• Ƀ/$

ბრძოლა მილიარდებისთვის: რისთვის დაესხა თავს Instagram YouTube-ს

26 ივნისი 11:17, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Instagram-მა ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეომასალების მხარდაჭერის პროგრამა გაუშვა. შეძლებს კი YouTube-ს მიჩვეული მომხმარებლებისა და შესაბამისად, მრავალმილიარდიანი ვიდეორეკლამის გადაბირებას ფოტობლოგი?

მობილური ვიდეოს მზარდი ბაზრისთვის ბრძოლაში Instagram–მა ახალი ფუნქცია IGTV (Instagram და TV) გაუშვა – ეს ახალი აპლიკაციაა Instagram–ავტორების მიერ გადაღებული ვიდეორგოლების სანახავად. გარდა ახალი აპლიკაციისა, აქ მოცემული ვიდეოები Instagram–ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. IGTV ხელმისაწვდომია iOS–ისა და Android–ის მომხმარებლებისთვისაც.


დიდი სხვაობა


ჩვეულებრივი Instagram–ვიდეორგოლებისგან განსხვავებით, IGTV–ში ვიდეოები ვერტიკალური და სრულეკრანიანებია და მათი რეკომენდებული ხანგრძლივობაა 10 წუთი, ხოლო მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე მომხმარებლებს 1 საათამდე ხანგრძლივობის ვიდეომასალის ატვირთვაც შეუძლიათ. სამომავლოდ შეუზღუდავი ქრონომეტრაჟის ვიდეომასალების ატვირთვა გახდება შესაძლებელი, აცხადებს Instagram–ის ხელმძღვანელი კევინ სისტრომი. IGTV–ში არ იქნება სტატიკური გამოსახულებები, „ისტორიები“ და ახალი ამბები.


როგორც ტელევიზორში, IGTV–ში ვიდეომასალები ჩართვისთანავე გაეშვება. მომხმარებელი ჩართვისთანავე იხილავს იმ მომხმერებელთა ვიდეოკონტენტს, რომლებიც გამოწერილი აქვს, ან იმ ვიდეოებს, რომლებიც მის გაცხადებულ ინტერესებს შეესაბამება. მომხმარებელს შეუძლია არხებზე გადართვა, „დალაიქება“, კომენტარების ჩაწერა და ვიდეორგოლების მეგობრებისთვის გაზიარება.


უპირველესად, Instagram IGTV–ის პოზიციონირებას ახდენს როგორც „ინფლუენცერების“ – იგივე აზრის ლიდერების პლატფორმას, მათ შორის მოიაზრებიან, მაგალითად, კიმ კარდაშიანი და სელენა გომესი, ან მედიაკომპანიები, როგორებიცაა National Geographic და Vice.


თუმცა, ცნობილი ადამიანების გარდა, IGTV–ისთვის კონტენტის შექმნა და ატვირთვა რიგით მოკვდავებსაც შეეძლებათ.


რაში სჭირდება ეს Instagram–ს


ამ ახალი სერვისის შეთავაზებით, როგორც ჩანს, Instagram ცდილობს მობილური ვიდეოს მთავარი მოედანი გახდეს და თავის მთავარ კონკურენტს – YouTube-ს გადაუსწროს. ამისათვის დღემდე დაწესებული ლიმიტი ვიდეორგოლებზე – მაქსიმუმ 1 წთ – საკმარისი არ იყო.


Ooyala–ს მონაცემებით, სმარტფონებზე ვიდეორგოლების ნახვის ზრდის ტემპი დასტაბილურდა. ამასთან, დარჩენილია ერთი მიმართულება, რომელშიც მომხმარებლების აქტივობა მაღალი ტემპით იზრდება – 20 წთ და მეტი ხანგრძლივობის ვიდეორგოლები. მაგალითისათვის, მობილურ მოწყობილობებზე მომხმარებლები 20–40 წთ ქრონომეტრაჟის ვიდეოების 57%–ს უყურებენ ბოლომდე, ხოლო 40 წთ–ზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეოგამოსახულებების – 45%–ს.


ხანგრძლივი ვიდეოების ბაზარზე YouTube თავისი 1,9 მლრდ მომხმარებლით დღემდე ლიდერობს. მაგრამ Instagram–ს, რომლის მომხმარებელთა ბაზა 1 მლრდ–ს ასცდა, IGTV–ს მეშვეობით Google-ს ვიდეოსერვისისთვის მსუყე ლუკმის აცინცვლა შეუძლია. საინტერესო პარალელი: სწორედ $1 მლრდ–ად იყიდა Facebook-მა 2012 წელს Instagram. დღეს კი ის მთავარი იარაღია სოციალური ქსელისთვის შემდეგი მილიარდი მომხმარებლის გადმოსაბირებლად.


