არა შვეიცარიის ეროვნული ბანკი (SNB) ქვეყანაში ახალი ფულის ერთადერთი გამომშვები. SNB ირწმუნება, რომ ამ შემთხვევაში, მას ეფექტური მონეტარული პოლიტიკის გატარება გაუჭირდება.


ამასთან, ინვესტორები დაკარგავენ შვეიცარიული ფრანკისადმი ნდობას, რადგან ფულის ბეჭდვა არ იქნება მხადაჭერილი აქტივებით. ასეთი გადაწყვეტილების მიღება დააზარალებს შვეიცარიულ ბანკებს, როგორებიცაა UBS და „კრედიტ სვის“.


გამოკითხვების შესაბამისად, ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 35% ემხრობა ცვლილებას, თუმცა ბრექსიტის მაგალითზე, გამორიცხული არაფერია...


12-13 ივნისი - ფედრეზერვის სხდომა


აშშ-ის ფედრეზერვის ივნისის სხდომისგან, ბაზარი დოლარზე განაკვეთის აწევას მოელის. წელს ეს პირველად მარტის სხდომაზე მოხდა. სულ კი ფედრეზერვი ამის გაკეთებას სამჯერ გეგმავს. ჯერჯერობით ასეა, თუმცა ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპი ინვესტორებს აფიქრებინებს, რომ მონტარული პოლიტიკის გამკაცრების სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს.


გასული მაისი დლარისთვის საუკეთესო იყო 2016 წლის ნოემბრის შემდეგ. ამ ეტაპზე, დოლარის გამყარებას ძირითადად სახაზინო ვალდებულებათა მომგებიანობის ზრდა განაპირობებს. გარდა ამისა, ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე (3.8%) შემცირდა უმუშევრობის დონე. მეორე მხრივ, ჩინეთთან და ევროპასთან ვაჭრობაში წარმოქმნილი დაძაბულობა ეკონომიკის განვითარებას რისკს უქმნის.


ასეა თუ ისე, ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელის ოპტიმიზმი, დოლარისთვის და სახაზინო ვალდებულებათა მომგებიანობისთვის, დადებითი მუხტის მიმცემი ფაქტორი გახდება.


12 ივნისი - ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა


შეხვედრა დანიშნულია, მაგრამ შედგება თუ არა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება და პხენიანის დე-ნუკლეარიზაცია შესაძლებელი გახდება.


ასეა თუ ისე, შეხვედრის დანიშვნაც კი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ მსოფლიოს სააქციო ბაზარი გამოცოცხლებულიყო.


22 ივნისი - OPEC-ის სხდომა


Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 80 დოლართან ახლოსაა. ეს მეტწილად იმის შედეგია, რომ OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნები ბაზარზე მიწოდებას, შეთანხმებისამებრ, ზღუდავენ. მაგრამ ახლა უკვე გაისმის ხმები იმის შესახებ, რომ შეზღუდვა შესამცირებელია. მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ირანს კვლავ სანქციები ელის.


22 ივნისის შეხვედრა ვენაში გაიმართება და მასზე პირველ რიგში, სწორედ შეზღუდვის გაგრძელების საკითხს განიხილავენ. მასზე ალბათ იმასაც გაითვალისწინებენ, რომ შეერთებული შტატები ნავთობის მოპოვებას სულ უფრო ზრდის. სხვათა შორის, საუდის არაბეთმა (OPEC-ის ლიდერია) და რუსეთმა უკვე გამოაცხადეს, რომ შეზღუდვის მოცულობა შესამცირებელია. თუმცა ორგანიზაციის სხვა წევრები ამის წინააღმდგნი არიან.


ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ერთი ბარელი Brent-ის ფასი ნებისმიერ შემთხვევაში, $70–ზე მაღლა დარჩება;


24 ივნისი - არჩევნები თურქეთში


არცთუ დიდი ხნის წინ, თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული განვითარებადი ბაზარი იყო. მაგრამ წელს მისი ვალუტა ეცემა და ფასიანი ქაღალდბი უფასურდება. არჩევნები საპრეზიდენტოა. მოსალოდნელია, რომ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი შეინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს.


ერდოგანის მმართველობის 15 წლის განმავლობაში, თურქეთის ეკონომიკა სტაბილურად და მაღალი ტემპით ვითარდება. მაგრამ დასავლეთის და უფლებადამცველთა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ის სულ უფრო მეტად ცდილობს ოპონენტთა შევიწროებას და ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვებას. ამ ყველაფრის გამო, ბევრი ინვესტორი თავს დაუცველად გრძნობს.


გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერდოგანის მხარდამჭერ პარტიას და მის პარტნიორ ნაციონალისტურ პარტიას, ამომრჩეველთა დაახლოებით 50% უჭერს მხარს. საპრეზიდენტოს პარალელურად, საპარლამენტო არჩევნებიც იმართება და თუ ერდოღანი პარლამენტში მხარდაჭერას დაკარგავს, ეს მის ძალაუფლებას მეტნაკლებად დააბალანსებს.


რაც შეეხება თურქულ ლირას, წელს ის დაახლოებით 20 პროცენტით გაუფასურდა (დოლართან მიმართებით). ცენტრალურმა ბანკმა ახლახანს ლირაზე განაკვეთი 3 პროცენტით ასწია, თუმცა ეს უმალვე გააბათილა ერდოგანმა, ვინც „საპროცენტო განაკვეთების მტერია“. ცენტრალური ბანკი არჩევნებამდე კიდევ ერთ საგანგებო სხდომას ჩაატარებს, რომელზეც ვალუტის სტაბილიზირებისთვის საჭირო სხვა ზომებსაც განიხილავს.


28-29 ივნისი - ბრექსიტის საკითხი


თვის ბოლოს გაიმართება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ბრექსიტის საკითხებს განიხილავენ. ამ სამიტზე ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი წარსდგება გეგმით, რომელიც ბრექსიტის შემდგომ ქვეყნის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის ფინანსური და სასოფლო სფეროს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას შეეხება.


როგორი მომავალი აქვს ბრექსიტის შემდგომ ბრიტანეთის ეკონომიკას და ბრიტანულ სტერლინგს, ამასთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობაა, რაც სტერლინგის დასუსტებაში აისახება...


სხვა სიახლეები