• Ƀ/$

ტრამპის დარტყმას დოლარიც განიცდის

15 ივნისი 17:58, 2018 წელი | ანალიტიკა

ბოლო 19 თვეში მისთვის ყველაზე რთულ კვირას ევრო აღმავლობით ამთავრებს, დოლარი კი პირიქით - სავაჭრო ომის საფრთხის ფონზე კლებულობს.

დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვს მთავარ ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს წარმოადგენს, 0.19%–ით, 94.75-მდე დაიკლო.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადება დღეს გამოქვეყნდება. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობია, რა სახის საქონელზეა ლაპარაკი და ახალი ტარიფები როდის შევა ძალაში.


მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მოლაპარაკებების დროს, გარკვეული შეთანხმებები მიღწეული იყო. მაგრამ სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით თანხმობა ჯერჯერობით არ არსებობს. ამის გამო, აშშ, რომელსაც მსგავსი პრობლემები ევროპასთან, იაპონიასთან, კანადასთან და მექსიკასთანაც აქვს, გადამწყვეტ მოქმედებაზე გადადის.


ამის ფონზე, დოლართან წყვილში ზრდაზე გადავიდა ევრო, თუმცა ევროპული ვალუტა ჯერაც ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების ზემოქმედებას განიცდის. ECB-მ ევროზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა და გამოაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას დეკემბერში შეწყვეტს. ამასთან, ისიც დაამატა, რომ ევროზე განაკვეთის აწევას მომავალ ზაფხულამდე არ დაიწყებს.


დოლარზე ზეწოლის გამო, მასთან წყვილში ევრო ოდნავ გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ფასი 0.32%–ით, 1.1605 დოლარამდე გაიზარდა. დოლარის დროებითი სისუსტის გარდა, ევრო იმ ფაქტმაც გააძლიერა, რომ ევროზონის ინფლაცია მოსალოდნელ ფარგლებში დარჩა.


დლართან წყვილში გამყარდა იაპონური იენიც, რომელიც, ტრადიციულად, რისკებისგან თავშესაფარი აქტივის სტატუსით სარგებლობს. ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვის კვალობაზე, ინვესტორთა ნაწილმა ისევ იენის შესყიდვა დაიწყო, რაც იაპონურ ვალუტას ამყარებს. შესაბამისად, 1 დოლარის ფასი 0.36%–ით, 109.30 იენამდე შემცირდა. იენის გამყარება ვერც იმ ფაქტმა შეაფერხა, რომ იაპონიის ბანკმა, როგორც მოსალოდნელი იყო, იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.


ევროს და იენის მსგავსად, დოლართან პოზიციები ოდნავ აღიდგინა ბრიტანულმა სტერლინგმაც. თუმცა აშკარაა, რომ ჯერჯერობით, სამივეს აღმასვლა კორექციულ მოძრაობას ჰგავს, რის შემდეგაც ინიციატივა დიდი ალბათობით, ისევ დოლარის მხარეზე გადავა. ასეა თუ ისე, 1 სტერლინგის ფასი 0.1%–ით, 1.3276 დოლარამდე გაიზარდა.


მსგავს თემაზე:


ტრამპი ჩინურ საქონელზე საჯარიმო გადასახადს აწესებს


ტრამპმა სავაჭრო ომის დაწყების მიზეზები განმარტა


გლობალური ეკონომიკის მშვიდი საზაფხულო სტარტი


დონალდ ტრამპი G7-ის წევრებს დაუბეგრავი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს


ცენტრალური ბანკებისა და ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის შეხვედრის კვირა


სხვა სიახლეები