• Ƀ/$

"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" ლიცენზია გაუუქმდა

25 ივლისი 12:21, 2018 წელი | ფინანსები

სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი მომართვის საფუძველზე მომზადებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში  სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.


საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროცესების შემდგომ სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები.


"დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების მისაღებად, დეპოზიტარებმა უნდა მიმართონ სსიპ "დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს" - (იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს განცხადება)


იმ თანხების მისაღებად, რომლებიც "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით არ არის დაზღვეული, კრედიტორებმა უნდა მიმართონ სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" ლიკვიდატორს - როინ ცაციაშვილს. კუთვნილი თანხის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:


ფიზიკური პირების შემთხვევაში:


• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;


• ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:


• ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;


• წარმომადგენლის უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;


• ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.


თანხის მიღების მსურველმა საჭირო დოკუმენტაცია 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს, თუმცა ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც დეპოზიტარს პრობლემები არ შეექმნება და მისი ანგარიში სხვა კომერციულ ბანკში გადავა.


სხვა სიახლეები