ფული – კიდევ ერთი სტიმული IGTV–სთვის. უკვე დღეს მომხმარეელთა 72%–ს ტექსტურ რეკლამას ბრენდირებული ვიდეო ურჩევნია. ამასთან, მობილურ ვიდეოზე ვიდეორეკლამაზე გაწეული ხარჯების 72% მოდის და ეს წილი მომავალში კიდევ გაიზრდება.


ბუნებრივია, რომ Instagram–ისთვის ეს ბაზარი უმნიშვნელოვანესია. თავდაპირველად IGTV–ზე რეკლამა არ იქნება, მაგრამ ეს „გონივრული საბოლოო წერტილი გახდება“, – ამბობს სისტრომი. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში პარტნიორებთან შემოსავლების გადანაწილების საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება, მაგრამ პირველ ეტაპზე სერვისის მონეტიზაცია არ მოხდება.


YouTube-ს საპასუხო დარტყმა


დღეისათვის მთათვარი ონლაინ–ვიდეოპლატფორმა, რა თქმა უნდა, დანებებას არ აპირებს. IGTV–ს დაანონსებისთანავე YouTube-მაც ბევრი სიახლე დააანონსა, რომელმაც ზუსტად დაარტყა Instagram–ის სუსტ წერტილს – მონეტიზაციას.


მირველ რიგში, YouTube–არხების მფლობელებს, რომელთაც 100 000–ზე მეტი გამომწერი ყავთ, წევრობის გაყიდვა შეეძლებათ – მათ პრაქტიკულად შეეძლებათ ფანატებს არხის დასპონსორება თვეში $4,99–ის ოდენობით შესთავაზონ, ექსკლუზიური ბეიჯებისა და ლაივსტრიმების (ონლაინ–ტრანსლაციები), მხოლოდ ამ საზოგადოებისათვის განკუთვნილი პოსტების და სხვა სერვისების სანაცვლოდ.


მეორე რიგში, არხების მფლობელებს შეეძლებათ, ფანატებს YouTube–დან 20–მდე სახეობის ბრენდირებული ატრიბუტიკა შესთავაზონ. ეს ფუნქცია მანამდე მხოლოდ რჩეული არხებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ისიც სატესტო რეჟიმში. დღეს უკვე ყველა არხისთვის ხელმისაწვდომია აშშ–ის ტერიტორიაზე, რომელთაც სულ მცირე 10 000 ხელმომწერი ჰყავთ.


ეს სიახლეები დიდ შესაძლებლობებს აძლევს YouTube–ბლოგერებს არამხოლოდ ფანატებთან კომუნიკაციაში, არამედ – რაც მნიშვნელოვანია – კონტენტის მონეტიზება რეკლამის გარეშე მოახდინონ. ამის შეთავაზება თავისი ავტორებისთვის Instagram–ს ჯერ არ შეუძლია.


მიუხედავად ამისა, რამდენიმე პოპულარულმა Instagram–ბლოგერმა უკვე გაასაჯაროვა თავისი გეგმები, IGTV–ზე თავისი სერიების განთავსებასთან დაკავშირებით. მათ შორისაა ლილი პენსი, ვენესუელელი მსახიობი და მომღერალი, რომელსაც 25 მლნ–ზე მეტი გამომწერი ჰყავს Instagram–ზე. ის ახალი კულინარული შოუს გაშვებას გეგმავს IGTV–ზე, თუმცა, ამავე დროს, ყოველკვირეულ ვიდეორგოლებს განათავსებს YouTube–ზეც. სავარაუდოდ, მის მაგალითს ვიდეოკონტენტის სხვა ავტორებიც გაიზიარებენ.


ამდენად, ორ პლატფორმას შორის ბრძოლა ხელსაყრელ გარემოს ქმნის როგორც კონტენტის შემქმნელებისთვის, ისე მათი აუდიტორიისთვის. ავტორებს არჩევანის საშუალება ეძლევათ – სად მოიზიდონ მომხმარებლები და იშოვონ ფული, ხოლო აუდიტორია, სულ მცირე, ვერტიკალურ ვიდეოს მიიღებს.


სხვა სიახლეები