• Ƀ/$

რაში სჭირდებათ B2B-კომპანიებს Facebook Live?

18 ივლისი 16:02, 2018 წელი | ტექნოლოგიები

პირდაპირი ეთერი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აღარავის აკვირვებს. დღეს კი მისი არათუ ნახვა, არამედ გაშვებაც კი შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ინტერნეტში ჩართული სმარტმოწყობილობა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს „ლაივებით“, კომპანიები თავის ბიზნესსტრატეგიებში მათი შეტანისგან რატომღაც თავს იკავებენ.


B2B სეგმენტი განსაკუთრებით ალმაცერად უყურებს Facebook Live-ს. მათი აზრით, Facebook Live რაღაც უფრო „სახალხო“ და გასართობია და ამიტომ სარგებლობენ ამ შესაძლებლობით ცნობადი სახეები და B2C სეგმენტის აქტიური მოთამაშეები. შეხედულება სადავოც აღარაა: ნებისმიერ ბრენდს შეუძლია და აუცილებელიცაა, პირდაპირ ეთერში ისაუბროს საკუთარ პროდუქტზე. და აი, რატომ:


1. ნდობა


პირდაპირი ეთერის ერთ-ერთი უპირატესობაა მაყურებლის (ანუ კლიენტის) ნდობა. ეს აუდიტორიისთვის ცოდნის მიცემის ყველაზე „ადამიანური“ ფორმატია. ასეთ მჭიდრო ემოციურ კონტაქტს ვერც საიტით, ვერც Email-გზავნილებით და ვერც წინასწარ დაგეგმილი ვიდეორგოლებით ვერ მიაღწევთ.


კომპანიებს რეალურ დროში შეუძლიათ, წარმოადგინონ: საკუთარი კორპორაციული კულტურა, სწრაფვა საყვარელი საქმიანობის სრულყოფისკენ. და ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე, რამაც შეიძლება მომხმარებლის ყურადღება გაფანტოს. „ცოცხალი ვიდეო“ – ეს არის საუკეთესო საშუალება, კლიენტებს თქვენი რეალური სახე დაანახოთ.


ნდობა ვალუტაა და Facebook Live-ის მეშვეობით შეგიძლიათ, თქვენს ბრენდს კარგი „დეპოზიტი“ გაუხსნათ.


2. ჩართულობა


„ლაივი“ – ეს არის რეალურ დროში კარგი იდეების გენერირების საშუალება. ეპიზოდების კომენტირებისას მომხმარებლების მხრიდან საინტერესო და საქმიანი რჩევების მიღების შესაძლებლობა ჩნდება.


ცოცხალი ვიდეო ყურადღებას იპყრობს და თანაც არა მხოლოდ თქვენი კლიენტების, არამედ იმ ადამიანებისასაც, რომლებიც ახლა აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას.


მარკეტინგული კომპანიისთვის Experticity ადამ ბიუკენენმა 25-ზე მეტი ტრანსლაცია განახორციელა, რომლის დროსაც პირდაპირ ეთერში კომპანიის კლიენტები მიიწვია. რაც უფრო მეტი ეპიზოდი გადიოდა, მით მეტი უცხო მომხმარებელი ცდილობდა პირდაპირ ეთერში ჩართვას. დღეს უკვე კომპანიის „სელერები“ მომხმარებლებს ლაივების, როგორც ბრენდის პოზიციონირების, ინოვაციური მეთოდის შესახებ ატყობინებენ.


ცოცხალი ეთერი ახალი ამბების გაუთავებელი ჩამონათვალის პირობებში სუფთა ჰაერის შესუნთქვის ტოლფასია.


3. დაფარვის ზონა


Facebook Live-ის მაყურებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ კითხვის დასმა და საკუთარი შეხედულების გაზიარება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს კონტენტის ძებნა აღარ უწევთ: პირდაპირი ეთერი თავად პოულობს თავის აუდიტორიას.


ინტერნეტპროვაიდერებისთვის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის  Juniper Networks სოცქსელებში მუშაობაზე პასუხისმგებელი მეტ ვილპინი ერთ-ერთ პოდკასტში ჰყვებოდა, რა წარმატებებს მიაღწია კომპანიამ თავის კონტენტსტრატეგიაში „ლაივების“ ჩართვით.


მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში განთავსებული პუბლიკაციები უფრო ინფორმაციული და სასარგებლო გახდა მომხმარებლებისთვის, Juniper Networks-ში აღნიშნეს, რომ სოცქსელებიდან გადამსვლელთა რაოდენობა წლიურ გამოსახულებაში 500%-ით გაიზარდა. „ლაივების“ ჩართვამ კი 300%-ით გაზარდა მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებელი.


