• Ƀ/$

ეკონომიკის სარეკორდო ზრდაზე ბიზნესზე ორიენტირებული რეფორმებისა და საერთაშორისო მდგენელის გავლენები

ექსკლუზივი
2 ივლისი 11:51, 2018 წელი | ინტერვიუ

აპრილ-მაისში ეკონომიკური ზრდის სარეკორდო მაჩვენებელზე, საერთაშირისო სავალუტო ფონდის დადებით შეფასებებზე M2B საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

- თქვენ ადრეც აღნიშნავდით, რომ ეკონომიკა შედიოდა სწრაფი ზრდის ფაზაში. რა გარემოებები იყო ნიშანდობლივი, რამაც ეკონომიკის ზრდის სარეკორდო მაჩვენებელზე გასვლა უზრუნველყო?


გიორგი ცუცქირიძე: – მინდა იგივე გავიმეორო, სამთავრობო ინიციატივებმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას უკავშირდებოდა, გაუმჯობესებულმა საინვესტიციო კლიმატმა და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებამ, ასევე საგადასახადო შეღავათებმა, ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია. ამ ფაქტორებთან ერთად, ბიზნესზე მოხსნილმა პოლიტიკურმა წნეხმა, რაც 2012 წლამდე იყო ბიზნეს აქტივობის შემაფერხებელი ფაქტორი, ბიზნესწრეებში ოპტიმიზმის მოლოდინი შექმნა, რაც  არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის დინამიკისათვის და რაც ბიზნესაქტივობის გაზრდილ მაჩვენებლებში აისახა კიდეც.


შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ჩვენ გავედით ბოლო დეკადის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. ეკონომიკის ზრდამ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, აპრილში 6.5%, ხოლო მაისში სულაც 7.5% შეადგინა, რაც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშიც კი მაღალი მაჩვენებელია და ჩინეთის და ინდოეთის მზარდი ეკონომიკების დონეზე გადის. შედარებისათვის, BB ჯგუფის რეიტინგის მქონე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, რომელშიც საქართველოც შედის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რადგან ამ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის საშუალო  წლიური ზრდის მაჩვენებელი,  3.5%–ზე ფიქსირდება.


ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომელიც შენელებული იყო 2007-2008 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამო, ასევე 2014-2016 წლების გლობალური შოკების მეორე ტალღის შემდეგ, 2017 წლიდან კვლავ აღმავლობის ტრენდზეა გასული. რეალურად ეს შედეგია პოზიტიური ტრენდისა და ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტისა, რაზეც მშპ-ის ზრდაში პირველ რიგში დამამუშავებელი მრეწველობის ხვედრითი წილის ზრდა მიუთითებს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზრდა მოდის როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის ბრუნვაზე.


მიმაჩნია, რომ  ეკონომიკის სარეკორდო ზრდა ბიზნესზე ორიენტირებულმა რეფორმებმა და საერთაშორისო მდგენელმა განაპირობა. გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მიერ აქცენტირებული ოთხპუნქტიანი გეგმა იყო აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება ანტიკრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით, რაც დასტურდება იმ ფაქტორითაც, რომ ეს პროგრამა მთლიანდ იყო მხარდაჭრილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის დასაწყისში ძალაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომლის დაფინანსებაც $285 მლნ–ით განისაზღვრა - „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში და ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი ესდეერ-ის (SDR: Special Drawing Right); დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის, ანუ სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100%–ის ტოლი თანხის გამოყოყოფას.


– რა კომპონენტებშია მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სსფ–სთან თანამშრომლობის გააქტიურება?


გიორგი ცუცქირიძე: – სსფ-სთან თანამშრომლობის აღდგენას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებზე და უცხოელი ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებაზე. გასული წლის ბოლოს ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა ანუ მთელი 7 წლის წინ. მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება.


2018 წლის მარტში კომპანია Fitch-მა BB- სტაბილურიდან BB- პოზიტიურზე გააუმჯობესა რეიტინგის პერსპექტივა. შეფასებისას მაღალი ეკონომიკური ზრდასა და მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებასთან ერთად, ხაზი გაესვა ლარიზაციის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც გასულ წელს დაწყებული ლარიზაციის სტრატეგიის შედეგად, შემცირებულია არა მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ხვედრითი წილი მთლიან სესხებში 65.2% დან 55.3%-მდე, არამედ დეპოზიტების დოლარიზაციაც, რაც 71% და 62.4%-მდეა შემცირებული. ლარიზაციის სტრატეგიის მთავარი ამოცანაც ეს არის, არა უბრალოდ საკრედიტო პორთფელში სალარე სესხების ზრდა, არამედ მისი ასახვა ვალდებულებების, როგორც დაფინანსების პოტენციური წყაროს მხარეს.


