• Ƀ/$

მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება აუცილებელია

31 ივლისი 14:57, 2018 წელი | ინტერვიუ

კომერციული ბანკების მხრიდან ბინზნესდაკრედიტების შენელების მიზეზებზე, ეკონომიკის თანადაფინანსების მოდელებზე, გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო M2b ინტერვიუს წამყვან საბანკო ექსპერტთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. 

-კომერციული ბანკების მხრიდან კვლავ მზარდია საცალო დაკრედიტების ტემპები, რაც ბიზნესდაკრედიტების აქტივობის შემცირების ფონზე მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია პოზიტივად ვერ შეფასდება...


გიორგი ცუცქირიძე: ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო, მაშინ სესხების ჯამური მოცულობა 5.5 მლრდ ლარი იყო, მთლიან სესხებში  ბიზნესსეხების მოცულობა 3.3 მლრდ ლარს შეადგენდა, ანუ ბიზნესესხების ხვედრითი წილი მთლიან პორტფელში 60 % იყო, მომდევნო წლებში ამ პროპორციამ ცვლილება განიცადა, საცალო დაკრედიტების ხვედრითი წილის ზრდის და სამაგიეროდ, ბიზნესსესხების შემცირების მიმართულებით. უკვე 2012 წელს 8.2 მილიარდიან პორტფელში ბიზნესდაკრედიტების მოცულობა 4.7 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც პროცენტულად 57 %-შეადგინა. ბანკების  საკრედიტო პორტფელის ზრდასთან ერთად  საკრედიტო პორტფელში ბიზნესდაკრედიტების თანაფარდობის შემცირების და საცალო დაკრედიტების ზრდის ტენდენცია რომ მზარდი იყო, შემდეგ წლებშიც გამოჩნდა.  2015 წელს 12.4  მილიარდიან პორტფელში ბიზნესსესხების თანაფარდობა 6.3 მლრდ ლარი ანუ 51 %-მდე შემცირდა. 2017 წელს 21.3 მილიარდიან  ბიზნესსეხების(9.5 მლრდ ლარი) ხვედრითი წილი კიდევ უფრო შემცირდა 44.6 %-მდე და სამაგიეროდ გაიზარდა შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 55.6 %-მდე. საცალო დაკრედიტების ბუმი განაპირობა საცალო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ, რაც მიმდინარეობდა საპროცენტო  განაკვეთების შემცირების, ვადიანობის დაგრძელების და განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფასების ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად. გარდა განვადებების და სამომხმარებლო სესხების ზრდისა, განსაკუთრებით მზარდი ექსპანსია ჰქონდა იპოთეკურ დაკრედიტებასაც, რაც ახალმშენებლობებს უკავშირდება და ბანკებისა და სამშენებლო ინდუსტრიის კოოპერაციით მიმდინარეობს.


ბიზნესდაკრედიტების ტემპების შენელების ტენდენცია სახეზეა მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც. 1 ივლისის  მიხედვით, ბიზნეს დაკრედიტების(9.8 მლრდ ლარი) თანაფარდობა ეკონომიკაზე გაცემულ მთლიან სესხებში(22.3 მლრდ ლარი) 44 %-ს შეადგენდა, ხოლო შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 56 %-ს, სადაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების(11.02 მლრდ ლარი) თანაფარდობა მთლიან სესხეში 51.6 %-ს შეადგენს. რაც შეეხება მეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს, იგი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1.4 მლრდ ლარია და სასესხებო პორტფელში, 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, 6.8 % დან 6.02 %-მდე არის შემცირებული.   შინამეურნეობებში შედიან როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები.


აქედან გამომდინარე, სამთავრობო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ამოცანა, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო, აგებულია რა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მოდელზე,  ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირების და მაღალი საგადამხდელო დეფიციტის შემცირებასთან ერთად, ბიზნესდაკრედიტების სტიმულირებაც იყო.


-თქვენ აღნიშნეთ თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამები, თუმცა ბოლო პერიოდში კრიტიკა ამ მიმართულებითაც გაისმა. რამდენად ეფექტური აღმოჩნდა სახელმწიფო რესურსების ამ მიმართულებით მიმართვა, და რა შედეგის მომტანია ეკონომიკისათვის?


