• Ƀ/$

EBRD-ს ხელშეწყობით სამთო სექტორის განვითარების ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ამოქმედდა

12 ივნისი 13:51 | ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიერ ერთობლივად დაიწყო სამთო სექტორის შემდგომი განვითარების ახალი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა. 

პროგრამა  მიზნად ისახავს სააგენტოს ხელშეწყობას, რომ მან შეიმუშავოს სექტორის პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტები. კონსულტაცია დაემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და  სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებასთან. პროგრამის ხანგრძლივობა 9 თვეა.


წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მთავრობის სამოქმედი გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სამთო-მოპოვებითი სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა წარმოადგენს. მისი თქმით, რეფორმის შედეგად ეკონომიკური სარგებლიანობა და საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება, სექტორში დამკვიდრდება კარგი მმართველობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმები, როგორც მოპოვების პროცესის გაუმჯობესების საუკეთესო საფუძველი


ახალი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაფინანსებულია EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდისა და სააგენტოს მიერ. პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობა.


წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შერჩეულია მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო ჯგუფი (Adam Smith International), რომელიც გამოირჩევა სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული შთამბეჭდავი გამოცდილებითა და ავტორიტეტით, რაც პროექტის წარმატების გარანტია იქნება.


"სექტორის პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩარჩოს განვითარებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ინვესტორის რისკი და გაზარდოს საინვესტიციო კლიმატი, რითაც განაპირობებს პასუხისმგებელი ინვესტორების მიერ მართებული ოპერაციების განხორცილებას" - აცხადებს  EBRD- ის სამართლებრივი გარდაქმნის ჯგუფის უფროსი მრჩეველი პოლ მოფატი.


როგორც EBRD-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობისთვის კვლავაც პრიორიტეტულია წიაღით სარგებლობის სფერო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას სამთო საკითხებზე სპეციალიზებულად მომუშავე სააგენტოსთან ერთად. მათივე განცხადებით, სამთო სექტორის განვითარება საქართველოში EBRD-ის სტრატეგიის ნაწილია.


 


მსგავს თემაზე:


სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის ღირებულება 10-ჯერ შემცირდა


სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირება ელექტრონულად გახდება შესაძლებელი


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი