• Ƀ/$

თბილისში ძველ და გაუმართავ ავტომობილებზე შეზღუდვები დაწესდება

2 ივლისი 14:39, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

სავალდებულო ტექდათვალიერების შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა. მისი შეფასებით, რეფორმა შესაძლოა, მტკივნეული იყოს, მაგრამ გარემოს დაბინძურების კრიტიკული დონე სხვაგვარად ვერ შეიცვლება. 

„ამ მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია. ჩვენც ჩავატარეთ კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, როგორ გარემოში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, თუ არ განხორციელდება გარკვეული რეფორმები და არ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, შეუძლებელი იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი და ჩართულობა, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, თბილისის მერია გეგმავს სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენას, სადაც ასახული იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორების გრძელვადიანი ხედვა და ღონისძიებები.


„სრული კატასტროფაა, რაც თბილისში ხდება. დაახლოებით 500 ათასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება დედაქალაქში. ყოველწლიურად 7 პროცენტით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია. სამწუხაროა, რომ სოციალურ ქსელში, ძირითადად, ყვითელი ავტობუსების ფოტოსურათებს აზიარებენ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ჩვენი ავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 600-650 ერთეულია, აქედან 143 ახალია, დანარჩენი - ძველი. ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მე ვამბობდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პარკი მთლიანად ჩანაცვლდებოდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ავტობუსებით და ეს ნამდვილად ასეც მოხდება - ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ გვრჩება უფრო სერიოზული პრობლემა - კერძო ავტომანქანები, რომლის 90 პროცენტზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თანაც კატალიზატორებს იღებენ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფილტრია გამონაბოლქვისთვის და ყიდიან. მე მგონია, პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან  ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ მერიის სამსახურებს და დაქვემდებარებულ უწყებებს უკვე დაავალა სახელმწიფო ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება და მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ავტომანქანების ექსპლუატაციიდან ამოღება.


 


მსგავს თემაზე:


თბილისის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს


ტექდათვალიერების მეორე ეტაპს სახელმწიფო უწყების ავტომობილები დაექვემდებარება


მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ტექდათვალიერებაზე პრობლემები არ შეექმნებათ


სხვა სიახლეები