• Ƀ/$

დიდი განხეთქილება G7-ში: ტრამპთან შეთანხმება ვერ მოხერხდა

9 ივნისი 17:14, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

კვებეკში G7-ის სამიტზე „დიდი შვიდიანის“ ექვს წევრსა და აშშ–ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირების განმუხტვის მცდელობა ჩაიშალა.

დაპირისპირების ძირითადი საგანი ვაჭრობაა. აშშ–ის პარტნიორები აღშფოთებული არიან ტრამპის გადაწყვეტილებით, რომელიც ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრას შეეხება. ქვეყნებს შორის დაპირისპირებამ ისეთი გაქანება მიიღო, რომ ექსპერტები „სავაჭრო ომზე“ ალაპარაკდნენ.


სამიტის შემაჯამებელი განცხადება შედგება თუ არა, გაურკვეველი რჩება. დოკუმენტი შაბათს, 9 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს, რომელსაც სამიტის ყველა მონაწილე ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი.


საფრანგეთის პრეზიდენტმა კვებეკში პარასკევს განაცხადა, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი აშშ–ის ხელმოწერის გარეშეც შეიძლება მიიღონ.


მან ტვიტერის გვერდზე მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის ბოლო ეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სადაც მიანიშნა, რომ ამის გამო აშშ შესაძლოა იზოლაციაში აღმოჩნდეს.


„აშშ–ის პრეზიდენტი შეიძლება არც არის იზოლაციის წინააღმდეგი – არც ჩვენ ვართ წინააღმდეგი, ექვსი ქვეყნის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი“, – წერს საფრანგეთის ლიდერი.


მაკრონის თქმით, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი და იაპონია ერთად „ნამდვილ საერთაშორისო ძალად“ ჩამოყალიბდნენ და დიდი ისტორიის მქონე ეკონომიკურ ბაზარს წარმოადგენენ, რომელიც აშშ–ის ბაზარს აღემატება.


გარდა ამისა, მაკრონმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები არ დაუშვებენ მსოფლიო ეკონომიკაში ერთი რომელიმე ქვეყნის ერთპიროვნულ ჰეგემონიას.


მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ კანადა და საფრანგეთი მაღალი ტარიფით ბეგრავენ ამერიკული პროდუქციის იმპორტს და ბარიერებს ქმნიან.


დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის პროდუქციის იმპორტი, შესაბამისად, 25 და 10%–ით 1–ლი ივნისიდან იბეგრება.


სააგენტო Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით მანამდე წერდა, რომ საფრანგეთი არ აპირებს ერთობლივი განცხადების ხელმოწერას, თუ ტრამპი დათმობაზე არ წავა ფოლადისა და ალუმინის დაბეგვრის, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და კლიმატზე პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით.


როგორც მოსალოდნელია, კანადის კვებეკის პროვინციის ქალაქ ლა მალბეს, სადაც G7 იმართება, მონაწილე ქვეყნების ლიდერებიდან პირველი დონალდ ტრამპი დატოვებს და სინგაპურში გაემგზავრება, სადაც 12 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ისტორიული შეხვედრა აქვს ჩანიშნული.


მსგავს თემაზე:


მაკრონი ვაშინგტონს იზოლირებით დაემუქრა


ჩინეთი უკან იხევს – დღეიდან იმპორტის დაბეგვრას ანახევრებს


გლობალური ეკონომიკის მშვიდი საზაფხულო სტარტი


ტრამპმა სავაჭრო ომის დაწყების მიზეზები განმარტა


ვაშინგტონი ევროპულ ფოლადსა და ალუმინს 1–ლი ივნისიდან დაბეგრავს


სხვა სიახლეები