გიორგი ცუცქირიძე: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება როგორც აზიის, ისე ამერიკისა თუ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, დიდწილად სწორედ ამ ტიპის სახელმწიფო პროგრამების და სპეციალიზებული ფონდების მეშვეობით განხორციელდა და მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის და ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდას.  ეს თანაბრად ეხებათ შერეული ეკონომიკის მოდელის, როგორც მემარცხენე  იდეოლოგიის ასევე მემარჯვენე იდეოლოგიის ქვეყნებს(აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვედეთი) ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, სადაც დიდწილად სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელები იქნა არჩეული. მხოლოდ კომერციული კრედიტით მცირე ბიზნესი არსად განვითარებულა, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, ევროპის და აზიის ქვეყნებში დღეს არის დაბალ ნიშნულზე, თორემ თუნდაც ჩვენი საუკუნის დასაწყისში იქაც საკმაოდ მაღალი იყო. მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ეკონომიკის პირობებში, შედარებით გრძელვადიან რესურსებზე ხელმისაწვდომობა ისედაც გაძნელებულია, ვადიანი დეპოზიტების სიძვირის და მოკლევადიანობის გამოც, რაც თავის მხრივ ვადიანობის გეპის ანუ ვადების აცდენის მაღალ რისკს უკავშირდება.


საქართველოში როგორც მცირე, ასევე საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მთავარი პრობლემა, მათი არასაკმარისი კაპიტალის და მცირე აქტივების პირობებში, არის სწორედ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა და საგარანტიო მექანიზმების არქონა. მართალია, კომერციულ ბანკებში საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ბიზნეს სესხებზე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებშია ასახული, მაგრამ ეს პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. ეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს ეხება. რეალურად ამ ამოცანის გადაწყვეტა უძრავი ქონების დაგირავების გზით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში არის მაღალი სოციალური და ეკონომიკური რისკის მატარებელი, რადგან მსეხებლის დეფოლტისას ამ ქონების დაკარგვა ხდება.  მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს აქვთ სპეციალური პროგრამები მცირე ბიზნეს დაკრედიტების ხელშესაწყობად, იზიდავენ რესურსებს საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტებიდანაც, ეს პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რაც სწორედ საგარანტიო მექანიზმების პრობლემებს უკავშირდება. 


სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, თავისი კომპონენტებით. პროგრამებში აქტიურად არის ჩართული საბანკო სექტორი. „აწარმოე საქართველოს“ 5 კომპონენტიდან მარტო ინდუსტრიულ კომპონენტში საბანკო კრედიტით 2015-2017 წლებში დაფინანსებულია 125 საწარმო, როგორც ახალი საწარმოები, ასევე არსებული წარმოების გასაფართოებლად. საკმაოდ ფართო პროფილით, დაწყებული საკვებითა და სასმელი წყლებით, სამშენებლო მასალების წარმოებით დამთავრებული. ზოგადად პროგრამა მოცავს როგორც მეწარმეობის განვითარების პლათფორმას, ასევე საინვესტიციო მიმართულებასაც. რაც შეეხება ზოგიერთი ბენეფიციარის დაფინანსების მიზანშეწონილობას, რაც ქართული მედიის ნაწილის მეშვეობით გავიდა, იყო არასწორი და სანწუხაროდ წმინდა წყლის ინსიუნაციებზე აგებული. ყველა პროგრამა და ბენეფიციარი, საბანკო სექტორის მონაწილეობით დაფინანსებულია თანაბარი პირობებით, სადაც სეხებს გასცემენ კომერციული ბანკები, ხოლო სახელმწიფო ახდენს სესხების 10 %-ის სუბსიდირებას.


მთლიანად პროგრამის ფარგლებში 2018 წლის პირველ ნახევრისთვის დამტკიცებული იყო 372 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 900 მლნ ლარზე მეტია, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა კი 470 მლნ ლარს აჭარბებს. სულ, მარტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელების შედეგად, ჩვენ სავარაუდოდო 15 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს მივიღებთ. მარტო მიკროგრანტების პროგრამით 8500 ბიზნესსუბიექტია დაფინანსებული, ძირითადად რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნია ეკონომიკური აქტივობის რეგიონებში გადატანის თვალსაზრისით. დაფინანსებული გრანტების 80 % წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, მაშინ როდესაც ავსტრიაში ანალოგიური  პროგრამით დაფინასებული მეწარმეების ფუნქციონირების მაჩვენებელი 60 %-ს შეადგენს.