შემთხვევითი არ იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად.
ნიშანდობლივია, რომ ფონდის შეფასებით ეკონომიკის მდგრადობა ასახავს მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ბიუჯეტმა მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადების ზრდის შედეგად შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა. საბანკო სექტორმა შეინარჩუნა სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანწილად ძლიერი პრუდენციული რეგულირების და ზედამხედველობის შედეგია.


– სავალუტო ფონდის დასკვნებსა და შეფასებებში აქცენტი გაკეთებულია სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, თუმცა, საქართველოს ეკონომიკის სუსტ წერტილად კვლავ საგარეო ვექტორი რჩება.


გიორგი ცუცქირიძე: – საგარეო მოწყვლადობა არის ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა, საქართველოს ეკონომიკის ძირითად სისუსტეებად მიიჩნევა მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და საგარეო ვალი, რაც კვლავ რჩება მოწყვლადობის ძირითად წყაროდ. მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი გამოწვეული იყო იმით, რომ გასულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დიდწილად ხდებოდა საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში, მშენებლობასა და მომსახურების სექტორში და არა წარმოებაში.


საგარეო მოწყვლადობის თვალსაზრისით, დადებითად უნდა შეფასდეს 2017 წელს  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 8,7 პროცენტამდე შემცირება, ექსპორტითა და ტურიზმით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, თუნდაც 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12.8 პროცენტს შეადგენდა.


საქართველოში ბოლო წლებში ექსპორტის ხვედრითი წილის ზრდა მშპ-ში დიდწილად განპირობებულია როგორც ტრადიციულად სასაქონლო ექსპორტის ზრდის, არამედ მომსახურების ექსპორტის და პირველ რიგში ტურიზმის ზრდის შედეგად. 


მშპ-ის სტრუქტურის ფორმირების თვალსაზრისით მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების(პუა) ხვედრითი წილი მშპ-ში. 2016 წლის მიხედვით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 4.59%-ს შეადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა უნგრეთს - 54.6% და ირლანდიას - 26%, ხოლო რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 12.5%.
2012-2013 წლებში წმინდა უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 1 მლრდ დოლარის ფარგლებში იყო, შესაბამისად,ინვესტიციების თანაფრდობა მშპ-სთან თუ 2012 წელს იყო, 6.4%, 2015 წელს გაიზარდა 11.7%-მდე, ხოლო 2017 წელს -12.3%, რაც საშუალოდ ბოლო 3 წლის მანძილზე 10%-ზე მაღალია. შედარებისათვის ბალტიის სახელმწიფოებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი მშპ-ში საშუალოდ 2%, სომხეთში - 3%, ხოლო თურქეთში კიდევ უფრო ნაკლები - 1.4%-ია.


სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წელიწადში სულ მცირე $3 მლრდ უნდა შემოვიდეს, რაც დღეს არსებული მშპ-ის 13%-ის ნაცვლად, 18-20%-ს იქნებოდა.


საგარეო მოწყვლადობის დონის შემდგომი შემცირებისათვის, სტრატეგიული ამოცანა უნდა გახდეს პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებიდან არა დაბალი ან საშუალო, არამედ მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვა, და აქ წარმოებული პროუქციის შეტანა ევროკავშირში და სხვა ბაზრებზე. ამ ტიპის საექსპორტო რელოკაციურ მოდელებს, რომლებიც მაღალი ეფექტიანობით ხასიათდებიან, ასევე აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი და შედიან ისეთ სფეროებში, როგორიცა სამედიცინო-ოპტიკური ინსტრუმენტების წარმოება, საავიაციო პროდუქციის წარმოება, ლაზერულ-ოპტიკური პროდუქციის წარმოება, ციფრული და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და ა.შ.


თუ ჩვენ გვსურს სწრაფი ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ეკონომიკურ ციკლში, ქვეყანა უნდა გადავიდეს დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე, რაც ყველაზე მაღალ ეფექტს მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების პირობებში მიიღწევა. ანუ, ეკონომიკამ უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება, ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით, რაც ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაზრდის ექსპორტს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.


მიმაჩნია, რომ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგია სავსებით სამართლიანად აგებულია გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების გაჩენაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი პირველ დადებით შედეგებს უკვე იძლევა. საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) დადებითი გავლენა, პირველ რიგში, ასახულია ვაჭრობის სტატისტიკაზე - მიმდინარე წლისიანვარი-აპრილის მონაცემებით, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 25.7% და შეადგინა $1 0701.1 მლნ..ევროკავშირი დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორს.


დღეს ჩვენ გვაქვს კარგი სასტარტო პირობები საინვესტიციო ნაკადების კიდევ უფრო გასაზრდელად და შესაბამისად უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. უსაფრთხოების ინდექსის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, 125 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულშია და მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო უსაფრთხოების ინდექსის 2016 წლის შუალედური მონაცემების მიხედვით, 125 ქვეყანას შორის საქართველო სულაც მესამე ადგილზეა. შედარებისათვის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, უკრაინა 85-ე ადგილზეა, თურქეთი 55-ზე, რუსეთი 67-ზე.


სხვა სიახლეები