• Ƀ/$

ფაროსანას განდევნით თხილის მოსავლიანობა გაიზარდა – ფასი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა

30 ივლისი 17:04 | ანალიტიკა

თხილი საქართველოს აგრარულ ექსპორტში ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია, თუმცა მას სოციალური დატვირთვაც აქვს, რადგან მის ხარისხზე და შემდგომ რეალიზაციაზე ათასობით ოჯახია დამოკიდებული.

2016 წელს საქართველოში აზიური ფაროსანას შემოსევამ აჭარელი, მეგრელი, კახელი, გურული ფერმერები დააზარალა. 2018 წლის მოსავლის სეზონისთვის წინა წელთან შედარებით ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია, რასაც მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.


2017 წელთან შედარებით თხილის მოსავლის ხარისხი 30-40%-ით არის გაუმჯობესებული. თუმცა, როგორც მეთხილეთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი თოდუამ აღნიშნა, „იმ ფერმერებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს რეკომენდაციები და რჩევები თხილის მოყვანასთან, წამლობასთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ძალიან კარგი შედეგი მიიღეს“.


სურსათის ეროვნულ საგენტოში განმარტავენ, რომ დღესდღეობით ფერმერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა ფართობზე 800–1000 კგ–ს შეადგენს, თუმცა არსებობს პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებელი 1 500-2 000 კგ–მდე გაიზარდოს.


„მაგალითად, წალენჯიხაში ერთმა ფერმერმა, რომელმაც გაითვალისწინა რეკომენდაცია და წამლობა 6-ჯერ ჩაატარა, 100%-ანი შედეგი მიიღო, ანუ ის მოსავალს 2 ტონამდე მიიღებს. ფერმერს კი, ამ წამლობაში 700 ლარი დაეხარჯა“, - აღნიშნავს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.


სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭირო შედეგის მიღებისთის საკმარისია, ფერმერმა ყოველწლიური შემოსავლიდან 10% დახარჯოს და ის გარანტირებულად კარგ მოსავალს მიიღებს.


თხილის ფასი


სოფელ წალენჯიხაში (სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი), სეს-ის წარმომადგენლების მეთხილეებთან შეხვედრაზე ფერმერებმა კმაყოფილება გამოთქვეს ფაროსანასთან ბრძოლის დადებითი შედეგების გამო, თუმცა თხილის წლევანდელ ფასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინები გამოხატეს. მათი თქმით, მოსახლეობაში დადის ხმები, რომ წელს ფასი შესაძლოა, შარშანდელთან შედარებით დაბალი იყოს.


გიორგი თოდუამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „თხილის ოფიციალური საბაზრო ფასი მსოფლიო ბაზარზე ჯერ დაფიქსირებული არ არის. რამოდენიმე დღეში, ერთ კვირაში, ან 10 დღეში მსოფლიო ფასი იქნება ცნობილი და ჩვენი ვარაუდით, გაცილებით უფრო მეტი ეღირება თხილი, ვიდრე ის თუნდაც დღეს ღირს“.


საქართველოში თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე, ან იგივე თურქი მეთხილეების მიერ დადგენილ ფასზეა დამოკიდებული. ყოველწლიურად თურქი მეთხილეები, რომლებიც ამ ბაზრის მნიშნელოვან ნაწილს აკონტროლებენ მთელ მსოფლიოში, ფასების დადგენამდე, მოსავლის აღებამდე საქართველოში ჩამოდიან და მოსავლიანობას სწავლობენ. ამ სეზონზე საქართველოს იმ რეგიონებს, სადაც მეთხილეობა მეტადაა განვითარებული, უკვე ეწვია უცხოელ ბიზნესმენთა 20–კაციანი ჯგუფი.


შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უკვე 5-6 აგვისტოს გახდება ცნობილი, თუ რა ფასად გავა ექსპორტზე ქართული თხილი.


თხილის მოსავალი ფაროსანასთან ბრძოლის პირდაპირპროპორციულია


უცხოელი ექსპერტების, იგივე თურქი მეთხილეების და სეს-ის მონიტორინგის სავარაუდო გათვლით, წელს დაახლოებით 70 ათასი ტონა თხილის მიღება იქნება შესაძლებელი, თხილის ფასიდან გამომდინარე კი, ეს უკვე ასეულობით მილიონ დოლარის დივიდენდს მოიტანს.


სეს-ის თავმჯდომარემ ზურაბ ჩეკურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ „თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამ მაჩვენებელმა ეტაპობრივად 100 ათას ტონას მიაღწიოს“.


აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და სასოფლო-სამეურნეო კულტურები გაანადგურა. 2017 წლის მარტიდან სეს-მა USAID/REAP  და G-HIP-თან ერთად მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო.


ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში), დამონტაჟებულია 9 ათასამდე მონიტორინგის სისტემა. დღეს არსებული შედეგებით, მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება.


მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები.დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 360 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 13 ათასზე მეტი ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 27 ათასზე მეტი ჰექტარი.


მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მავნებლის სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა, მისი პოპულაციის კონტროლი და მართვა შესაძლებელია, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების 5-15%-ის ფარგლებში მოქცევას უზრუნველყოფს.


სხვა სიახლეები