• Ƀ/$

ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინო ხარისხობრივ სტანდარტებს შეესაბამება

20 ივლისი 12:45, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ღვინის ეროვნული სააგენტო 19 ივლისს "როსპოტრებნადზორის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ქართული ღვინო ხარისხს სრულად აკმაყოფილებს. 

„2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2017 წლის პირველ იანვრამდე  სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო.


საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან  93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან  უარყოფითად 299 შეფასდა.


საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.


ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა  აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე  გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც  კონკრეტულ  ღვინოების ექსპორტზე  უარი ეთქვათ. 2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან   აღებული და შემოწმებული 469  ნიმუშიდან  ექსპორტირებაზე  უარი 27 ნიმუშს განეცხადა.


დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.“ აღნიშნულია განცხადებაში.


19 ივლისს "როსპოტრებნადზორის" საიტზე გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც ქართული ღვინის ნაწილი სატანდარტებს არ შეესაბამებოდა და 6 თვეში 16 000 ლიტრი ღვინის დაწუნება მოხდა.


მსგავს თემაზე:


12 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სანიტარულ სამსახურს ქართული ღვინის მიმართ კითხვები გაუჩნდა


იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი გამარტივდა


ამერიკულ ჟურნალ „FOOD AND WINE“-ში ქართულ ღვინოს ვრცელი სტატია მიეძღვნება


სხვა სიახლეები