• Ƀ/$

ბრიტანეთში ელექტრომობილის ფლობას წაახალისებენ

23 ივნისი 15:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

უკანასკნელ ხანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდ ბრიტანეთში განიხილავენ კანონს, რომლის თანახმადაც უნდა აიკრძალოს დიზელის ძრავზე მომუშავე ძალოვანი აგრეგატის მქონე ნებისმიერი ავტომობილი. 

2040 წლისთვის კი შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილები საერთოდ ამოიღება ხმარებიდან.


ჰიბრიდული ძალოვანი მოწყობილობების შესახებ, რომლებშიც დიზელის აგრეგატებიც შედის, ჯერჯერობით საუბარი არ არის.


ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ყველანაირად მხარს უჭერს და ახალისებს ქვეყანაში ელექტრომობილების და კიდევ სხვა სახის „მწვანე ტრანსპორტის“ წარმოების განვითარებას.


ეს გამოიხატება სხვადასხვა ტიპის საგადასახადო ბონუსებსა და ხელსაყრელ საკრედიტო შეთავაზებებში როგორც ავტომწარმოებლების, ისე მყიდველის მისამართით.


ამგვარად, ინგლისში ელექტრომობილის ფლობა იქნება როგორც მოდური, ასევე ეკონომიურად სარგებლიანი.



სარგებლიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი კი მსხვილ საავტომობილო კორპორაციებს შორის კაშირის დამყარებაა, რადგან ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც ხარჯების დაზოგვას, ისე ახალი მოდელების ეფექტურ წარმოებას. 


როგორც ირკვევა, ისეთმა მსხვილმა საავტომობილო კორპორაციებმა, როგორიც Volkswagen და Ford არიან, თანამშრომლობის მიზნით, გაერთიანება გადაწყვიტეს. 


სულ ცოტა ხნის წინ მათ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, ხოლო ამჟამად კი დაკავებულნი არიან მომავალი სტრატეგიული ალიანსის პერსპექტივების განხილვით, რომელიც რაღა თქმა უნდა სამომავლოდ ავტომობილების გამოშვებას უკავშირდება.


გარდა ამისა, Ford და Volkswagen შეისწავლიან ყველანაირ მეთოდს, თუ ორმა სხვადასხვა კომპანიამ ერთობლივად როგორ უნდა დააკმაყოფილოს კლიენტების ხშირად ცვალებადი მოთხოვნები.



ახლავე ცხადია, რომ კომპანიები ერთიმეორის წილების შესყიდვას არ ეცდებიან; თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ იქნება ახალი ალიანსის ოფიციალური წარმომადგენელი.


„Volkswagen Group -  თან პოტენციური ალიანსი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი ბიზნესის განვითარება როგორც პროდუქტების მომგებიანი გლობალური პორტფელის შექმნის, ისე მისი შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენ მოუთმენლად ველით Volkswagen - ის გუნდთან დაახლოებას“, - აღნიშნა Ford - ის ოფიციალურ განცხადებაში.


თავის მხრივ Volkswagen - ის ხელმძღვანელობამაც აღნიშნა, რომ Ford - თან თანამშრომლობა მთელ მსოფლიოში ორივე კომპანიის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.


კომპანია Mazda კი საკუთარ ბიზნესს ცალკეც საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს. მან ახლახანს ახალი როდსტერი MX-5 წარმოადგინა. მოდელი აღჭურვილია განახლებული ძრავით და უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებული კომპლექსით. დიზაინის მხრივ მას საგრძნობი ცვლილებები არ განუცდია.



იაპონელებმა ბოლომდე დახვეწეს 1,5 და 2 ლიტრიანი ძრავები, გააუმჯობესეს რა საწვავის წვის მექანიზმი, გაზის პედალზე დაჭერის ეფექტი და ეკოლოგიური მახასიათებლები.


ავტომობილის სიმძლავრემ 160 - დან 184 ცხენის ძალამდე, ხოლო მაქსიმალური მბრუნავმა მომენტმა კი 200-დან 205 ნიუტონმეტრამდე (წუთში 4000 ბრუნის დროს) იმატა. ორლიტრიანი აგრეგატის „წითელმა ზონამ“ წუთში 6800- დან 7500 ბრუნამდე მიაღწია.


აგრეგატის მუშაობისთვის გათვალისწინებულია შედარებით მსუბუქი დგუშები და ბარბაცები (შესაბამისად 27 და 41 გრამი). ასევე აღსანიშნავია ახალი ტიპის მაღალი წნევის შეფრქვევის სისტემა. გაზრდილია სარქველების გახსნის კუთხე, მათი ასვლის სიმაღლე და გამომშვები კოლექტორის დიამეტრი.


ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებში შეცვლილია მთავარ გადაცემაზე გადაცემათა რიცხვი.


გარდა ამისა, როდსტერში შეცვლილია კარების გაღების მექანიზმი, ბოთლის ჩასადები ღიობი და სავარძლების მდგომარეობის რეგულირების სახელურები; გაზრდილია საჭის სამართავი მექანიზმის რეგულირების დიაპაზონი. სიახლეა ასევე შავი შეფერილობის 17 დიუიმიანი ბორბლების დისკები.   


უსაფრთხოების სისტემის ნუსხაში გაჩნდა საგზაო მოძრაობის ნიშნების ამოცნობის და ხიფათის შემთხვევაში ავტომატური დამუხრუჭების ფუნქცია.


განახლებული Mazda MX-5 - ის გაყიდვა აშშ-სა და ევროპაში უკვე სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.


 


ავტორი: არჩილ ბენაშვილი, სპეციალურად M2B-სთვის


 


მსგავს თემაზე:


ელექტრომობილები გერმანიაში 75 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს


VOLKSWAGEN $1.18 მლრდ-ით დააჯარიმეს


მსგავს თემაზე:

NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ


ელექტრომობილზე Jaguar-იც გადადის



სხვა სიახლეები