• Ƀ/$

„ბრექსიტის“ მინისტრმა თანამდებობა დატოვა

9 ივლისი 10:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხთა მინისტრი დევიდ დევისი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Press Association ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციის წყარომ აცნობა, რომ ამ თემაზე მინისტრს პრემიერ ტერეზა მეისთან რამდენიმე მიმოწერა ჰქონდა.


მინისტრმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ტერეზა მეის მიერ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან 6 ივლისს გამართული შეხვედრა დაასახელა, რომელზეც „რბილ ბრექსიტზე“ შეთანხმდნენ.


12–საათიანი მჯელობა „ბრექსიტის“ შესარბილებლად


ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა „ბრექსიტის“ საკითხზე კოლექტიურ შეთანხმებას 6 ივლისს მიაღწია. ამის შესახე პრემიერმა ტერეზა მეიმ 12–საათიანი სხდომის შემდეგ განაცხადა.


მინისტრების მიერ ხელმოწერილი გეგმა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ითვალისწინებს სასოფლო–სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციისათვის. მინისტრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „ერთობლივი საბაჟო ტერიტორიის“ შექმნის იდეას.


BBC-ს პოლიტიკური რედაქტორი ლორა კუნსბერგი მიიჩნევს, რომ მიღებული პროგრამა „ბრექსიტის“ ბევრ მხარდამჭერს გააბრაზებს“, ვინაიდან ის ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობებს გულისხმობს, ვიდრე ეს ბევრ ბრიტანელ პოლიტიკოსს სურდა.


ახლა უკვე ტერეზა მეის ამ გეგმის „მიყიდვა“ მოუწევს თანაპარტიელებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისათვის.


მინისტრებს იმედი აქვთ, რომ ახალი შეთანხმება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.


მინისტრების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პოზიციის „არსებით ევოლუციას“ ნიშნავს, რომელიც ასევე მოაგვარებს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის პრობლემას, აცხადებენ დაუნინგ–სტრიტზე.


„მიმაჩნია, რომ ეს წინადადება როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე ევროკავშირის ინტერესებსაც ერგება. ჩემი მოლოდინით, ის კარგად შეთანხმდება“, – უთხრა BBC-ს ტერეზა მეიმ.


დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარება სურთ, რათა კონსესუსის მიღწევა ოქტომბრისთვის გახდეს შესაძლებელი. ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ოფიციალურ დოკუმენტს, რათა ბრიტანეთის წინადადების რეალისტურობაში დარწმუნდეს.


ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ 26 მინისტრი ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში შეკრიბა აზრთა სხვადასხვაობის აღმოსაფხვრელად და დიდი ბრიტანეთი–ევროკავშირის ურთიერთობების ჩიხური ვითარებიდან გამოყვანის გზების გამოსანახად.


მიღებული წინადადების მთავარი თეზისები



  • ბრიტანეთი შეეცდება, ვაჭრობის საკითხებში მისი წესები ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდეს, ოღონდ მხოლოდ იმ დონეზე, რომ ვაჭრობის შეუფერხებლად წარმოება უზრუნველყოს;

  • გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ეს წესები როგორ ფორმულირდება საკანონმდებლო დონეზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს, რომელსაც უარის თქმის უფლებაც უნარჩუნდება;

  • თავისუფალი გადაადგილების არსებული რეჟიმი გაუქმდება, თუმცა ბრიტანელებს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ მოგზაურობისა და სწავლის, ან მუშაობის უფლებისთვის განაცხადის გაკეთების უფლება;

  • „ერთობლივი საბაჟო ტერიტორიის“ შექმნის მიზნით თანდათანობით შევა ძალაში ახალი საბაჟო შეთანხმება;

  • დიდი ბრიტანეთის თავის ტარიფებს დააწესებს და დამოუკიდებლად შეიმუშავებს სავაჭრო პოლიტიკას;

  • ბრიტანეთი ევროსასამართლოს იურისდიქციიდან გავა, რომელიც კანონებს ევროკავშირისთვის ადგენს, თუმცა ზოგიერთ სფეროში მის გადაწყვეტილებებს გაითვალისწინებს.


ტერეზა მეის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „რბილი ბრექსიტის“ მოლაპარაკებების პროცესში.


ევროსკეპტიკოსებმა ახალი პროგრამა უკვე მწვავედ გააკრიტიკეს. „ჩვენ ვერც კანონებს გავაკონტროლებთ, ვერც ვაჭრობას და ვერც საზღვრებს. ეს აბსოლუტურად დამამცირებელი კაპიტულაციაა“, – განაცხადა მკვეთრი „ბრექსიტის“ აქტიურმა მხარდამჭერმა, ბიზნესმენმა ჯონ ლონგვორტმა.


მსგავს თემაზე:


ბრიტანეთის მთავრობამ „ბრექსიტის“ სტრატეგია დაამტკიცა


ბრექსიტი თითოეულ ბრიტანელს შესაძლოა, 1000 ფუნტი დაუჯდეს


„ბრექსიტი“ გლობალურ განზომილებაში


ბრექსიტი ბრიტანეთის საფინანსო სექტორს 5 000 სამუშაო ადგილს დააკარგვინებს


სხვა სიახლეები