• Ƀ/$

"NEW ROAD"-ის 10-მილიონიანი ინვესტიცია ოზურგეთში - "ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წინსვლას"

11 ივლისი 13:52 | მთავარი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ დვაბზუს მოსახლეობის ნაწილის მიერ შეტანილ განცხადებას საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ.

განცხადების თანახმად, სოფელში ასფალტის ქარხნის აშენება „ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს და გარემოსა და მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს“.


საკითხის განხილვის მიზნით, განმცხადებლების მოთხოვნის შესაბამისად, გაიმართა ინფრასტრუქტურის კომისიის რიგგარეშე სხდომა, სოფელ დვაბზუსა და ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატების შემდეგ, კი ადგილზე, ქარხანაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი და მხარის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილიც იმყოფებოდნენ. 


სოფელ დვაბზუში, შპს “NEW ROAD“-ის ასფალტბეტონის ქარხანა რამდენიმე ხნის წინ აშენდა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ქარხანაში 44 ადამიანია დასაქმებული. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარში ქარხნის გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი აღნიშნავს: „new road“-ის ასფალტბეტონის ქარხანა ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა კავკასიაში და ის აღჭურვილია უახლესი გერმანული დანადგარებით. გვაქვს შესაბამისი სერტიფიკატებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ საწარმო არის უმაღლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი და არ ახდენს მავნე ზემოქმედებას“. 


„ეს არის 10 მილიონის ღირებულების პროექტი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მისასალმებელია, ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წინსვლას. მნიშვნელოვანია თითოეული მცხოვრების აზრი, ამიტომ კომისიის სხდომაზე შემდეგ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. ვფიქრობთ, მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეისწავლონ და კვალიფიციური განმარტებებიც მათ უნდა გააკეთონ, სწორედ ამის საფუძველზე უნდა მოხდეს ადგილობრივების სწორი ინფორმირება“, - აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა. 


საკითხი შესაბამისმა სტრუქტურებმა მოიკვლიეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გამოქვეყნებულია, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე, ნათქვამია:  „საწარმოს ფუნქციონირების შედეგად, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერულ ჰაერზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი“.


აქვე აღნიშნულია ხმაურის დონესთან დაკავშირებით: „საწარმოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირების შემთხვევაში უახლოეს საცხოვრებელ სახლებთან ხმაურის დონე არ აღემატება 38დბა-ს“. „გრუნტის დაბინძურება კი მოსალოდნელია მხოლოდ გაუთვალისწინებელ და ავარიულ შემთხვევებში“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, „შპს New Road-ის ასფალტის საწარმო და ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლოატაციის პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ. 


საკრებულო და შესაბამისი დარგობრივი კომისია, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით სამომავლოდაც მიადევნებს თვალს აღნიშნულ საკითხს. 


სხვა სიახლეები