• Ƀ/$

თბილისის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

27 ივნისი 12:36, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერია ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების კონცეფციის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის 27 ივნისის სხდომაზე განაცხადა. 

„ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თვეებისა და წლების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.    


მისი თქმით, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და მუნიციპალიტეტს მის მოსაგვარებლად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს.


„მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად, ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება დაავალა.


კალაძის განცხადებით 1 ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის გადაიდგმება.


 


მსგავს თემაზე:


თემქაზე ახალი სკვერი მოეწყობა


თბილისს 2 ახალი პარკი შეემატება


სხვა სიახლეები