• Ƀ/$

ბაქოში ტრამვაის ქსელის აღდგენის პროექტზე გადაწყვეტილებას ელოდებიან

7 ივლისი 09:20 | ეკონომიკა

ფრანგული კომპანია Alstom აზერბაიჯანული მხარის მოლოდინშია ბაქოს ტრამვაის ქსელის აღდგენის პროექტის დასაწყებად.

ამის შესახებ სააგენტო „ტრენდთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგული კომპანიის მმართველმა დირექტორმა დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში ბერნარ პელმა განაცხადა.


„რამდენიმე წლის წინ ჩვენ ბაქოს ტრამვაის ხაზების აღდგენის წინასწარი პროექტი წარვადგინეთ. თუმცა, ქვეყანაში ფორმულა–1–ის ჩატარების გამო ჩვენ გეგმებისა და ამ ტრამვაის ხაზის პროფილის შეცვლა მოგვიწია“, – აღნიშნა Alstom–ის დირექტორმა.


პელის თქმით, კომპანია ბაქოს ხელისუფლებას სთავაზობს ტრამვაის ხაზის მშენებლობას ოლიმპიური სტადიონიდან ბაქოს პორტამდე, ხოლო პორტიდან – დროშის მოედნამდე.


„ბაქოში ტრამვაის გამოჩენა ძალიან კარგი იქნებოდა. ეს ძალიან კომფორტული ტრანსპორტია იმ ქალაქებისთვის, რომლებშიც ბევრი ტურისტია. დღეს ტრამვაის ხაზების აღდგენა უკვე მიმდინარეობს ალმაათასა და ასტანაში“, – აღნიშნა პელმა.


მმართველი დირექტორის თქმით, ალმაათაში ტრამვაის ძველი რელსები მთლიანად აყარეს და ახალი, თანამედროვე რკინიგზის დაგება მიმდინარეობს.


მისივე თქმით, თანამედროვე ტრამვაის, როგორც სატრანსპორტო საშუალებას, ბევრი უპირატესობა აქვს.


„ახალ ტრამვაებში მყოფი მგზავრი მოგზაურობს და მთელ ქალაქს ხედავს. ისინი აბსოლუტურად ეკოლოგიურია. ტრამვაი ევროპის ყველა ქალაქშია, რომელთა მოსახლეობაც 200 ათასს აღემატება“, – თქვა პელმა.


აზერბაიჯანის დედაქალაქში ტრამვაის ქსელი 1889 წლიდან 2004 წლამდეგ ფუნქციონირებდა. 1889 წელს ბაქოში პირველი ტრამვაი, ე.წ. კონკა გაეშვა. 1924 წლიდან კი ელექტროტრამვაი ამოქმედდა, რომელმაც 2004 წლამდე იმუშავა.


აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქლში ტრამვაის ქსელის აღდგენის სურვილი 2012 წლის თებერვალში გამოთქვა.


სხვა სიახლეები