• Ƀ/$

ინგლისის ბანკმა სტერლინგზე განაკვეთი შეინარჩუნა

21 ივნისი 16:50, 2018 წელი | ანალიტიკა

ინგლისის ბანკმა (BoE) თავის დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ უცვლელად დატოვოს სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი. თუმცა დაამატა, რომ ამის გაკეთებას აგვისტოში არ გამორიცხავს.

ბანკი თვლის, რომ წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, დროებითი ფაქტორებით იყო გამოწვეული.


სხდომზე ჩატარებული კენჭისყრისას, ცხრიდან ექვსმა წევრმა, სტერლინგზე არსებული განაკვეთის (0.5%) დატოვებას დაუჭირა მხარი, სამი კი განაკვეთის 0.25 პროცენტით გაზრდას მიემხრო.


ცნობისათვის, გაზრდის მომხრეთა რიცხვი წინა სხდომებზე ორი იყო. მონტარული პოლიტიკის გამკაცრების მომხრე მაიკლ სონდერსს და იან მაკკაფერტს ამჯერად BoE-ს მთავარი ეკონომისტი ენდი ჰალდეინიც შეუერთდა. ეს უკანასკნელი სტერლინგზე განაკვეთის გაზრდას, 2011 წლის შემდეგ პირველად მიემხრო, რაც მიმომხილველებს აფიქრებინებს, რომ ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგვისტოში დაიწყებს.


ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება დროებითი იყო, რაზეც ის გარემოებაც მიუთითებს, რომ საყოფაცხოვრებო ხარჯები და განწყობა მკვეთრად გაუმჯობესდა. რაც შეეხება ინფლაციის ზრდის ტემპს, ის მოსალოდნელზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწევს.


ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ სტერლინგზე განაკვეთის აწევის პროცესი იქნება ეტაპობრივი და შეზღუდული. შესაბამის გადაწყვეტილებებს, ბანკი მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად მიიღებს.


სხდომის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სტერლინგი ამერიკულ დოლართან წყვილში 0.3 პროცენტით გამყარდა და 1 სტერლინგის ფასმა 1.3227 დოლარს მიაღწია. ამასთან, ზრდა კვლავაც გრძელდება. მანამდე კი ბოლო შვიდი თვის მინიმალურ მაჩვენებელზე (1.3102) იმყოფებოდა. პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპი ნულოვან დონესთან ახლოს იყო, მეორე კვარტალში კი ზრდა 0.4 პროცენტს მიაღწევს.


სხვა სიახლეები