• Ƀ/$

ავტომუზეუმიდან გათხოვილი ბედნიერი პატარძლები - რა ღირს ანტიკვარული ავტომობილების საქორწინო იჯარა

ექსკლუზივი
21 ივნისი 16:22, 2018 წელი | ინტერვიუ

„ზილი 115“, „ზაპოროჟეცი 968“, „ჩაიკა“, „ლუაზი“ - ეს იმ ავტომობილების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დათვალიერებასაც თბილისის ავტომუზეუმში შეძლებთ. სხვა დანარჩენზე ავტომუზეუმის დირექტორი რეზო ჭეიშვილი M2B-ს უყვება.

- 2 წელია, რაც ავტომუზეუმი არსებობს. დარბაზში 32 ავტომობილი და 9 მოტოციკლეტია წარმოდგენილი. 9 მანქანა რესტავრაციის პროცესშია და მალე დაემატება ავტომუზეუმს. „ზაპოროჟეცი“, „მოსკვიჩი“ „ჟიგული“, „ლუაზი“ „ვოლგა“, „ჩაიკა“, „ზიმი“ - სტუმარს ძირითადად საბჭოთა პერიოდის ავტომობილების დათვალიერება შეუძლია, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა. სკოლები ექსკურსიებზე ხშირად მოდიან და ბავშვები წარსულს ეცნობიან.


ყველაზე ძველი ავტომობილი 1933 წელს გამოშვებული „პიკაპი გაზ 4“ გახლავთ, თუმცა ამჟამად რესტავრაცია უტარდება Ford M-ს, რომელიც 1928 წელსაა გამოშვებული.


- ვინ შექმნა ეს მუზეუმი და როგორია ავტომობილების შეგროვების ისტორია?


- ავტომუზეუმის მფლობელი ბიზნესმენი გიორგი მამულაშვილია, რომელიც 20 წელია, მანქანებს აგროვებს და კოლექციის გაზრდას აგრძელებს. მისი პირველი შენაძენი მწვანე ფერის „მოსკვიჩი 403“-ია, რამაც იმხელა ჟინი გაუჩინა, რომ დღეს უკვე ავტომუზეუმი აქვს. მანქანებს კერძო პირებისგან ყიდულობს.


- თითოეული ავტომობილი თავის ისტორიას ინახავს...


- კი, ასეა. „ზაპოროჟეცის“ ბოლო მოდელს პატრონი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, კორპუსის მეხუთე სართულზე ინახავდა. 90-იან წლებში, როცა ქვეყანასა თუ ქალაქში ცუდი სიტუაცია მძვინვარებდა, ასე დაიცვა გატაცებისგან მანქანა, რომელსაც 4 000 კმ აქვს გარბენი და ქარხნულია.


მუზეუმში წარმოდგენილია პირველი საბჭოთა სედანი და პიკაპი, რომელიც  მსოფლიოში 5 დარჩა. აქედან ერთი ჩვენთან ინახება, 4 რუსეთის ავტომუზეუმებშია გადანაწილებული. დამთვალიერებელს ჩვენი პატრიარქის „ჩაიკა გაზ 13“-ის ნახვაც შეუძლია. „ჩაიკა გაზ 14“ კი ედუარდ შევარდნაძეს მაშინ ემსახურებოდა, როცა კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. ასლან აბაშიძის თეთრი „ჩაიკა“ რევოლუციის შემდეგ აუქციონზეა შეძენილი.


- ავტომუზეუმი ლავრენტი ბერიას ავტომობილსაც ინახავს. როგორ აღმოჩნდა ის თქვენთან?


- ლავრენტი ბერიას ავტომობილი მუზეუმში შემთხვევით მოხვდა. ამ მანქანით ბერია მაშინ გადაადგილდებოდა, როცა საქართველოში მუშაობდა. მოსკოვში რომ გადავიდა, ავტომობილი მსახიობ ნატო ვაჩნაძეს აჩუქა. მუზეუმის მფლობელმა კი კერძო პირისგან შეიძინა.


- რესტავრაცია რა პროცესია ან რა თანხებთანაა დაკავშირებული?


- მანქანებს რესტავრაცია ქარხნული ნაწილებით უტარდება. მუზეუმში დაცული მანქანებიდან ყველა მუშა მდგომარეობაშია და თითოეული იმ საბურავებზე დგას, რომლითაც ქარხნიდან გამოვიდნენ. რაც შეეხება რესტავრაციის ხარჯებს, გააჩნია ავტომობილის მარკას თუ მდგომარეობას, თუმცა რესტავრირება მანქანის ღირებულებაზე 2-3-ჯერ მეტია.


- ავტომუზეუმიდან ავტომოყვარულები მანქანის ყიდვის სურვილით თუ მოგმართავენ?


- კი, მანქანის ყიდვის მსურველი ბევრი მოდის. მუზეუმიდან მანქანებს არ ვყიდით, მაგრამ შეგვიძლია დავაკავშიროთ ადამიანებს, ვისაც მსგავსი ავტომობილები ჰყავთ, რომლითაც ის დაინტერესებულია.


- მოტოციკლეტებზე რას გვეტყვით?


- მოტოციკლეტებიდან ყველაზე ძველია BMW, რომელიც 1937 წელსაა გამოშვებული და ის ერთადერთი ექსპონატია, რაც მუზეუმს აჩუქეს. მისგანაა კოპირებული ყველა ის „ურალი“ თუ „დნეპრი“, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოდიოდა. მოტოციკლეტს გადაცემა უკანა თვალზე არა ჯაჭვით, არამედ კარდანის მეშვეობით აქვს.


- ავტომუზეუმს მანქანების გაქირავების სერვისიც აქვს. ავტომობილებს რა პირობებით აქირავებთ?


- ავტომუზეუმიდან მოტოციკლებსა თუ მანქანებს კინოსტუდიაც ხშირად ქირაობს, სარეკლამო რგოლებისთვისაც მოგვმართავენ, ტურისტული კომპანიებიც ქირაობენ და ხშირია, როცა ქორწილებში, სიძე-პატარძლის გადასაყვანად იყენებენ. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი მანქანით გათხოვილი პატარძლებიდან ყველა ბედნიერ ქორწინებაშია. ასე რომ, ბედნიერი მანქანებია. რაც შეეხება ფასებს, ავტომობილს გააჩნია. მაგალითად, „პობედას“ იჯარა ერთი საათი 150 ლარი ღირს. მანქანებს ჩვენი მძღოლებით ვაქირავებთ, რადგან ასე გვირჩევნია.


- მუზეუმიდან ავტომობილები რომელ ფილმებშია გამოყენებული?


- „მძევლებში“ ავტომუზეუმიდან 4 ავტომობილია გადაღებული. „ჩაიკა“, „გაზ 24“, ინსპექციის „მოსკვიჩი“ და „ჟიგული“.


ავტორი: სოფიო ბოჭორიძე


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია



სხვა სიახლეები