როგორც აღვნიშნეთ, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 900 მლნ ლარზე მეტია, რაც მშპ-ის 2.5%-ს, ხოლო საკრედიტო პორტფელში ბიზნეს  დაკრედიტების მოცულობის  5 %-ს შეადგენს. ეს არ არის მცირე ციფრები, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში წმინდა ინვესტიციების მთლიანი მოცულობა მშპ-ის 10-12%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგადად ბიზნესდაკრედიტების შენელება ისედაც სახეზე იყო და რომ არა ეს პროგრამები, დიდი ალბათობით ბიზნესდაკრედიტების შემცირება არსებულზე  კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა, ხოლო წლის პირველ ნახევარში საეჭვოა ეკონომიკის  7.5 %-იანი ზრდა გვქონოდა. ნიშანდობლივია, რომ 2017 წელს  მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო დეფიციტი 12,8%–დან 8,7%–მდე შემცირდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებაში გასული წლის ბოლოს პირველად ჩამოცდა 50%-ს და 48%-ის ფარგლებში დაფიქსირდა.


ამ თვალსაზრისით, ძალზე საინტერესო იქნება დაფინანსებული პროექტების ეკონომიკაზე ზემოქმედების დეტალური ანალიზიც, რის გამოქვეყნებასაც „აწარმოე საქართველოში“ წლის ბოლოს აპირებს.


დღეს ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინვესტიცია რეინდუსტრიალიზაციის ხელშესაწყობად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, დაფინანსებული საწარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზეა ორიენტირებული. ეს ფაქტორი არა მხოლოდ ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ამცირებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით არის ძალზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მათი საექსპორტო ორიენტაციიდან გამომდინარე, ამ საწარმოებში შემოდის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც დამატებით ღირებულებასთან ერთად, ქმნის მაღალტექნოლოგიურ ქართულ პროდუქტს, მუშახელის გაზრდილ კვალიფიკაციას და გაზრდილ შემოსავლებს თავი რომ დავანებოთ.


მიგვაჩნია, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა გააგრძელოს ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაციის სტრატეგია, ბიზნესდაკრედიტების ისეთი მოდელების მხარდაჭერა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ბანკების აქტიური ჩართულობით, ეკონომიკური ზრდის პროცესში, ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და დასაქმებაზე, რათა გახდეს ინკლუზიური ზრდის შემადგენელი ნაწილი.


ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაციის თვალსაზრისით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო", რომელიც 2016 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნესწინადადება აქვს და მისი განხორციელებისთვის საწყისი დაფინანსება სჭირდება. „სტარტაპ საქართველოსგან" თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე, მას აქვს როგორც ინოვაციური, ასევე მაღალტექნოლოგიური კომპონენტი (ხელოვნური ინტელექტი, ნანო ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, რობოტიკა და ა.შ), ხოლო განმცხადებლის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის სულ მცირე 10%–ს.


მართალია, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან 11 მილიონი ლარი გამოიყო, მაგრამ ბიუჯეტი, სასურველია თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, სულ მცირე, 50 მილიონ ლარამდე მაინც. მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში 91 გამარჯვებული პროექტია გამოვლენილი. 71 ინოვაციური პროექტიდან, 42 იდეა უკვე სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდა.


-ექსპერტების აზრით  არსებული სტანდარტული დაკრედიტების მოდელები დროს ვეღარ პასუხობს, რადგან იგი კონსერვატულ მიდგომაზე -უძრავი ქონების ღირებულებაზეა რეალურად მიბმული და ნაკლებად ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებზე. ეს თანაბრად ეხება როგორც დამწყები ბიზნესის, ისე მოქმედი ბიზნესის დაკრედიტებას?


გიორგი ცუცქირიძე:  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადრე, კრედიტუნარიანობას უკავშირებდნენ უძრავ კაპიტალს და ვალის დაბრუნების გარანტად სახსრების უძრავი ქონების ღირებულება ითვლებოდა, დღეს უკვე საწინააღმდეგო მოსაზრება დომინირებს. კრედიტუნარიანობის საფუძვლად მიიჩნევა არა მსესხებლის ქონება, არამედ მსესხებლის შესაძლებლობა - გამოიმუშაოს სახსრები სესხის დასაფარავად ფონდების ნორმალური დაბანდების გზით. ეს არის ევროპული მიდგომა. ბუნებრივია, უძრავი თუ მოძრავი ქონება დღესაც მონაწილეობს დაკრედიტების პროცესში, როგორც რისკების დაზღვევის ინსტრუმენტი. ზოგადად კი დღეს არსებული მიდგომების თანახმად კრედიტუნარიანობა იზომება იმ პირობებით და გარანტიებით, მათ შორის გირაოს გამოყენებით, რომ კაპიტალი დაბრუნდება და არ გაუფასურდება.


