• Ƀ/$

დოლარის განაკვეთი წელს მეორედ გაიზარდა

14 ივნისი 09:33, 2018 წელი | ანალიტიკა

როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 0.25-ით გაზარდა. ამგვარად, სწრაფი სესხების განაკვეთი 1.75-2.00 პროცენტის დიაპაზონში მოექცა.

გარდა ამისა, ცენტრალურმა ბანკმა მიანიშნა, რომ შესაფერისი ფონის არსებობის შემთხვევაში, განაკვეთის აწევის ტემპს გაზრდის.


„კომიტეტი (ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი - FOMC. – რედ.) მოელის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური და მდგრადი განვითარების გაგრძელების, შრომის ძლიერი ბაზრის და ინფლაციის მიზნობრივ დონესთან შენარჩუნების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის სასურველ დიაპაზონამდე ეტაპობრივად გაზრდას შეძლებს“, - ნათქვამია ფედრეზერვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


FOMC-ის წევრებმა, საშუალოვადიან პროგნოზში, წელს დოლარის საპროცენტო განაკვეთის 2.4 პროცენტამდე აწევა ივარაუდეს. წინა პროგნოზში 2.1 პროცენტი იყო მითითებული. ეს კი ნიშნავს, რომ ეკონომიკის და შრომის ბაზრის განვითარების მიმდინარე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ფედრეზერვი განაკვეთს კიდევ ორჯერ გაზრდის. მომავალი წლისთვის პროგნოზი 2.9-დან 3.1 პროცენტამდე გაიზარდა, 2020 წლის პროგნოზი კი უცვლელად, 3.4 პროცენტის დონეზე დარჩა.


„JP მორგანი“ წერს, რომ ახალ პროგნოზს ფედრეზერვის მხოლოდ ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი, რაც იმის ნიშანია, რომ წლის მეორე ნახევარში საპროცენტო განაკვეთი კიდევ ორჯერ გაიზრდება.


გაიზარდა ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც, რომლის თანახმად შეერთებული შტატების ეკონომიკა წელს 2.8 პროცენტით გაიზრდება, რაც მარტის სხდომის პროგნოზზე 0.1 პროცენტით მეტია. ფედრეზერვმა ინფლაციის პროგნოზიც გაზარდა. ახალი ვარაუდით, წელს ინფლაციის ზრდის ტემპი 2 პროცენტი იქნება, რაც მარტის სხდომის პროგნოზზე ასევე 0.1 პროცენტით მეტია. ამასთან, ძირეული ინფლაციის 2019 და 2020 წლების პროგნოზი არ შეცვლილა.


სხდომის ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ფედრეზერვის წევრებს არ აღელვებს ინფლაციის მიზნობრივ 2.0-პროცენტიან დონეზე მაღლა ზრდის პერსპექტივა. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ინფლაცია ამ დონეზე დაბლა ისევ არ ჩამოვიდეს.


რაც შეეხება შრომის ბაზართან დაკავშირებულ ვარაუდს, ფედრეზერვის აზრით, უმუშევრობის დონე ახლანდელი 3.8-დან 3.6 პროცენტამდე დაიწევს (წლის ბოლოსთვის). 2019 და 2020 წლებში კი 3.5 პროცენტამდეც ჩამოვა.


მსგავს თემაზე:


დოლარი ფედრეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინში


გლობალური ეკონომიკის მშვიდი საზაფხულო სტარტი


ცენტრალური ბანკებისა და ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის შეხვედრის კვირა


ივნისის მოვლენები, რომლებიც გლობალურ ბაზრებს საფრთხეს უქმნის


სხვა სიახლეები