• Ƀ/$

თბილისში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდამჭერი კონფერენცია გაიმართება

11 ივლისი 15:28 | კომპანიები

თბილისში, კონფერენცია „საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდამჭერი კამპანია: როგორ დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები“ 13 ივლისს გაიმართება.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ გავრცელებული სტერეოტიპების გამოვლენას, მათ დაძლევას და კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. თბილისის კონფერენცია არის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც შეაჯამებს საქართველოს რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგებს. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით აღნიშნული რეგიონული შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე,  საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი ნდობის ნაკლებობის მიზეზების გამოვლენას. 


კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან ივონე გოგოლი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, დავით აფრასიძე-„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის მენეჯერი და ვაჟა სალამაძე-სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი. 


კონფერენციაზე ასევე გაიმართება საერთო ეროვნული 2 კვლევის შედეგების პრეზენტაცია. პირველი კვლევა ეხება სამოქალაქო საზოგადოების, ევროინტეგრაციის და ბიზნეს კომპანიების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას, ხოლო მეორე - ბიზნეს კომპანიების დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ. კვლევები მიზნად ისახავდა, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისათვის არსებული ტენდენციებისა და დამოკიდებულებების გამოვლენას. კვლევები ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში CRRC-საქართველოს მიერ.


შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის, მარკეტინგის და კომუნიკაციის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. კონფერენციის მონაწილეების აქტიური მსჯელობა ხელს შეუწყობს კამპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე შეჯერებას.


კონფერენცია ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანზიაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშალდებულებისა და გამჭვრივალობის გაზრდა და  მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.


სხვა სიახლეები