• Ƀ/$

დიდი ცვლილებები ლონდონში – თანამდებობა ბორის ჯონსონმაც დატოვა

9 ივლისი 20:20 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა. სააგენტო როიტერის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ტერეზა მეის ოფისი ავრცელებს.

„პრემიერ–მინისტრმა დღეს, შუადღისას დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ბორის ჯონსონის წასვლა“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაიგზავნა. იქვე აღნიშნულია, რომ მეი ჯონსონს გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის და უახლოეს მომავალში დასახელდება მისი შემცვლელი მთავარი დიპლომატის პოზიციაზე.


უკანასკნელი დღე–ღამის განმავლობაში ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში ეს უკვე მეორე გადადგომაა. მანამდე თანამდებობა „ბრექსიტის“ საკითხთა მინისტრმა დევიდ დევისმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ორივე გადადგომა „ბრექსიტის“ საკითხისადმი მიდგომებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება.


ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები 6 ივლისს პრემიერის ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში 12–საათიანი სხდომის შემდეგ შეთანხმდნენ ე.წ. „რბილი ბრექსიტის“ საკითხზე, რასაც ევროსკეპტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ. სააგეტრო როიტერი მიუთითებს, რომ ამ მომენტისთვის გაურკვეველი რჩება, პრემიერ–მინისტრი პოზიციებს შეიცვლის, თუ კვლავ 6 ივლისის შეთანხმების მხარდაჭერას გააგრძელებს მოსალოდნელი ახალი გადადგომების ფონზე.


The Times 7 ივლისს წერდა, რომ ტერეზა მეი ჯონსონსა და კიდევ ორ მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა, თუ მაღალჩინოსნები „ბრექსიტისადმი“ მეის მიდგომებს არ დაუჭერდნენ მხარს.


დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ „ბრექსიტს“ დაუჭირა მხარი.


მსგავს თემაზე:


„ბრექსიტის“ მინისტრმა თანამდებობა დატოვა


ბრიტანეთის მთავრობამ „ბრექსიტის“ სტრატეგია დაამტკიცა


ბრექსიტი თითოეულ ბრიტანელს შესაძლოა, 1000 ფუნტი დაუჯდეს


„ბრექსიტი“ გლობალურ განზომილებაში


ბრექსიტი ბრიტანეთის საფინანსო სექტორს 5 000 სამუშაო ადგილს დააკარგვინებს


სხვა სიახლეები