• Ƀ/$

დოლარი ფედრეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინში

12 ივნისი 16:34 | ანალიტიკა

ფედერალური რეზერვის ორდღიანი სხდომა დღეს დაიწყო, რომელზეც შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი დოლარის საპროცენტო განაკვეთზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, გლობალური საფინანსო ბაზარი უფრო მეტად იმის მოლოდინშია, რომ ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, თავის სამომავლო გეგმებსაც გამოაქვეყნებს.


იმ დროს, როცა დოლარზე განაკვეთის აწევას ბაზარი თითქმის გარანტირებულად ელის, დოლარის ინდექსი ჯერ გაიზარდა, შემდეგ კი შედარებით დათმო პოზიცია. ზრდა, ძირითადად, იენთან წყვილში დოლარის გამყარებამ განაპირობა. ევროსთან წყვილში დოლარი პრაქტიკულად უცვლელად დარჩა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ფედრეზერვის გარდა, ამ კვირაში მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ევროპის ცენტრალური ბანკიც (ECB) მიიღებს.


აზიის სავაჭრო სესიის დროს დოლარის ინდექსი 93.89-მდე გაიზარდა (5 ივნისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელი), თუმცა შემდეგ 93.53-მდე შემცირდა. იენთან წყვილში 1 დლარის ფასმა 110.48 იენს მიაღწია და ის 200-დღიან საშუალოზე მაღლა იმყოფება, რაც ტექნიკური ანალიზის მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლო ზრდის მანიშნებელია.


ევროსთან წყვილში დოლარი ვიწრო დიაპაზნოში იმყოფება. 1 ევროს ფასმა მაქსიმუმ 1.1807-ს მიაღწია, მინიმუმი კი 1.1739 იყო. ამჟამად ფასი 1.1782-ის სიახლოვესაა.


მსგავსი სიტუაციაა დლარის და სტერლინგის წყვილშიც, სადაც 1 სტერლინგის დღის მაქსიმუმი 1.3420 დოლარი იყო, მინიმუმი კი - 1.3339 დოლარი.


რა თქმა უნდა, ბაზრების ყურადღების ცენტრშია შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. ტრამპი კარგ შთაბეჭდილებებზე წერს. თუმცა, როგორც ING-ის ლონდონის ოფისის სავალუტო სტრატეგი ვირაჟ პატელი ამბობს, ახლა მთავარი არა კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, არამედ G7-ის სამიტის შედეგებია.


და მაინც, დოლარის იენთან წყვილში გამყარება იმის მანიშნებელია, რომ ბაზარი რისკიან აქტივებს უფრო ანიჭებს უპირატესობას. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც ტრამპი ამბობს, კორეის ნახევარკუნძულის არაბირთვულ ზონად გამოცხადების პროცესი „ძალიან, ძალიან სწრაფად“ დაიწყება.


რაც შეეხება ფედრეზერვის შეხვედრას: სულ უფრო მეტი ანლიტიკოსი მოელის, რომ ფედრეზერვის მალე ნეიტრალურ პოზიციაზე გადაინაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა იმ მდგომარეობაშია, როცა მონეტარული პოლიტიკის ცვლა მასზე არც დადებით და არც უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ამ პერიოდში ინფლაცია სტაბილურია და მიზნბრივი 2-პროცენტიანი ზღვარის სიახლოვეს იმყოფება.


ფედრეზერვის მიზანი სწორედ ასეთი სიტუაციის რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნებაა.


სხვა სიახლეები