• Ƀ/$

G7-ს სამმიტის წინ, დოლარი მყარდება, ევრო - სუსტდება

8 ივნისი 18:43, 2018 წელი | ანალიტიკა

დიდი შვიდეულის სამიტის წინ, რომელიც 8 ივნისს იწყება, დოლარის ინდექსმა ზრდა დაიწყო. მისგან განსხვავებით, წინა დღეებში მოპოვებულ პოზიციებს თმობს ევრო, რომელიც გუშინ ბოლო სამი კვირის მაქსიმალურ მაჩვენებელზე (1.1839 დოლარი) იყო ასული. 

დოლარი ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს წარმოადგენს, 0.19 პროცენტით, 93.61-მდე გაიზარდა. ევროს კურსმა კი 1.1764 დოლარამდე დაიკლო.


G7-ის სამიტი კანადის ქალაქ კვებეკში პარასკევს იწყება. პოლიტიკის გარდა, მასზე ვაჭრობაში ამერიკასა და მის პარტნიორებს შორის წარმოქმნილ სირთულეებზეც იმსჯელებენ. საფრანგეთი და გერმანია იქადნიან, რომ ერთობლივ განცხადებას ხელს არ მოაწერენ, თუ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი გახდება.


თუმცა, ეკონომიკის წამყვანი მრჩეველი ლარი კუდლოუ ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკან დახევას არ აპირებს და ვაჭრობაში პარიტეტის დამყარების მიღწევას ბოლომდე ეცდება. კვებეკში გამგზავრების წინ, ტრამპმა კანადა და საფრანგეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „არამონეტარულ ბარიერებს ქმნიან“.


გარდა ამისა, ინვესტორთა ყურადღების ცენტრში რჩება ფედრეზერვის სხდომა, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება. ანალიტიკოსთა შეფასებით, არსებობს დაახლოებით 90-პროცენტიანი შანსი იმისა, რომ ამ სხდომაზე ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს (წელს მეორედ) ასწევს.


ევრო კი კვლავ ზეწოლის ქვეშ რჩება, რასაც ძირითადად იტალიაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა ქმნის. თუმცა მეორე მხრივ, მალე ევროპის ცენტრალური ბანკი გამოაცხადებს, რომ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას დაასრულებს, რის შესახებაც თავისი მომავალი სხდომის (ასევე მომდევნო კვირაში ჩატარდება) შემდეგ გვამცნობს.


საინტერესოა, რომ საერთო გამყარების ფონზე, დოლარი პოზიციებს იაპონურ იენთან თმობს, რომელიც ამჯერადაც რისკებისგან თავშესაფარი აქტივის ავტორიტეტით სარგებლობს. ამერიკული ვალუტის ფასი 109.18 იენამდე შემცირდა (ოთხშაბათის 110.25-დან), რასაც ბევრ სფეროში გაურკვევლობა განაპირობებს.


 


მსგავს თემაზე:


დადებითმა სტატისტიკამ სტერლინგი გამოაცოცხლა


ივნისის მოვლენები, რომლებიც გლობალურ ბაზრებს საფრთხეს უქმნის


სხვა სიახლეები