• Ƀ/$

საიმპორტო სამშენებლო მასალების ხარისხი მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება

20 ივლისი 13:51, 2018 წელი | ეკონომიკა

ქართულ ბაზარზე არსებული სამშენებლო მასალების ნაწილი 2019 წლის პირველი იანვრიდან კონტროლს დაექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კონტროლის წესები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონშია გაწერილი, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა.


ეკონომიკის სამინისტროში პირველ არხს განუმარტეს, რომ ჯერ დაზუსტებული არ არის, რომელი პროდუქცია დაექვემდებარება შემოწმებას. თუმცა, სავარაუდო ჩამონათვალშია არმატურა, ცემენტი, ელექტროსადენები და წყლის პლასტმასის მილები. ასევე იგეგმება კონტროლის განხორციელება სათამაშოებსა და პერსონალური დაცვის საშუალებებზე (ეკიპირება, სპეციალური ხელთათმანები და ა.შ.). რაც შეეხება საღებავებსა და ლაქებს, მათი შემოწმების დაწყების ვადები ჯერჯერობით უცნობია.


კანონის თანახმად, კონტროლის აღმასრულებელი ორგანოა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.


თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.


რაც შეეხება სანქციებს, ის, დარღვევების ხარისხის მიხედვით გამოიწვევს ოპერატორის დაჯარიმებას 1000-დან 7 000 ლარამდე თანხით.


სხვა სიახლეები