„ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ. იგი შეიძლება გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს ზოგადად გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას, რაც მგონია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია.“ განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, გარკვეული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებდა, მოძველებული იყო, აღარ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას.
„დოკუმენტი ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებულებების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც, მათ უარი განაცხადეს 25 წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც, სასამართლოს მივმართეთ, რათა საკუთრებაზე მუნიციპალიტეტის უფლება აღდგეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მსგავს თემაზე:
გერმანიაში საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების 2/3-ს ხელახლა ამუშავებენ
ინდოეთი 2022 წლიდან პლასტიკატის ნაწარმს აკრძალავს