• Ƀ/$

ირანს OPEC+-ის შეხვედრაზე კონსენსუსის არ სჯერა

20 ივნისი 14:27, 2018 წელი | ანალიტიკა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) დაგეგმილ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ვერ შეთანხმდება ნედლეულის მოპოვების შემცირების გლობალურ გარიგებაზე.

სააგენტო როიტერის ცნობით, ასეთი მოსაზრებით ირანი გამოდის, რაც, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, თეირანს მოსკოვსა და ერ–რიადთან დააპირისპირებს, რომელთაც ნავთობმოპოვების მოცულობის გაზრდა სურთ.


OPEC და კარტელის არაწევრი რამდენიმე ქვეყნის 2016 წლის შეხვედრაზე ნავთობმოპოვების მოცულობების დღე–ღამეში 1,8 მლნ ბარელამდე შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამ მოცულობიდან რუსეთზე დღე–ღამეში 300 000 ბარელი მოდიოდა. შეთანხმების მიზანს ბაზარზე ნავთობის ფასის მაღალ დონეზე შენარჩუნება წარმოადგენდა და ის 2018 წლის ბოლომდე მოქმედებს.


კარტელის წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები მორიგ შეხვედრაზე კვირის ბოლოს, პარასევსა და შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეიკრიბებიან, სადაც სამომავლო პოლიტიკა უნდა შეიმუშაონ აშშ–ისა და ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის ზეწოლის ფონზე, რომლებიც მოუწოდებენ ნავთობექსპორტიორებს, მიუშვან სადავეები, გაზარდონ ნავთობის მიწოდება და ამით გლობალურ ეკონომიკას შეუწყონ ხელი.


OPEC–ის არაოფიციალური ლიდერი საუდის არაბეთი და კარტელს მიღმა მყოფი რუსეთი ნავთობმოპოვების მოცულობების შეზღუდვის ეტაპობრივი შერბილების მომხრეები არიან, რის წინააღმდეგაც გარიგების მონაწილე რამდენიმე ქვეყანა წავიდა.


„მე არ ვფიქრობ, რომ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწევთ. OPEC ის ორგანიზაცია არ არის, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის დაკრულზე იცეკვებს... OPEC არ წარმოადგენს აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურას“, – უთხრა ჟურნალისტებს ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ზანგანემ.


მანვე დასძინა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას OPEC–ის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაში, რომელიც ვენაში შაბათს გაიმართება.


ამავე დროს რუსული სააგენტო „ტასი“ ოთხშაბათს ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი OPEC–ის სამიტამდე რუსეთთან აპირებს შეათანხმოს ნავთობმოპოვების კორექტირების მოცულობის საკითხი.


ზანგანეს აზრით, ცოტა ხნის წინ ნავთობზე ფასის მკვეთრი ავარდნა დიდწილად ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ აშშ–ის მიერ დაწესებულმა ახალმა სანქციებმა გამოიწვია.


მანამდე ტრამპი OPEC–ს ნავთობზე ფასის ხელოვნურად აწევაში ადანაშაულებდა და კარტელს მოუწოდებდა, გაეზარდათ ნავთობმოპოვების მოცულობები. ამის შემდეგ ერ–რიადი და მოსკოვი ნავთობმოპოვების მოცულობების გაზრდის საკითხზე ალაპარაკდნენ.


მსგავს თემაზე:


OPEC+ აღარ აპირებს ნავთობმოპოვების მოცულობის შემცირებას


OPEC-ში დარწმუნებული არიან, რომ ირანის სანქციებს გაუმკლავდებიან


საუდის არაბეთი VS ირანი ვინ უფრო ძლიერია რეგიონში?


აშშ საუდიტებს ნავთობმოპოვების მოცულობის გაზრდას სთხოვს


სხვა სიახლეები