• Ƀ/$

აშშ ჩინეთს სტრატეგიულ ტექნოლოგიებზე წვდომას უზღუდავს

26 ივნისი 07:39, 2018 წელი | ანალიტიკა

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი ახალ დებულებებზე მუშაობს, რომლებიც იმ ფირმებს, რომელთა 25% ჩინურ მფლობელობაშია, „სტრატეგიული ტექნოლოგიების“ მფლობელი ამერიკული კომპანიების შესყიდვის საშუალებას არ მისცემს.

დეპარტამენტის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების გამოქვეყნება პარასკევისთვის იგეგმება და მანამდე, შესაძლოა, ამერიკულ კომპანიაში ინვესტირების მოსურნე ჩინელი ინვესტორებისადმი მოთხოვნილი მაჩვენებლები კიდეც შეიცვალოს.


ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის გამწვავების მიმართულებით დგამს. ასეთ შეზღუდვას ფინანსურ ბაზრებზე არეულობის შეტანა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შეფერხება შეუძლია. იმავდროულად, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ამერიკული კომპანიები და ტექნოლოგური დარგები, მათ შორის რობოტოტექნიკა და აეროკოსმოსური ინდუსტრია, რომლებიც თავის მხრივ ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია, ჩინური ექსპანსიისგან დაიცვას.


მსგავსი ტიპის შეზღუდვები ჩინურ ბაზარზე მუშაობის მსურველ ამერიკულ კომპანიებზეც გავრცელდება. ამასთან, ეს შეზღუდვები ჩინური მხარისთვის უცხოური ტექნოლოგიების გადაცემას შეუშლის ხელს.


ამერიკა ამ ეტაპზე ასევე განიხილავს $450 მლრდ–ის ღირებულების ჩინური პროდუქციის მაღალი ტარიფებით დაბეგვრის საკითხს. პირველ ეტაპზე, ძალაში შევა ახალი ტარიფები, რომლებიც 34 მილიარდის პროდუქციას შეეხება. ეს 6 ივლისს იგეგმება. ამის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ჩინეთი ამერიკულ ახალ ტექნოლოგიებს ფაქტობრივი ძარცვის გზით ეუფლება. ამის აღკვეთას კი ჩინეთი არც ცდილობს.


ჩინეთს აქვს ინდუსტრიული გეგმა სახელწოდებით „მეიდ ინ ჩაინა 2025“. მისი მიზანი, ჩინური ნაწარმის ხარისხის და პრესტიჟის ამაღლებაა. შერჩეულია რამდენიმე სექტორი, რომელთა განვითარებასაც ეს გეგმა განსაკუთრებით უწყობს ხელს. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი თავის შეზღუდვებს, პირველ რიგში, სწორედ ამ დარგის კომპანიებზე დააწესებს. ეს სფეროებია მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიები, აეროკოსმოსური ინდუსტრია, გემთმშენებლობა, ფარმაცევტიკა, სუფთა ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები და სხვა.


„უოლ სტრიტ ჯორნელი“ წერს, რომ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებენ, რათა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში ამერიკელების მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიები ჩინეთში არ გავიდეს.


ხაზინა თავისი გეგმის საფუძვლად იღებს საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალაუფლების აქტს (მიღებულია 1977 წელს), რომელიც პრეზიდენტს, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საფუძველზე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების საშუალებას აძლევს. ეს აქტი ამერიკამ 2001 წლის ნიუ იორკის ტერაქტების შემდეგ აამოქმედა, როცა მიზნად ტერორისტული ქსელის დაფინანსების წყაროს მოსპოვა დაისახა.


„უოლ სტრიტ ჯორნელის“ ინფორმაციით, ახალი წესები მხოლოდ ახალ ხელშეკრულებებზე გავრცელდება და არ შეეხება იმ კონტრაქტებს, რომლებიც უკვე მოქმედებს. ამასთან, შეზღუდვები შეეხება როგორც ჩინეთის სახელწიფოს მფლობელობაში (სრულად ან ნაწილობრივ) არსებულ, ასევე ჩინურ კერძო კომპანიებს.


მსგავს თემაზე:


მსოფლიო ბაზრები სავაჭრო ომის მოლოდინში რჩებიან


ტრამპი ჩინურ საქონელზე საჯარიმო გადასახადს აწესებს


აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის საფრთხე მსოფლიო ბაზრების დღის წესრიგიდან არ ჩამოდის


„ყველა ერთის წინააღმდეგ“ – სავაჭრო ომში თურქეთიც ჩაება


სავაჭრო ომი DOW JONES-ის ინდექსს ამცირებს


სხვა სიახლეები