• Ƀ/$

რუსეთში ხელფასების ნაცვლად ინფლაცია გაიზრდება – ავისმომასწავებელი ოფიციალური პროგნოზი

28 ივნისი 22:29, 2018 წელი | ანალიტიკა

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრომ მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე და მომავალი წლისთვის.

ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე რუსული, პროკრემლისტური გამოცემა წერს, მათ შორის სააგენტოები „ტასი:, „ინტერფაქსი“ და გაზეთი „ვედომოსტი“. წყაროების ვინაობას, რომელთაც ეყრდნობიან, გამოცემები არ ასახელებენ.


ბრიტანული BBC მოკლედ აღწერს, თუ როგორ იცვლება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და ადარებს მას სხვა ორგანიზაციების მოლოდინებს.


რეალური ხელფასები, ახალი პროგნოზით, მიმდინარე წელს 6,3%–ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს ეს პროცესი 1%–მდე შემცირდება, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებლებში 1,3%–ის ნიშნულზე იყო დაფიქსირებული. ამის მიზეზად ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება და ინფლაციის ზრდა სახელდება.


რუსული კომპანია „ბროკერკრედიტსერვისის“ მთავარი ეკონომისტი ვლადიმირ ტიხომიროვი ამბობს, რომ რუსეთში რეალური ხელფასები თითქმის ერთი წელია, იზრდება. თუმცა ამ მაჩვენებელს დაბალი სახელფასო ბაზა და კერძო სექტორის ზრდა განაპირობებს. რაც შეეხება ბოლო თვეებს, მისივე თქმით, ეს დაკავშირებულია მთავრობის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაწეულ ერთდროულ ხარჯებთან.


ეკონომისტის თქმით, არჩევნების შემდეგ ვითარება უკვე იცვლება: მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის შემოსავლების მოცულობა. წლის მეორე ნახევარი გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე პირველი, მიიჩნევს ტიხომიროვი. მისივე აზრით, მომავალ წელს მოსახლეობის შემოსავალი მხოლოდ 1%–ით გაიზრდება.


ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წელს 2,1%–დან 1,9%–მდეა შემცირებული, ხოლო 2019 წლისთვის – 2,2%–დან 1,4%–მდე.


მომავალი წლის პროგნოზის შემცირებას მაღალჩინოსნები დღგ–ის გაზრდას და ეკონოსიკის ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭირო სტრუქტურულ გარდაქმნას უკავშირებენ, წერს „ინტერფაქსი“. დღგ–ის გაზრდის ეფექტი რუსეთს მშპ–ის 1% დაუჯდება.


ბანკის „ურალსიბ“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს სულ რაღაც 1,5%–ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს – 1,3%–ით. ეს ორივე შეფასება რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ახალ პროგნოზში მითითებულ მაჩვენებლებზე დაბალია.


ეკონომისტი ტიხომიროვის მოლოდინით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკს 1,7%–ით გაიზრდება, რაშიც ქვეყანას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი, ექსპორტის ზრდა, ნავთობზე მომატებული ფასები და სამომხმარებლო მოთხოვნის სტაბილიზაცია დაუჭერს მხარს.


2019 წლისთვის რუსეთის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით ტიხომიროვის პროგნოზი ხელისუფლების მოლოდინებს აჭარბებს – 2%. მისი ვარაუდით, ეკონომიკს მნიშვნელოვნად დაეხმარება ინფრასტრუქტურულ პროექტებში განვითარების ახალი ფონდის დაბანდებები. ის ასვე ელოდება, რომ მომავალ წელს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე $75–ს მიაღწევს. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ნავთობის ფასი 2019 წელს $69,3–დან $63,4–მდე დავარდება.


ტიხომიროვი ეკონომიკის განვითარების დაჩქარების დამხმარედ გაზსადენების მშენებლობის დასრულებაშიც ხედავს, როგორებიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ და „ციმბირის ძალა“.


ინფლაციის პროგნოზი ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წელს 2,8%–დან 2,9–3,1%–მდე გაზარდა. მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი 4,3%–ს მიაღწევს. ინფლაციაზე დღგ–ის გაზრდის ეფექტი ეკონომიკის სამინისტროში 1,2 პროცენტულ პუნქტად შეაფასეს.


„ურალსიბში“ ფიქრობენ, რომ 2019 წელს ინფლაცია სამინისტროს პროგნოზს გადააჭარბებს და 4,5%–მდე გაიზრდება. ბანკის ექსპერტების აზრით, ფასები უკვე მიმდინარე წელს გაიზრდება რუბლის გაუფასურების ფონზე, რასაც აპრილსა და მაისში ჰქონდა ადგილი. ხოლო დეკემბრისთვის ინფლაციის დონე 3,8%–ს მიაღწევს.


ტიხომიროვის მოლოდინით კი ინფლაცია წლის ბოლოსთვის 3,9%–ს მიაღწევს, ხოლო მომავალი წლის ბოლოს 4%–ს არ გადააჭარბებს.


სხვა სიახლეები