მართალია, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები მიმართავენ ბიზნეს დაკრედიტებებს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას იქნება ეს საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ძირითადი საშუალებების დაფინანსება, ვაჭრობის დაფინანსება თუ სტატაპების დაფინანსება, კლიენტებს სთავაზობენ საკრედიტო ხაზებსაც, ბოლო წლებში გაზრდილია დაკრედიტების ვადიანობაც 5 წლამდე, ხოლო საშეღავათო პერიოდი 3 თვიდან 12 თვემდე და რაც მთავარია შემცირებულია საპროცენტო განაკვეთები, მთავარი პრობლემა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნეს სესხები გაიცემა მხოლოდ ლიკვიდური ქონების უზრუნველყოფის ქვეშ, ძირითადად  კომპანიის ან მესამე პირის უძრავი ქონების და მსესხებელი კომპანიის მენეჯერებისა და დამფუძნებლების პირადი ქონების სახით (უგირავნო კრედიტის მაქსიმალური თანხა მხოლოდ 30 ათას ლარამდეა), ხოლო დაფარვის გრაფიკი ნაკლებ ითვალისწინებს არათანაბარი გადახდის პრინციპს, მათ შორის არარევოლვირებადი დაფარვის ფორმას  საკრედიტო ხაზების შემთხვევაში. მაშინ როდესაც ევროპული ბანკები სულ  უფრო აქტიურად მიმართავენ არარევოლვირებადი დაკრედიტეის ფორმებს როგორც ბიზნეს სესხების, ასევე გრძელვადიანი ოჯახური იპოთეკის დროსაც, რითაც ამსუბუქებენ რა მსესხებლის საპროცენტო ტვირთს, ისედაც დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთებისას ზრდიან ხელმისაწდომობას საკრედიტო რესურსებზე.


საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის შეფასების და საგარანტიო მექანიზმების სიმცირის პრობლემა ჩვენთან ნამდვილად მწვავედ დგას. შემთხვევითი არ არის ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ზრდის დინამიკაც. 2015 წელთან შედარებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობა გაზრდილია 229 მლნ ლარიდან 374 მლნ ლარამდე ანუ 63 %-ით, ხოლო დასაკუთრებული ქონების მოცულობა 142 მლნ ლარიდან 209 მლნ ლარამდე ანუ 67 მლნ ლარით (47%-ით) არის გაზრდილი.


მიმაჩნია, რომ ბანკებს ნამდვილად სჭირდებათ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნესთან ურთიერთობაში, ციფრული ბანკინგის ახალი ბიზნესმოდელების და ბიზნესბანკირის ინსტიტუტის ფართო დანერგვით. ბანკი უნდა გახდეს მეწარმის პარტნიორი ფინნსური მრჩევლისა და კონსულტანტის სახით. ნიშანდობლივია, რომ  ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების თანახმად, მცირე ბიზნესის ზრდის ტემპი საშუალოდ 3-ჯერ მაღალია, თუ ორგანიზაცია ციფრული ტექნოლოგიებით ხელმძღვანელობს. მაღალი კონკურენციიდან და კაპიტალის სიმცირიდან გამომდინარე, მცირე ან საშუალო ზომის კომპანია, რომელსაც სურს ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების სტიმულირება ან ზოგადად, კომპანიის პოზიციონირება, დგება არჩევანის წინაშე –გამოიყენოს ტრადიციული, ძვირად ღირებული მედიასაშუალებები თუ უპირატესობა მიანიჭოს ინტერნეტ კომუნიკაციებს, დახარჯონ მინიმალური რესურსი და უწყვეტ რეჟიმში აკონტროლოს რა მომხმარებლის აზრი მისი კომპანიის შესახებ, პრაქტიულად მარკეტინგული კვლევისა და გაყიდვების პლათტორმაზე გადაერთონ. 


სხვა სიახლეები