4. ფობიებთან ბრძოლა


ბევრი ადამიანისთვის პირდაპირი ეთერი ნამდვილი საშინელებაა. ნუ შეგაშინებთ თქვენს ფობიებთან პირისპირ აღმოჩენა. ისუნთქეთ ღრმად, ყველაფერი კარგად იქნება. რამდენიმე რჩევა ფობიებთან საბრძოლველად:


ფობია #1: „რამე რომ წამომცდეს?“


თუ მთელი ძალით ცდილობთ, მაგრამ მაინც იბნევით და ასოები გერევათ საუბრის დროს, აუდიტორია ამას გაპატიებთ. გახსოვდეთ: ცოცხალი ვიდეო მაყურებელთან სანდო ურთიერთობების დამყარების საშუალებაა. ეს ადვილია, თუ კადრში ისეთი იქნებით, როგორიც სინამდვილეში ხართ.


ფობია #2: „ნუთუ ვინმე შეხედავს ჩემს ვიდეოს?“


ამ კითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს. თუ არ ეცდებით, ვერც ვერასდროს უპასუხებთ ამ კითხვას. გაუშვით 5-8 „ლაივი“ და შეაფასეთ დაფარვის მოცულობა. გამოავლინეთ წარმატებული ეპიზოდები და ჩავარდნები, ხოლო ამის შემდეგ დააკორექტირეთ თქვენი კონტენტსტრატეგია.


ფობია #3: „კამერასთან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ“


ეს გასაგებიცაა. პირდაპირი ეთერი საშინელი სტრესია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კამერის წინ კი არ დგახართ, უბრალოდ, საუკეთესო მეგობარს ესაუბრებით ვიდეოზარით და ორივე თქვენგანისთვის საინტერესო თემას განიხილავთ. კამერის შიშს მხოლოდ გამოცდილებით დაძლევთ. უკვე მეათე ვიდეოზე გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ თავს, ვიდრე ეს პირველი ეთერის დროს იყო.


5. ისტორიები გრძელდება


თუ თქვენი ვიდეო ათას ადამიანს მოეწონა, ესე იგი, ის 100 ათასსაც მოეწონება. უარი არ თქვათ ჩართულობის გაზრდის მარტივ მეთოდებზე. თუ მაყურებლები გისვამენ კითხვებს, ალაიქებენ პირდაპირ ეთერს, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ დროა, აუდიტორია გააფართოოთ. განავითარეთ თემა, წინა ეთერის დროს დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ცალკე „ლაივი“ გაუშვით.


ზოგიერთი „ლაივი“ მაყურებელს საინტერესო დისკუსიებისკენ უბიძგებს – ეს დისკუსიები აუცილებლად უნდა გააზიაროთ.


6. ოთხი იდეა თქვენი პირდაპირი ეთერისთვის


იდეა #1: „ჰკითხეთ ჩვენს დირექტორს“


თუ პირდაპირ ეთერში კომპანიის ხელმძღვანელი გამოჩნდება, ეს ყოველთვის მოიზიდავს აუდიტორიას. როგორც წესი, კომპანიების ლიდერები თავს კომფორტულად გრძნობენ პირდაპირ ეთერში და სწორედ ამიტომ არიან ისინი „ლაივების“ მთავარი კანდიდატები.


იდეა #2: „დიდ დებატებში ჩაერთეთ“


შეარჩიეთ დისკუსიის თემა, მოიწვიეთ საინტერესო სტუმარი და აუდიტორიას აზრის გამოთქმის საშუალება მიეცით.


იდეა #3: „პროდუქტი მიკროსკოპის ქვეშ“


ყველაფერი გენიალური მარტივია. თქვენმა კლიენტებმა პირდაპირ ეთერში „გატესტონ“ თქვენი პროდუქტი, მოჰყვნენ თქვენს კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილების შესახებ. კარგი „ლაივი“ ყოველთვის ვერ იქნება ბლოკბასტერი.


იდეა #4: „გაიცანით გუნდი“


თქვენს აუდიტორიას მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, რას სთავაზობთ, არამედ ისიც, ვინ სთავაზობს ამ ყველაფერს. თქვენი კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს საინტერესო ისტორია, რომელიც კომპანიაში მისი მუშაობის პერიოდს ეხება. კორპორაციული კულტურის წარმოჩენისას თქვენ არა მხოლოდ ყიდით, არამედ ტალანტებსაც აღმოაჩენთ თქვენს გუნდში.


7. დაბოლოს


B2C-ს ბრენდების მიერ გადაღებული პოპულარული პირდაპირი ეთერები ყოველთვის გამოირჩევა აუდიტორიასთან ინტენსიური კომუნიკაციით, ეს არის მსუბუქი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, პირისპირ შეხვედრა კლიენტთან. რატომ არ უნდა შეიტანოს ეს ყველაფერი თავის „შეიარაღებაში“ B2B სეგმენტმა? „ლაივები“ თქვენი მარკეტინგული არსენალის მძლავრი ინსტრუმენტი გახდება.


სხვა სიახლეები