• Ƀ/$

„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველთათვის რეკომენდაციებს ავრცელებს

30 ივლისი 14:10 | კომპანიები

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.


რეკომენდაცია #3 – მშენებლობის ხარისხი:



  • მოითხოვეთ მშენებლობის ნებართვა და შეამოწმეთ დასრულების ვადა;

  • მოითხოვეთ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და კონსტრუქციული პროექტი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით;

  • თუ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია რომ შენობის დაფუძნების ადგილას არსებობს გრუნტის წყლები, დარწმუნდით რომ შენობის საძირკველს და მიწაში ჩაღრმავებულ ნაწილს უკეთდება შესაბამისი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და დრენაჟი;

  • გაარკვიეთ რომელი კომპანიების ბეტონს და არმატურას იყენებს მშენებელი კომპანია, მოითხოვეთ შესაბამისობის სერთიფიკატები;

  • გაარკვიეთ აწარმოებს თუ არა მშენებელი კომპანია ფარული სამუშაოების აქტებს და უტარდება თუ არა ობიექტს საავტორო ზედამხედველობა;

  • ხშირ შემთხვევაში სამშენებლო პროცესის დიდ ხანგძლივობას ასაბუთებენ ტექნოლოგიური აუცილებლობით, რომ ბეტონს ჭირდება ერთი თვე გაშრობა და თითქოს ჩქარი მშენებლობა უხარისხოდ მშენებლობას ნიშნავს. ძირითად შემთხვევებში კი ხანგძლივი მშენებლობის პროცესი გამოწვეულია ფინანსების პრობლემით ან არაკომპეტენტურობით;

  • თუ თქვენი ბინის თავზე მეზობლის ტერასა ან სახურავია, მოითხოვეთ დაგისაბუთონ როგორ უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანია ჰიდრო და თბო იზოლაციას;

  • დააზუსტეთ ბინის ჩაბარების კონდიცია არა მხოლოდ შიდა პერიმეტრზე, არამედ სადარბაზოში და ეზოს კეთილმოწყობის ნაწილში;

  • დააზუსტეთ საინჟინრო ქსელების (გაზი, დენი, წყალი, ვენტილაცია, კანალიზაცია, ინტერნეტი, დომოფონი და ა.შ.) ჩაბარების კონდიცია;

  • დააზუსტეთ ძირითადი სამშენებლო მასალების (მეტალოპლასტმასი, ბლოკი, ფასადი, ლითონის ნაკეთობები, სადენები, მილგაყვანილობა და ა.შ.) მომწოდებლები. გამოართვით კომპანიას ინფორმაცია სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით – სამშენებლო მასალების ხარისხი განაპირობებს ფასს, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავენ სახლის სიმყარეს, ენერგოეფექტურებას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს;

  • დააზუსტეთ კონკრეტულად რა გადასახადები გექნებათ დამატებით, გარდა ბინის ღირებულებისა.


მენაშენეთა პირველი და მეორე რეკომენდაციები, რომლებსაც M2B ავრცელებდა, სამშენებლო კომპანიისა და ბინის სწორად შერჩევის საკითხებს ეხებოდა.


„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას. მენაშენეთა რეკომენდაციებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.


მსგავს თემაზე:


„მენაშენეთა ასოციაციის“ კვალიფიციური რეკომენდაციები ბინის შეძენის მსურველებს


„მენაშენეთა ასოციაციის“ რეკომენდაცია ბინის შეძენის მსურველებს


სხვა სიახლეები