• Ƀ/$

ცენტრალური ბანკებისა და ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის შეხვედრის კვირა

11 ივნისი 16:41 | ანალიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში სამი ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული სხდომა იმართება, მთავარი მოვლენა მაინც შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა სინგაპურის სამიტია.

მიმდინარე კვირაში ასევე ყურადღების ცენტრში იქნება დიდი შვიდეულის კანადური შეხვედრის შემდგომი მოვლენები, რომლებიც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხებს უკავშირდება.


G7-ის სამიტი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც სინგაპურის შეხვედრის გამო პირველმა დატოვა, განაცხადა, რომ ამერიკა არ ივაჭრებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავად ამერიკული ექსპორტისთვის სატარიფო ბარიერებს არ შეამცირებენ.


ტრამპმა განაცხადა, რომ თავის წარმომადგენლებს დაუბარა, არ მოიწონონ G7-ის ერთობლივი კომუნიკე და რომ მისი ადმინისტრაცია იმპორტირებულ ავტომობილებზე ტრარიფის ზრდის საკითხს განიხილავს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა, მოკავშირეებს შორის სავაჭრო ომი გაჩაღდეს. კვებეკიდან წამოსვლის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ათწლეულებია, ითმენს სხვების მხრიდან სავაჭრო შეღავათებით ბოროტად სარგებლობას და ეს უკვე მეტისმეტია.


შეერთებული შტატები აღარ აპირებს, შეღავათები მისცეს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკული კომპანიების და ფერმერების ნაწარმზე მასიურ სატარიფო ბარიერებს აწესებენ. და იმავდროულად, ამ ქვეყნების პროდუქცია ამერიკაში პრაქტიკულად გადასახადების გარეშე იყიდება. მრავალი წელია, ვითმენთ ამას, მაგრამ ასე აღარ იქნება“, - წერს საკუთარ ტვიტერზე ტრამპი.


სამიტის შემდეგ ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე, კანადის პრემიერ–მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ თითქოს ამერიკის დელეგაციამ მხარი დაუჭირა G7-ის განცხადებას, რასაც ტრამპმა ისევ ტვიტერით უპასუხა: „მის პრეს–კონფერენციაზე გაკეთებული არასწორი განცხადების და იმის გამო, რომ კანადა ჩვენი ფერმერების და კომპანიების ნაწარმს უზარმაზარი ტარიფებით ბეგრავს, ჩემს წარმომადგენლებს მივეცი ინსტრუქცია, არ შეუერთდნენ კომუნიკეს და იმავდროულად, ჩვენ იმპორტულ ავტომობილებზე, რომლებმაც აავსო ჩვენი ბაზარი, ახალ ტარიფებს დავაწესებთ“!


სამიტამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონმა კანდიდან, ევროპიდან და მექსიკიდან შეტანილ ფოლადსა და ალუმინზე შესაბამისად, 25 და 10-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. ამით პრაქტიკულად წერტილი დაესვა ამერიკას, კანადას და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA - ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) განახლების პერსპექტივას. უფრო მეტიც, აშშ იმუქრება, რომ დატოვებს NAFTA-ს, თუ მისი კომპანიებისა და ფერმერებისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდება.


ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრის მთავარი თემა, კორეის ნახევარკუნძულის არაბირთვულ ზონად გამოცხადებაა. ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური თემაა, თუმცა საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დაძაბულობის დიდი კერა განეიტრალდება.


ფედრეზერვის გადაწყვეტილება


ფინანსური ბაზრები ყველაზე მეტად ფედრეზერვის სხდომას მოელიან. ის ორი დღე გაგრძელდება და ცენტრალური ბანკი თავის გადაწყვეტილებას ოთხშაბათს გამოაცხადებს. ინვესტორები და ანალიტიკოსები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ ფედრეზერვის დოლარზე საპროცენტო განაკვეთს 0.25 ერთეულით ასწევს, რის შემდეგაც ის 1.75-2.0 პროცენტიან შუალედში მოექცევა.


რაც მთავარია, რჩება იმის რეალური შესაძლებლობა, რომ წელს განაკვეთი ოთხჯერ გაიზრდება და არა სამჯერ, როგორც ეს ფედრეზერვს დაგეგმილი აქვს. ასეთი ვარაუდს საფუძველს კი ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარება და ინფლაციის მიზნობრივ დონესთან მიახლოება იძლევა.


გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, განცხადებას გააკეთებს ფედრეზერვის შეფი ჯერომ პაუელი, რომელიც ისეთ გარე საფრთხეებზე გააკეთებს აქცენტს, როგორიცაა სავაჭრო ომი და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში მოსალოდნელი რყევები. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკი თავის ახალ სამოქმედო გეგმას და ეკონომიკის განახლებულ პროგნოზსაც გამოაქვეყნებს.


ECB-ის გადაწყვეტილება


ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრას ბაზარი მოუთმენლად ელის, ინვესტორებს ყველაზე მეტად, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუნდაც მცირე მინიშნების მოსმენა აინტერესებთ. ბაზრის მოლოდინი ისაა, რომ ECB სტიმულირების 2.5-ტრილიონ ევროიან პროგრამას წელს შეწყვეტს.


ინვესტორები ევროს შესყიდვებს ECB-ს მთავარ ეკონომისტ პეტერ პრაეტის განცხადების შემდეგ დაუბრუნდნენ. პრაეტმა განაცხადა, რომ ცენტრალკური ბანკი სტიმულირების პროგრამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. არადა, მანამდე ინვესტორები ელოდნენ, რომ ამ საკითხზე ECB ივლისის სხდომაზე იმსჯელებდა.


იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება


იაპონიის ბანკისგან (BoJ) იენზე საპროცენტო განაკვეთის შეცვლა მოსალოდნელი არ არის. ბანკი თავის გადაწყვეტილებას პარასკევს გამოაქვეყნებს. ამჟამად მოკლევადიანი საკრედიტო განაკვეთი მინუს 0.1 პროცენტია. ბანკის მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბანკის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა პრეს–კონფერენციას გამართავს.


კუროდას მანამდე ნათქვამი აქვს, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი ბაზრებს ტელეგრაფით შეატყობინებს, თუ როგორ აპირებს მეტისმეტად რბილი მონეტარული პოლიტიკის შეცვლას. გავრცელებული ინფორმაციით, BOJ რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამის შეწყვეტისთვის საფუძველს ამზადებს.


სხვა სიახლეები