• Ƀ/$

ბრიტანეთის მთავრობამ „ბრექსიტის“ სტრატეგია დაამტკიცა

7 ივლისი 10:52 | მთავარი

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა „ბრექსიტის“ საკითხზე კოლექტიურ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ პრემიერმა ტერეზა მეიმ 12-საათიანი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრების მიერ ხელმოწერილი გეგმა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ითვალისწინებს სასოფლო–სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციისათვის. მინისტრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „ერთობლივი საბაჟო ტერიტორიის“ შექმნის იდეას.


BBC-ს პოლიტიკური რედაქტორი ლორა კუნსბერგი მიიჩნევს, რომ მიღებული პროგრამა „ბრექსიტის“ ბევრ მხარდამჭერს გააბრაზებს“, ვინაიდან ის ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობებს გულისხმობს, ვიდრე ეს ბევრ ბრიტანელ პოლიტიკოსს სურდა.


ახლა უკვე ტერეზა მეის ამ გეგმის „მიყიდვა“ მოუწევს თანაპარტიელებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისათვის.


მინისტრებს იმედი აქვთ, რომ ახალი შეთანხმება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.


მინისტრების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პოზიციის „არსებით ევოლუციას“ ნიშნავს, რომელიც ასევე მოაგვარებს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის პრობლემას, აცხადებენ დაუნინგ–სტრიტზე.


მიმაჩნია, რომ ეს წინადადება როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე ევროკავშირის ინტერესებსაც ერგება. ჩემი მოლოდინით, ის კარგად შეთანხმდება“, – უთხრა BBC-ს ტერეზა მეიმ.


დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარება სურთ, რათა კონსესუსის მიღწევა ოქტომბრისთვის გახდეს შესაძლებელი. ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ოფიციალურ დოკუმენტს, რათა ბრიტანეთის წინადადების რეალისტურობაში დარწმუნდეს.


ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ 26 მინისტრი ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში შეკრიბა აზრთა სხვადასხვაობის აღმოსაფხვრელად და დიდი ბრიტანეთი–ევროკავშირის ურთიერთობების ჩიხური ვითარებიდან გამოყვანის გზების გამოსანახად.


მიღებული წინადადების მთავარი თეზისები



  • ბრიტანეთი შეეცდება, ვაჭრობის საკითხებში მისი წესები ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდეს, ოღონდ მხოლოდ იმ დონეზე, რომ ვაჭრობის შეუფერხებლად წარმოება უზრუნველყოს;

  • გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ეს წესები როგორ ფორმულირდება საკანონმდებლო დონეზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს, რომელსაც უარის თქმის უფლებაც უნარჩუნდება;

  • თავისუფალი გადაადგილების არსებული რეჟიმი გაუქმდება, თუმცა ბრიტანელებს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ მოგზაურობისა და სწავლის, ან მუშაობის უფლებისთვის განაცხადის გაკეთების უფლება;

  • „ერთობლივი საბაჟო ტერიტორიის“ შექმნის მიზნით თანდათანობით შევა ძალაში ახალი საბაჟო შეთანხმება;

  • დიდი ბრიტანეთის თავის ტარიფებს დააწესებს და დამოუკიდებლად შეიმუშავებს სავაჭრო პოლიტიკას;

  • ბრიტანეთი ევროსასამართლოს იურისდიქციიდან გავა, რომელიც კანონებს ევროკავშირისთვის ადგენს, თუმცა ზოგიერთ სფეროში მის გადაწყვეტილებებს გაითვალისწინებს.


ტერეზა მეის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „რბილი ბრექსიტის“ მოლაპარაკებების პროცესში.


ევროსკეპტიკოსებმა ახალი პროგრამა უკვე მწვავედ გააკრიტიკეს. „ჩვენ ვერც კანონებს გავაკონტროლებთ, ვერც ვაჭრობას და ვერც საზღვრებს. ეს აბსოლუტურად დამამცირებელი კაპიტულაციაა“, – განაცხადა მკვეთრი „ბრექსიტის“ აქტიურმა მხარდამჭერმა, ბიზნესმენმა ჯონ ლონგვორტმა.


მსგავს თემაზე:


ბრექსიტი თითოეულ ბრიტანელს შესაძლოა, 1000 ფუნტი დაუჯდეს


„ბრექსიტი“ გლობალურ განზომილებაში


ბრექსიტი ბრიტანეთის საფინანსო სექტორს 5 000 სამუშაო ადგილს დააკარგვინებს


სხვა სიახლეები